ხარმსის აბსურდი ილიაუნის თეატრში
მაკა ვასაძე
ხარმსის აბსურდი ილიაუნის თეატრში
ილიაუნის თეატრი კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მაყურებელს _ სპექტაკლის დაწყებამდე ჯაზური მუსიკის საღამოებს. სრულიად შემთხვევით მეც მოვხვდი ასეთ საღამოზე, როდესაც თეატრში ოთარ ეგაძის მიერ დადგმული `ხარმსის~ სანახავად მივედი. ჯაზის მოყვარულებს ვურჩევ _ ესტუმრონ ილიაუნის თეატრს, მოუსმინონ კარგ მუსიკას და შემდგომ, თუ სურვილი ექნებათ, თეატრალური წარმოდგენა იხილონ.
`ხარმსი~ დაახლოებით ორი წლის წინ დაიდგა. 2011 წელს `თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე~ იყო წარდგენილი და უცხოურ პრესაში საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. სამწუხაროდ, მე `ხარმსი~ არ მქონდა ნანახი, მხოლოდ ამ რამდენიმე ხნის წინ დავესწარი სპექტაკლს პირველად და მაშინვე გამიჩნდა სურვილი დამეწერა ოთარ ეგაძის ორიგინალური დადგმის შესახებ.
რეჟისორის კონცეფციით სპექტაკლი ილიაუნის თეატრის ფოიეში თამაშდება. თეატრში მისულს გხვდებიან ნაცნობები _ ესალმები, ესაუბრები მათ. ამჩნევ იმასაც, რომ აქვე ფოიეში სკამების განლაგებით ერთგვარი `ამფითეატრის~ მსგავსი ნახევარწრეა გაკეთებული. ახლოვდება სპექტაკლის დაწყების დრო, ოთარ ეგაძე მიმართავს თეატრში მისულ საზოგადოებას, რომ დასხდნენ ფოიეში განლაგებულ სკამებზე, დაიკავონ თავიანთი ადგილები, რაშიც მათ თეატრის მომსახურე პერსონალი ეხმარება.
_ თქვენ თუ გგონიათ, რომ სპექტაკლის სანახავად მოხვედით, შემცდარხართ, ვინაიდან ეს არ არის სპექტაკლი... ასე მიმართავს ოთარ ეგაძე საზოგადოებას. რეჟისორს სანახაობის ე. წ. `კონფერანსიეს~, წარმმართველის ფუნქცია აქვს აღებული. დანიელ ხარმსის (დანიელ იუვაჩევის) ტექსტზე ირაკლი სოლომონაშვილთან ერთად მუშაობისას, რეჟისორი მიხვდა, რომ ხარმსის ტექსტის გადმოქართულება და მისთვის სპექტაკლის (კლასიკური გაგებით) ფორმის მიცემა შეუძლებელი იქნებოდა. დიდხანს `იმტვრიეს~ თავი დრამატურგმა და რეჟისორმა, პირველ რიგში თარგმანზე, შემდეგ კონცეფციაზე. იდეა ფორმისა მოულოდნელად გაჩნდა. `ხარმსზე~ მუშაობის დაწყებამდე, რამდენიმე წლით ადრე, ისინი `მედეას~ დასადგმელად მიიწვიეს გერმანის ერთ-ერთ ქალაქში. სულ რაღაც ერთი კვირის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, ე. წ. ტექსტზე მუშაობის `სამაგიდო~ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც თეატრის მენეჯერმა რეჟისორს განუცხადა, რომ იმ საღამოს გაიმართებოდა პრეზენტაცია. ოთარ ეგაძე თავიდან ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე. ეგონა, თეატრს რაღაც პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი `სამაგიდო~ რეპეტიციაზე თავიანთ ახლობლებს _ მეგობრებს, ნათესავებს, გულშემატკივრებს ეპატიჟებოდნენ. _ კი, მაგრამ ჯერ თითქმის არაფერი გვაქვს გაკეთებული, მხოლოდ ტექსტს ვამუშავებთ ჯერ-ჯერობით _ წინააღმდეგობის გაწევა სცადა რეჟისორმა. _ სწორედ ეს გვინდა, რომ დასაწყისიდანვე ჩაერთოს მაყურებელი მუშაობის პროცესში. შეიძლება საქმიანი რჩევაც მოგვცენ, გარდა ამისა, ისინი სპექტაკლის გულშემატკივრები გახდებიან და ეს წარმოდგენის პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარებაო. _ უპასუხეს ოთარ ეგაძეს. ყოველი კვირის ბოლოს, მაყურებლები მოდიოდნენ თეატრში და უკვე გაკეთებულ სამუშაოს აფასებდნენ, იძლეოდნენ რჩევებს. მოკლედ, აქტიურად იყვნენ ჩართულები სპექტაკლის შექმნის პროცესში. დანიელ ხარმსის ტექსტზე მუშაობისას, რეჟისორსა და დრამატურგს, სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარა სპექტაკლის ფორმის მოძებნაში _ მასალის ე. წ. `კითხვა~ მსახიობთა მიერ სახეებში გათამაშებული. იმავდროულად რეჟისორი და მსახიობები ცდილობენ მაყურებელი ჩართონ ქმედებაში.
ოთარ ეგაძემ და ირაკლი სოლომონაშვილმა მწერლის რამდენიმე ნოველა აიღეს, გადმოაქართულეს და პატარ-პატარა სცენებად შეკრეს. პრინციპი, რითაც იხელმძღვანელეს სპექტაკლის შემქმნელებმა, მდგომარეობს იმაში, რომ ქართველ მაყურებელს შეძლებისდაგვარად გააცნონ დანიილ ხარმსი (იუვაჩევი), როგორც ადამიანი და შემოქმედი. ვფიქრობ, ჩანაფიქრს წარმატებულად გაართვეს თავი. მე ხარმსის ნაწარმოებები წაკითხული არ მქონდა. სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმდენად დამაინტერესა ხარმსის შემოქმედებამ, რომ სახლში მისვლისთანავე ინტერნეტში მოვძებნე და კითხვას შევუდექი. ოთარ ეგაძის წყალობით კიდევ ერთი საინტერესო მწერლის შემოქმედებას გავეცანი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
დანიილ ივანოვიჩ იუვაჩევმა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, აიღო ფსევდონიმი _ ხარმსი, რომელსაც ცვლიდა ხოლმე: ხარმსი, ხორმსი, ჩარმსი, ხაარმსი, შარდამი, ხარმს-დანდანი და ა.შ.. მწერალი თვლიდა, რომ უცვლელი სახელი უბედურების მომტანია. XX საუკუნის 70-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის მასშტაბით დანიილ ხარმსის მხოლოდ ბავშვებისთვის დაწერილი ნაწარმოებები იყო გამოქვეყნებული. მწერალს ერთობ ტრაგიკული ბიოგრაფია აქვს. საბჭოთა რუსეთში სამჯერ დააპატიმრეს: 1931 წ., 1937 წ., 1941 წ. დაპატიმრება და ომისდროინდელი ლენინგრადის ბლოკადის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამწესება, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, იგი 1942 წ. შიმშილისგან გარდაიცვალა. შიმშილობა არც მანამდე აკლდა დანიილ იუვაჩევს, რადგან მის ნაწერებს არ ბეჭდავდნენ და შესაბამისად შემოსავალიც არ ჰქონდა. 1937 წლამდე მხოლოდ ბავშვებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს აქვეყნებდნენ. საბავშვო ნაწარმოებებს იგი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ამ ლიტერატურას ქმნიდა მხოლოდ იმისათვის, რომ არსებობა შესძლებოდა. 1937 წლდან კი, საყმაწვილო ჟურნალში `სახლიდან გამოვიდა კაცი კომბლითა და ტომრით~ («Из дома вышел человек с дубинкой и мешком») ლექსის გამოქვეყნების შემდეგ, მისი ბეჭდვა საერთოდ აიკრძალა, რის გამოც, წლების განმავლობაში შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა.
XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოსთვის აღმოჩენა იყო დანიილ ხარმსის ნაწარმოებები. პირველად, სწორედ მაშინ იწყება მისი მოთხრობების, ნოველების, ლექსების, სტატიების, სცენების თუ პატარა ფორმატის პიესების, დღიურის ჩანაწერების გამოქვეყნება. ამ პერიოდამდე, თუკი აბსურდის მამამთავრებად ეჟენ იონესკო და სამუელ ბეკეტი ითვლებოდნენ, ხარმსის ნოველების, ჩანახატების, პიესების: `ელიზავეტა ბამი~ («Елизавета Бам»1927) და `ნაძვის ხე ივანოვებთან~ («Ёлка у Ивановых»1939) წაკითხვის შემდგომ, გაირკვა, რომ ლიტერატურული მიმდინარეობების ეს თანამედროვე, პოპულარული განშტოება, იონესკოსა და ბეკეტზე ბევრად უფრო ადრე ხარმსთან უკვე არსებობდა. ხარმსი მწერალი _ ორიგინალურია, მისი ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოებები მანამდე არსებულს არ ჰგავს. დანიილ იუვაჩევ-ხარმსის დღიურში ასეთი ჩანაწერია: `მე მინდა ცხოვრებაში ისეთივე ვიყო, როგორიც ლობაჩევსკი გეომეტრიაში~ (1937).
წარმოდგენას, როგორც უკვე აღვნიშნე, რეჟისორი _ წამყვანი იწყებს. იგი მაყურებელს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის. ფორმაზე საუბრის შემდეგ ყვება, თუ ვინ იყო დანიილ იუვაჩევ-ხარმსი, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მცირე ინფორმაციას მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდანაც გვაწვდის, მაგალითად, იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ ხარმსმა მეგობრებთან ერთად დააარსა მემარცხენე, ავანგარდისტ ლიტერატორთა და მხატვართა გაერთიანება `ობერიუ~ (ОбЭРИУ Объединение реального искусства 1928). მას შემდეგ მათ ობერიუტუსებად მოიხსენიებდნენ ხოლმე, ხოლო პირველი სერიოზული აქცია-განაცხადი 1928 წელს გამართული საღამო `მემარცხენეთა სამი საათი~ («Три левых часа») იყო... თხრობის პროცესში ოთარ ეგაძე მსახიობებს მოუხმობს: რა გინდათ, რატომ მაწვალებთ, მოდით და ახლა თქვენ გააგრძელეთო. სპექტაკლის დეკორაცია, მხოლოდ და მხოლოდ, ფოიეში ნახევარწრის შიგნით განლაგებული სამი მაგიდა და სკამებია. კულისებიდან მსახიობები: დავით გოცირიძე, დათო ველიჯანაშვილი, დათო გიგოლაშვილი, მაკა ძაგანია, თამთა ცინცაძე და სოფო გვრიტიშვილი შემოდიან. მათი კოსტიუმები, არაფრით გამოირჩევა მაყურებლის შესამოსლისაგან, ისინი თანამედროვე, სამაგიდო რეპეტიციებისათვის შესაბამისი `ყოველდღიური სამუშაო~ ტანსაცმლით _ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ყველას რაღაც უჭირავს, ზოგს ფურცლები, ზოგს სათვალე, ზოგს სტეტოსკოპი, ზოგს კი დიდი წითელი ოყნა. მსახიობები ფოიეში განლაგებულ მაგიდებს მიუსხდებიან, იწყებენ ტექსტის კითხავს და გათამაშებას. წარმოდგენა საათზე ცოტა მეტხანს მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ეს ექვსი ადამიანი სპექტაკლის წამყვან-რეჟისორთან ერთად დანიილ ხარმსის რამდენიმე ნოველას თუ სცენას გაითამაშებენ. ესენია: `ავტობიოგრაფიულ ჩანახატი~, `ინკუბატორული პერიოდი~, `რეაბილიტაცია~, `ლექცია~, `კავშირი~, `როგორ ავრიე ერთი კომპანია~, `დილა~, `განიარაღებული, ანუ წარუმატებელი სიყვარული~, `ყოფითი სცენები~, `პიესა კაცებისა და ქალებისათვის~, `სიყვარულის ახსნა~, `მათემატიკოსი და ანდრეი სემიონიჩი~, `უკვდავების შესახებ~ და რამდენიმე უსათაურო ვოდევილი თუ სცენა. რეჟისორმა ეს პატარ-პატარა ჩანახატები იმგვარად შეკრა, რომ ყოველი მათგანის გამაერთიანებელი ხაზი წამოსწია წინა პლანზე. კერძოდ კი, ოთარ ეგაძის კონცეფციაში ჩადებულია დანიილ იუვაჩევ-ხარმსის შემოქმედებითი პორტრეტის შექმნა. ვფიქრობ, დამდგმელმა კოლექტივმა ჩანაფიქრის განხორციელებას წარმატებულად გაართვა თავი. მაყურებლის თვალწინ იქმნება რეჟისორის მიერ დანახული და მსახიობთა მიერ ხორცშესხმული ხარმსის პერსონაჟი. იმავდროულად, ცდილობენ შექმნის პროცესში მაყურებელიც აქტიურად ჩართონ. რეჟისორმა ერთმანეთში გადახლართა: რეალობა, ილუზია, ფანტასმაგორია, ჯამბაზური ტრიუკები, ექსცენტრიკა, სევდა, იუმორი. ეს ყველაფერი კი, მთლიან, ცოცხალ, ქმედით სანახაობას ქმნის. მსახიობები განასახიერებენ: ხარმსს, ხარმსის მამას, დედას, შეყვარებულს, ხარმსის ნაწარმოებთა პერსონაჟებს. გარდასხვა სხვადასხვა სახეში, იქვე, მაყურებლის თვალწინ ხდება. ეპიზოდებში ხან ექვსივე მსახიობია ჩართული, ხან სამი ან ოთხი, ხან ორი, ხან კი სულაც ერთი მსახიობი მონაწილეობს. შიგადაშიგ სპექტაკლის წამყვანი-რეჟისორიც ერთვება მსვლელობაში, რათა გარკვეული კომენტარები, განმარტებები გააკეთოს მაყურებელთან უშუალო კონტაქტის დასამყარებლად. რეალურისა და ფანტასმაგორიულის შერწყმას მსახიობთა თამაშის გარდა ხელს უწყობს განათება, ზუსტად შერჩეული მუსიკალური გაფორმება, ხმაურები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება. მაგალითად, მთელს ფოიეში საპნის ბუშტების გაშვება, ანდა, ფინალში შუშებს მიღმა თოვლის იმიტაციის შექმნა და ა.შ..
დავით გოცირიძის ხარმსი _ სევდიანი, ნატიფი იუმორის მქონე, ჯიუტი, რაღაც მომენტებში მელანქოლიურია. გოცირიძე _ ხარმსის დასახასიათებლად, თავად ხარმსის ჩანაწერს მოვიყვან: `მე მაინტერესებს მხოლოდ `სისულელე~; მხოლოდ ის, რასაც არა აქვს არავითარი პრაქტიკული გაგება. ცხოვრება მაინტერესებს მხოლოდ მის აბსურდულ გამოხატულებაში. გმირობა, პათოსი, მორალი, ჰიგიენურობა, ზნეობრიობა, აზარტულობა _ ჩემთვის საძულველი სიტყვები და გრძნობებია. მაგრამ, მე, სავსებით მესმის და პატივს ვცემ აღფრთოვანებას და აღტაცებას, შთაგონებას და სასოწარკვეთას, ვნებას და თავშეკავებას, აღვირახსნილობას და ქალწულობას, სევდას და მწუხარებას, სიხარულს და სიცილს~ (1937 წ. 31 ოქტომბერი). სწორედ ასეთი ხარმსი წარმოაჩინეს სპექტაკლის შემქმნელებმა.
დათო გიგოლაშვილი ხარმსის ოდიოზური მამის ტიპაჟს ქმნის. ისტორიული ფაქტია, რომ თავის დროზე ხალხოსან ივან იუვაჩევს, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის სიკვდილი მიუსაჯეს, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. გადასახლებაში ხარმსის დედაც გაჰყოლია. შემდეგ ივანე შეიწყალეს და საცხოვრებლად პეტერბურგში დასახლდნენ. ერთდროს რევოლუციური იდეებით გატაცებული ხარმსის მამა ერთობ რელიგიური გამხდარა და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. სპექტაკლის ქმედითი ნაწილი, სწორედ ხარმსის აბსურდული იუმორით აღსავსე ავტობიოგრაფიული ჩანახატის გათამაშებით იწყება. მამამისის ხასიათის გადმოსაცემად გენიალური ორი დეტალი აქვს მწერალს აღწერილი. ერთი, თავისი ჩასახვის ამბავი, რომელიც 1 აპრილს დაუკავშირა (დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია). მეორე, სამჯერ დაბადების აბსურდული ამბავი. მამას აჩემებული ჰქონდა, რომ ბავშვი 1 იანვარს უნდა გაჩენილიყო, ამიტომ ქვეყნიერებას დროზე ადრე მოვლენილი ხარმსი, მამის ახირებულობის გამო, იარაღის მუქარით შეშინებულ ექიმებს უნდოდათ, რომ დედის საშოში შეებრუნებინათ, შეეშალათ და საშოს მაგიერ, უკანა ტანში შეაბრუნეს. დედა ახალგაჩენილი პირმშოს ნახვას ითხოვდა. ინგლისური მარილის მიღების შემდეგ მეორედ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ მამამ უდღეური ბავშვი ინკუბატორში ჩაასმევინა, იქიდან კი 1 იანვარს, დროულად გაჩენის თარიღის დადგომისას ამოაყვანინა. ოთარ ეგაძემ კომპაქტურად, სხარტად შეკრა და გადმოსცა ეს ეპიზოდი. ხარმსის აბსურდული იუმორი რეჟისორმა მხოლოდ რამდენიმე სიტუაციის მიმანიშნებელი საგნის, მაგალითად დიდი წითელი ოყნის და მსახიობების დახვეწილი, რეალურობის, აბსურდულობის, ფანტასმაგორიის ზღვარზე თამაშის მეშვეობით გადმოსცა.
იუმორითა და ორიგინალურობით გამოირჩევა `ჭორიკნების~ ეპოზოდი სოფო გვრიტიშვილის და თამთა ცინცაძის მონაწილეობით. ხარმსის უსათაურო პატარა სცენა-ჩანახატის განხორციელებისას რეჟისორს თითქმის არა აქვს გამოყენებული ვერბალური ნაწილი, ამ ეპიზოდში, მსახიობები თამაშით _ პლასტიკით, მიმიკით გადმოსცემენ ხარმსის ნაწარმოების განწყობას.
რომანტიკულობის ელფერი გასდევს ე. წ. `სასიყვარულო~ ეპიზოდებს, თუმცა აქაც უხვადაა აბსურდული სიტუაციები. რეჟისორმა ესეც ავტორის ბუნებიდან გამომდინარე გააკეთა. დავით გოცირიძე, დათო ველიჯანაშვილი, მაკა გაგნიძე, სოფო გვრიტიშვილი, თამთა ცინცაძე, დათო გიგოლაშვილი ერთმანეთში ხლართავენ რომანტიკულ, კომიკურ, ზოგჯერ კი გაშარჟებულ სიტუაციებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების ამსახველ სხვადასხვა ეპიზოდში. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება მოვიყვანო დავით გოცირიძის და მაკა გაგნიძის შეყვარებულთა დუეტი ეპიზოდში _ `სიყვარულის ახსნა~. ხარმსის სულ რაღაც ნახევარ გვერდზე დაწერილი სცენა, სახეობრივად გადმოსცემს ორი გაუბედავი, საკუთარ თავსა თუ გრძნობებში დაეჭვებული ახალგაზრდას განცდებს. რეჟისორმა დავით გოცირიძის და მაკა გაგნიძის პერსონაჟები ერთმანეთისკენ ნახევრად ზურგით შებრუნებულები დასვა სკამებზე. დავით გოცირიძე მობუზული, შეცბუნებული, დამორცხვებული წარმოთქვამს თავის ტექსტს. მაკა გაგნიძის გმირიც შეცბუნებულია, მაგრამ როგორც ქალი უფრო _ თამამი. აკი შიგადაშიგ ქვედა კაბას უფრო ზევით იწევს ხოლმე, რათა თავისი ლამაზი ფეხები უკეთ დაანახოს სიყვარულის ობიექტს და ამით სითამამისკენ უბიძგოს. შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცის რომანტიკულ ოცნებას ქალზე რეჟისორი ვიზუალურად გამოხატავს: ტექნიკური საშუალების გამოყენებით მაკა გაგნიძის პერსონაჟი ფრენას იწყებს, `პეპელასავით~ გარს ევლება შეყვარებულს, რაღაც მომენტში მხარზეც კი დაასკუპდება.
აბსურდისა და სიურეალიზმის ზღვარზეა გაკეთებული ეპიზოდია `მათემატიკოსი და ანდრეი სემიონიჩი~ და `უკვდავებასთან მიახლოება~. ხარმსი მწერალი ხშირად აიგივებდა საკუთარ თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან. დავით გოცირიძის მიერ განსახიერებული სხვადასხვა პერსონაჟსაც ერთი ხაზი აერთიანებს _ მწერლის შინაგანი ბუნების გადმოცემა.
`კავშირი~ ასე ეწოდება დანიილ ხარმსის ნაწარმოებს, რომლითაც ოთარ ეგაძე ამთავრებს სპექტაკლს. აქ, მწერალს, აბსურდული სიტუაციების კასკადი აქვს გადმოცემული კომპაქტურ ფორმაში. ეს გახლავთ ე. წ. ფილოსოფოსის პასუხი არარსებულ წერილზე, რაც დანომრილ პუნქტებად არის ჩამოყალიბებული. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან, ჩემ მიერ თარგმნილ, ნაწარმოების დასაწყისის მცირე მონაკვეთს.
`ფილოსოფოსი!
1. გწერთ პასუხად წერილს, ჩემს წერილზე, რომელზედაც თქვენ აპირებთ პასუხის მოწერას...
2. ერთმა მევიოლინემ იყიდა თავისთვის მაგნიტი და სახლში მიჰქონდა. გზად ხულიგნები დაესხნენ თავს და ქუდი წააძვრეს. ქარმა აიტაცა ქუდი და გზის გასწვრივ გააქროლა~... და. ა.შ..
ეს, სულ რაღაც გვერდნახევრიანი, დაუსრულებელი, აბსურდული ცნობიერების მოზღვავება, რომელშიაც გადახლართულია `შემთხვევითობის~ გამო ერთმანეთისაგან გამომდინარე ამბები და ამბებში მონაწილე პერსონაჟები, სრულდება იმით, რომ ერთ ტრამვაიში თავს მოიყრიან მევიოლინე, ერთ-ერთი ხულიგნის შვილი და ტრამვაის ის კონდუქტორი, რომელიც ახლა ვატმანი გამხდარა. რეჟისორმა და მსახიობებმა ზუსტად მიაგნეს სახეობრივად ამ სიტუაციების გადმოცემის ხერხს _ სიტყვიერი მასალის გადმოცემასთან ერთად, სიტყვის პლასტიკური გამოხატვის მეთოდს.