top of page

ხარატიშვილმა ფედრა თავისსავე ცეცხლში დაწვა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

Screenshot_2024-08-26_160558_66cc700685326.jpg

ანი ცერცვაძე

ხარატიშვილმა ფედრა თავისსავე ცეცხლში დაწვა

სათეატრო ხელოვნებაში ხშირად საუბრობენ ქალებზე, რომელთა ცხოვრება გარემოს შეეწირა და ამ უკანასკნელის მსხვერპლად იქცა. სამეფო უბნის თეატრში ნინო ხარატიშვილი წარმოგვიდგენს დრამას „ფედრა ცეცხლის ალში“ (რომლის ავტორიც თავადაა) და შემდეგი სამსახიობო შემადგენლობით: ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული/ბაია დვალიშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნატუკა კახიძე, ანანო მახარაძე, გაგა შიშინაშვილი.

პიესა გვიამბობს ამბავს ფედრაზე, ათენის ხელმწიფის თეზევსის ცოლზე, რომელიც სასახლითა და ქმრის ავტორიტეტით შეპყრობილ ჩარჩოშია მოქცეული, სადაც მისი, როგორც ქალის მნიშვნელობა ყოველდღე უფრო და უფრო იკარგება, შინაარს დალეული ფედრა კი რუდუნებით მიუყვება მეუღლის ცხოვრებას. რა დროსაც, პერსეასის (ანანო მახარაძე) გამოჩენა პროტაგონისტი ქალის ყოფას თავდაყირა დააყენებს. სურვილები, ოცნებები თუ მიზნები ერთსახოვანმა ყოვედღიურობამ მიუვალი გახადა, მაგრამ ახლა ფედრას შინაგანი ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმის და მან საკუთარი ღრმად მივიწყებული სურვილების გახსენება დაიწყო, რომელიც რეალურად არც არასდროს დავიწყებია, უბრალოდ იმხელა ჩრდილი ერტყა გარს, რომ თანდათან გაუფერულდა.

ზოგადად თეატრის და კარგი სპექტაკლის უცვლელი პირობაა, რომ მსახიობმა თავისი პერსონაჟის ცხოვრება მაქსიმალურად უნდა მოირგოს, გაიშინაარსოს, საკუთარ ისტორიად აქციოს, რადგან მაყურებლისთვის ამბავი არ გახდეს პათეტიკური და არაბუნებრივი. არტისტი მისი გმირის ამბავზე კი არ უნდა გვესაუბრებოდეს, არამედ თვითონ უნდა იქცეს ამ უკანასკნელად და ეს ორი ერთმანეთისგან გამოყოფილი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ სპექტაკლის ყურებისას გამიჩნდა განცდა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა იმ დღეს, იმ დარბაზში, იმ მსახიობების შემყურე დაიკარგა და თითქოს ეს დასი ინტუიციურად მუშაობდა მაყურებლისთვის სცენაზე.

 არ ვიცი რეჟისორმა ნატა მურვანიძის გმირში რა ვნებათა ღელვა გააცოცხლა ასე დაჟინებით რომ ეცა და ეამბორა თავის რძალს-პერსეასს, მაგრამ ეს ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში ძალიან ხელოვნურად ჩაიბეჭდა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, ქართული თეატრის სცენაზე, რეჟისორები ხშირად საზოგადოებასთან, სტერეოტიპებთან, მიდგომებთან და ბრბოში არსებულ მორალთან დასაპირისპირებლად, რა პრობლემასაც არ უნდა ეხმიანებოდეს სიუჟეტი, ხშირად უპირისპირებენ ჰომოსექსუალ წყვილებს და სასტიკ ჰომოფობიას (რაზეც ცხადია უნდა ვისაუბროთ, თუმცა სიუჟეტის ლოგიკურად აგება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მიზანი არ გაუფასურდეს), როდესაც რეალურად ფაბულის სამიზნე შეიძლება სულაც არ იყოს, კონკრეტულ მოცემულობაში საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის, რომელიც, სამწუხაროდ, ღრმადაა გავრცელებული, დაგმობა.

გაგა შიშინაშვილის პერსონაჟი მთელი სპექტაკლის განმაბლობაში პლედ შემოხვეული დაუყვება სცენას, რაც, როგორც მიხვდით, მისი სამეფო ავტორიტეტის ერთ-ერთი განსახიერებაა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ცოლ-ქმრის სარეცელად გადაიქცევა და უწინ თუ მეფეს მხრებზე ეფინა, როგორც მოსასხამი ახლა სცენაზე საწოლის ვარიაციას ქმნის. აქვე, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის საერთო სურათს ძალიან აცდენილი იყო ცისფერი საგებელი, რომელითაც აუზი წარმოგვიდგინეს, სადაც მსახიობების „ცურვა“ უწყლოდ დარჩენილი ადამიანების ფართხალს უფრო ჰგავდა, ვიდრე საცურაო აუზსს.

სამეფო უბნის თეატრი ბობოლა ავტორიტეტით დაიკვეხნის მაყურებლებში, რამეთუ მუდმივად გამოირჩევა სრული ანშლაგითა და სანახაობის მიწურულს მხურვალე ოვაციებით. ამ სპექტაკლის ნახვამდე კარგის მეტი არაფერი მსმენია, თუმცა წარმოდგენის დასასრულს, ვაგლახათ ღვთისა, ჩემი გაწბილება ცას სწვდებოდა. ვფიქრობ, ხარატიშვილის ამბის დრამატურგიული ქარგა ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებს ეხმიანება, თუმცაღა ჩემთვის მეტნაკლებად საინტერესო გახდა სპექტაკლი ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე.

bottom of page