ხედი სასტუმრო „საქართველოდან“ პანორამით საქართველოზე
ხედი სასტუმრო „საქართველოდან“ პანორამით საქართველოზე
ლელა ოჩიაური
აქ მუდამ ისმის წვიმის ყრუ ხმა. წყალი ჭერიდან წვეთავს, წყლის ნაკადი იატაკზე დაწყობილ ტაშტებს სწრაფად ავსებს და ცივა. ალბათ ზამთარია. შეიძლება კართან მომდგარი შემოდგომა. ავეჯიც არაა. მხოლოდ ერთი სკამი, ჩემოდნები, ჩანთები (თითქოს მუდამ მზად არიან გასამგზავრებლად, თითქოს მგზავრები, გზაში არიან) და პლედები (რომლებშიც უნდა გაეხვიონ, გასათბობად, და იქნებ, თავის დასაცავადაც). აქ არც გათბობაა (არ „თბილა“). არც შუქია. არც დერეფანი, სადაც შეიძლება, შინდაბრუნებულმა, სველი პალტო და ფეხსაცმელები დატოვო. არც სიმყუდროვე. არც სიხარული. არც სიმშვიდე. „მშვიდობა“ ომის - სახლის დატოვებისა და განშორების შემდეგ. დანაკარგებითა და ტკივილებით, წყენით, უსამართლობის განცდითა და „დროებითობის“ არამყუდრო შეგრძნებით, ფაქტობრივად, მხოლოდ წარსულით, თითქოს ნესტითა და სევდით გაჟღენთილი ცხოვრება. სანთლები ტორტზეც და სასტუმრო „საქართველოს“ (ერთ დროს, პარტიული თანამდებობის პირებისთვის, საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, ფეშენებელური სასტუმროს) პატარა ნომრის (რომელსაც ამჟამად, აფხაზეთიდან დევნილები შეფარებიან) გასანათებლად (ჩაბნელება, განათება, ამონათება, შუქმიშნები - აქტიურად გამოყენებული ხერხია, რომელიც რეალობასთან კავშირის გარდა მხატვრული „მეტყველების“ სახეს იძენს. ვაჟა მაისურაძის მხატვრული განათება) რადგან „სახლი დაიკარგა, როგორც ბურთულა,. ქინძისთავი, საყურე ან წინდა იკარგება ხოლმე“.
აქედან არაფერი ჩანს. ვთქვათ, ქუჩა, სახლები, მანქანები, გამვლელები. სინამდვილეში, არანაირი პანორამა არ იშლება, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გარშემო ყრუ და მასიური კედლებია და რეალური „ხედი“ კი ილუზიაა.
სამაგიეროდ, სასტუმრო „საქართველოდან“ ჩანს საქართველოს უახლესი და ისტორიის (რომელსაც შეიძლება „დანა პირს არ უხსნიდეს“) ერთ-ერთი ტრაგიკული მონაკვეთი. ჩანს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. შესაძლო მომავალი. ჩანს ის, თუ ვინ ვართ ჩვენ დღეს და ვინ ვიყავით, ომამდე, დროს და შემდგომ. ჩანს, რასაც ვფიქრობთ ცხოვრებაზე, რომელიც გვაქვს და როგორიც გვქონდა. ჩანს, როგორ ვუყურებთ მათ, ვინც ოდესაღაც გვიყვარდა და ვისაც მეგობრებად ვთვლიდით, როგორც ისინი გვიყურებდნენ, როგორც მეგობრებს და ვუყვარდით. (იმისგან განურჩევლად, პირადად გავიარეთ ეს ჯოჯოხეთი და ვართ თუ არა აფხაზეთიდან წამოსულები). ომმა კი ყველაფერი შეცვალა. დაანგრია. როგორც ყველა ომმა. ამან კი, განსაკუთრებით. ყველასთვის.
ისტორიისა და დღევანდელობის ასეთ „ხედსა“ და პრობლემის ამგვარ აქცენტებს ვხედავთ იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლში (რეჟისორის ასისტენტი ილია ტატალაშვილი), „ხედი სასტუმრო „საქართველოდან“, ალექს ჩიღვინაძის (სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერილ) პიესაზე, სპექტაკლში, რომლის უპირველესი მნიშვნელობა და თავისებურებაა, რომ მასში - ორ პროფესიონალ მსახიობთან - ლილი ხურითი - ლილი და გივიკო ბარათაშვილი - კუ - ერთად, მოყვარული და თან უსინათლო მსახიობები მონაწილეობენ - რევაზ ტატალაშვილი - ილია, გედევან კევლიშვილი (რომელიც, თან აკორდეონზე დაკვრითა და სიმღერით ცოცხლად აფორმებს სპექტაკლს, გარედან „დადებული“ მუსიკისა და სიმღერების პარალელურად) - პეტრე, ალექსანდრე ლაბაძე - ომარი, ზვიად ფხიკლეშვილი - რაული და მზია - ირმა ჩიხლაძე (ცნობილი მომღერლების - მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების - ქალიშვილი).
სწორედ ამ დუეტის პოპულარული და შეიძლება ითქვას, თაობების სიმბოლოდ ქცეული ლირიკული სიმღერა ჟღერს ფინალშიც და კიდევ ერთი, დამატებითი და გამაფართოებელი შრე შემოაქვს, ისევე, როგორც ყველა სიმღერასა თუ მუსიკას, რომლებიც ომისა და მისი შემდგომი პერიოდის საქართველოში ისმოდა და ამჯერად, კონცეფციურ-აზრობრივი დატვირთვაც აქვთ. პირველი, სწორედ ეს სიმღერა ესმის დარბაზში, სპექტაკლის დაწყებამდე, შესულ მაყურებელს, რომლის მელოდიასაც, თავისებური მანერითა და ტემპო-რიტმით, უკრავს პეტრე [რომელიც „წელავს (ბერლინიდან ბაბუამისის ნაალაფევ) აკორდეონს, როგორც ომში შუაზე გადაჩეხილ ადამიანს“] და რომელიც სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს.
ასეთი სპეციფიკური სპექტაკლის იდეისა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, წარმატებული პროექტის ავტორი, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ღონისძიებების სპეციალისტი, სოფიო სიხარულიძეა, ამავე უწყების თანამშრომელ, უსინათლო ლაშა ცაიშვილის (იგია პროექტის კონსულტანტიც) შეთავაზებითა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინკლუზიური პროექტების პროგრამისა და „სილქ ფექთორი სთუდიოს“ მხარდაჭერით. სწორედ ამ უკანასკნელის კუთვნილ „აბრეშუმის თეატრში“ გაიმართა სპექტაკლის პრემიერები და იმედია, ასეც გაგრძელდება.
იოანე ხუციშვილის გადაწყვეტით, სასტუმრო „საქართველოს“ (რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების, წარსულისა და აწმყოს მეტაფორადაც შეიძლება აღვიქვათ) ნომერში - ერთადერთ საცხოვრებელში - აფხაზეთიდან დევნილი, შუა ასაკის და-ძმისთვის (ლილი და ილია) და მათ მსგავს პირობებსა და გარემოში მცხოვრები მეგობრების (პეტრე, ომარი, მზია) - ათასობით ადამიანის ბედია მოქცეული. აქაურობა ათასობით ადამიანის პირადი დრამის გამაერთიანებლადაა ქცეული.
როგორც აღვნიშნე, სცენოგრაფი თეო კუხიანიძე (რომელიც ახალი თაობის თეატრის მხატვრებს შორის აშკარა ლიდერია) სულ რამდენიმე დეტალით აწყობს სცენას - სამოქმედო გარემოს და მკაფიოდ გამოხატავს რეჟისორის კონცეფციას - ჩემოდნები, ჭრელი და კუბოკრული „ბაზრობის“ ჩანთები (რომლებშიც დევნილთა ცხოვრება-ხსოვნაა მოქცეული), პლედები, ტაშტები - რაც „ინტერიერშია“ და მის გარემომცველ სივრცეში - შუქნიშანი - მწვანე და წითელი განათებითა და უსინათლოებისთვის განკუთვნილი წიკწიკის თანხლებით, უსინათლოების სპეციალური საგზაო ნიშნები და ამკრძალავი ბარიერები. (თუმცა ამ ნიშნებს ყველა თანაბრად იყენებს). ერთი მხრივ, საცხოვრებლად „გადაკეთებული“ სასტუმროს იაფფასიანი ნომერი, ქუჩის რეალური ატრიბუტიკა და მეორე მხრივ, ცხოვრების მეტაფორული ხატი. ეს ჩვეულებრივი, თითქოს ყოფითი დეტალები სიმბოლოებად ლაგდებიან და ისტორიის ანარეკლთან ერთად აწმყოს რეალობას გამოხატავენ. პირობითად გამოხატავენ ადამიანების შინაგან და ფიზიკურ მდგომარეობას. მათ გახსნილობას, ჩაკეტილობას, წინააღმდეგობებსა და გზის თავისუფლებას, ერთი „მხარიდან“, ერთი „საზღვრიდან“, ერთი „შემოსაზღვრული“ ტერიტორიიდან მეორეზე.
უსახლკარო, უფრო ზუსტად, სახლკარდაკარგულ, მშობლიური კუთხიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ეს ჩაკეტილობა, ეს სიცარიელე, ეს განწირულობა არა მათ სულშია, არამედ გარშემო, რასაც ვერანაირი ფუფუნება და თუნდაც უბრალოდ კომფორტული საცხოვრებელი ვერ შეცვლის. ვერ გადაწონის ვერც საკუთარი ჭერის ფასსა და ვერც საკუთარი სახლიდან გადაშლილი ხედის მშვენიერებას.
აქედან - სასტუმრო „საქართველოდან“ - არაფერი ჩანს, მაგრამ გარესამყაროს არსებობა აშკარად იგრძნობა. იგრძნობა ყოველ დეტალში, რომლებიც სივრცეს ავსებენ და მოქმედებისა და ამბების ჯაჭვში არიან ჩაბმული. იგრძნობა ტექსტებში, ფრაზებში, ყოველ სიტყვაში. დიალოგებში, მონოლოგებში, რეპლიკებში, საკუთარ თუ სხვათა ნათქვამზე, ძირითად ტექსტზე გაკეთებულ, „გარეთ გატანილ“ კომენტარებში, აპარტეებში. ხმებში, ხმაურებში. მუსიკაში (რომელსაც რამდენიმე წყარო და აზრობრივი დატვირთვა აქვს. მუსიკალური გამფორმებელი - მსახიობი და კომპოზიტორი გიორგი ჯიქია), ინფორმაციაში, რომელსაც ასევე აქვს სხვადასხვა წყარო. დეტალები და ფრაგმენტები ურთიერთობებისა და მოგონებების წყებას ქმნიან და საკუთარი წესების მიხედვით ლაგდებიან.
პიესისა და სპექტაკლის თავისუფალი ჟანრობრივი და იდეური სტრუქტურა, წყობა, ეპიზოდების მონაცვლეობა, თავისებური ლოგიკა და გამართულობა იგრძნობა ერთიან კომპოზიციასა და ყოველ სცენაში, რომლებიც, სპეციფიკურია, არსებულ მოცემულობასთან კავშირშიც, მაგრამ ორგანული და ნიუანსებში გააზრებული, რაც მოქმედებასა და ამბავს ხელოვნურობისა და ბანალურობისგან იცავს.
სასტუმროს ტერიტორიაზე ჩაკეტილობის მიუხედავად (დეკორაცია და რეკვიზიტი კიდევ უფრო ამჭიდროვებს და ჩარჩოში აქცევს მოქმედების ადგილს, ჩაკეტილობის იდეაზე, გამოსავალის არქონაზე მიუთითებს) მიუხედავად, დრო და სივრცე აბსტარქტულად გაშლილია. არ არსებობს საზღვარი და ჩარჩო, არც მანძილი. არც დისტანცია. რეალობა გამონაგონში გადადის, სინამდვილე - აბსურდში, მაგრამ ეს არავის უკვირს. „ნამდვილობის“ მიმართ ეჭვი და კითხვები არავის უჩნდება. (კითხვა და გასარკვევი ისედაც ბევრია, ბევრ რამეზე პასუხია მისაღები, ბევრი საქმე „გასარჩევია“) ყველაფერი დასაშვებია და ყველაფრის გჯერა - ნამდვილისაც, გამონაგონისაც, წარმოსახვისაც და ოცნების.
დიახ, „ხედი სასტუმრო „საქართველოდან“ არაა ჩვეულებრივი სპექტაკლი. არც სიტყვა „არაჩვეულებრივის“ ტრადიციული მნიშვნელობის შემცველი. დიახ, მასში არაპროფესიონალები და თან უსინათლოები მონაწილეობენ, მაგრამ სხვა ინკლუზიური წარმოდგენებისგან, უპირველესად, იმით გამოირჩევა, რომ ყოველგვარი შეღავათებისა და ზედაპირული მიდგომის გარეშე და დიდი პასუხისმგებლობითაა დადგმული და შედეგად, სერიოზული და შთამბეჭდავი სამსახიობო ნამუშევარიცაა.
სპექტაკლში ჩანაფიქრიდანვე, პიესიდანვე ბუნებრივადაა გამოყენებული მონაწილეების ფიზიკური მდგომარეობა, რაც ორგანული გამართულობის პირობას იძლევა. ამავე დროს, მონაწილეების სამსახიობო უნარებს ამჟღავნებს, ნაფიქრით, ყოველ ფრაზაზე თუ წარმოთქმულ სიტყვაზე, ყოველ დეტალზე პერსონაჟების სახეების შესაქმნელად.
იმის მიუხედავად, რომ უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანების სივრცეში გადაადგილება შეზღუდულია, მოსალოდნელი იყო, რომ ეს მოვლენების წყობისა და ქმედების შეზღუდვასაც გამოიწვევდა, მაგრამ დრამატურგი და რეჟისორი მათ არგებენ ამბავს (და არა პირიქით). აქ ყველა მიზანსცენა ზუსტადაა გათვლილი. რეალური მოცემულობიდან ყველაფერი შინაარსობრივ და შემდეგ მხატვრულ ხერხში გადადის და ზუსტად პასუხობს თემასა და ამოცანას, ხსნიან წინააღმდეგობებს და ყველაფერი ჩვეულებრივდება. აქ უსინათლოები თვალხილულებს არ თამაშობენ. არამედ თამაშობენ მათ, რომლებსაც ბედმა და ბედისწერამ ასეთად ყოფნის ხვედრი არგუნა.
ეპიცენტრში ლილისა და ილიას (რომელიც დაბადებიდან უსინათლოა), აფხაზეთიდან შვილის სამკურნალოდ ჩამოსული, მათი ძველი მეგობრის, ლილის ყოფილი შეყვარებულის, შემდეგ ქართველების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლის, ბოლოს კი ნაღმზე აფეთქებით მხედველობადაკარგული რაულისა (აქ ბედისწერის მოტივებიც ჩნდება) და მის მიერ, აფხაზეთიდან, ილიასთვის მისი ეზოდან ჩამოყვანილი კუს ამბავია.
ილია - დის მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობს, ძირითადად, გარეთგაუსვლელად, რადგან გარესამყაროსთან კავშირი ფაქტობრივად დაკარგული აქვს, არ აქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. თუმცა, მოვლენები, ძირითადად, სწორედ ილიას გარშემო ტრიალებს და ის, ლილისა და კუსთან ერთად ბევრს (სიუჟეტურდაც და იდეურადაც, ამბებისა და ფაქტების წყებასაც და შეიძლება ითქვას, მთავარ სათქმელსაც) განსაზღვრავს.
არაპროფესიონალი რევაზ ტატალაშვილი პროფესიული ოსტატობით, დამაჯერებლად, ძლიერი შინაგანი ძალითა და გატაცებით (ისევე, როგორც სხვა მონაწილეები) ქმნის ფიზიკურად თითქოს უძლური, მაგრამ სულიერად ძლიერი და შეუგუებელი, მკაცრი და შემწყნარებელი კაცის სახეს. მისი სიტყვა დამაჯერებლად და არაერთგვაროვნად ჟღერს. მის პერსონაჟს მნიშვნელოვანი აზრობრივი და იდეური ფუნქცია აქვს და მის სულიერ მდგომარეობას, მის შფოთვებს, წინააღმდეგობის გრძნობასა და შინაგან ჭიდილს სავსე სპექტრით გამოხატავს. სწორედ ასეთ ორჭოფობასა და რწმენას შორის ბალანსირებს ილია და მისი როლის შემსრულებელიც ძალდაუტანებლად მიუძღვის მაყურებელს ამ დილემის გადაწყვეტის რთულ გზაზე - საბოლოო პატიებისკენ.
სპექტაკლის ყველა გმირი მთავარია და მნიშვნელოვანი ფუნქციისა და სათქმელის მატარებელი. მათგან სცენას მთელი სპექტაკლის განმავლობაში არავინ ტოვებს. თითოეული, საკუთარ გამოსვლამდე კუთხეში, აქეთ-იქით, თითქოს უწესრიგოდ მიყრილ ჩანთებსა და ჩემოდნებზე ზის (როგორც სადგურზე მგზავრები), მუდამ არსებობს და რიგს ელოდება, იქამდე, ვიდრე ყველა ერთად მოიყრის თავს და ფინალი გათამაშდება.
მათი წარმოთქმული ტექსტი ძალდაუტანებლად, ლაღად გაისმის და არა მხოლოდ სიტყვა გესმის, არამედ ზუსტი მახვილებითა და ჟღერადობით წარმოთქმულიდან ზუსტად იგებ აზრს, განწყობას, ემოციას. თანაც არაპროფესიონალი მსახიობები ისე მეტყველებენ, რომ არც ერთი სიტყვა, ბგერაც კი, არ იკარგება. (რისი პრობლემაც დღეს ბევრ პროფესიონალ მსახიობს აქვს). ისინი, ამა თუ იმ სცენაში გაჩენილ შეგრძნებებს. გრძნობათა ვარიაციებს გადმოსცემენ.
პერსონაჟების დიალოგები, მონოლოგები, კომენტარი-შეფასება-რეპლიკა, ამა თუ იმ ფაქტზე, მოვლენაზე მათივე ემოცისაა და დამოკიდებულების გამოხატულება ერთმანეთს ენაცვლება. შესაბამისად იცვლება ამა თუ იმ ტექსტის წარმოთქმის ფორმა და მანერა. თითოეულს (ისევე, როგორც ჩვენ) აფხაზეთის მიმართ პირადი დამოკიდებულება, მოგონებები, განცდები აქვს.
ამიტომ, არავითარი შეღავათის გაწევასა და მათ შესახებ ენის მოჩლექვით ლაპარაკს არ ვაპირებ. არ ვაპირებ, აქცენტის უსინათლობის ფაქტზე გადატანასა და ამის გამო შეფასების გადაჭარბებას. არ ვაპირებ თვალის დახუჭვასა და რაღაცეების „გამართლებას“. ამ სპექტაკლს ეს არაფერში ჭირდება. არც ერთ მსახიობს ჭირდება „თავზე ხელის გადასმა“ და დაყვავება. მხოლოდ ქედის მოხრა გვიწევს მათი, ყველასი ერთად წინაშე - მონდომების, თეატრის, ქვეყნის სიყვარულის, მისი ბედის, ტკივილის, განცდის ზიარობის, მოქალაქეობრივი პოზიციისა და ნიჭიერების მიმართ.
ამ ადამიანების ხედვა ბევრად „მხედველია“, ვიდრე მხედველი თვალი შეიძლება ხედავდეს. სამყაროსთან შეხება სხვებისგან განსხვავებულია, შინაგანი მზერა და შეგრძნებები უფრო მძაფრია და ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენც ვიწყებთ სამყაროს განსხვავებულ აღქმას. მათთვის ხმები და სურნელები უფრო მძაფრია და ამდენად ჩვენც უფრო მძაფრად შევიგრძნობთ თითქოს ერთფეროვანი, მოსაწყენი და უპერსპექტივო რუტინის ატმოსფეროს. ეს სურნელი ამჯერად სოხუმიდან მოდის, ასე ახლოს რომაა და ასეთი შორია.
ეს სურნელი მოდის, ლილი ხურითის ელვარე სამსახიობო ნიჭიდან, რასაც ისიც ემატება, რომ თვითონაა დევნილი აფხაზეთიდან და არა მარტო იცის, რას ნიშნავს და როგორია იძულებით გადაადგილებული ადამიანების ცხოვრება, არამედ უნატიფეს ნიუანსებამდე შეუძლია არა მხოლოდ ატმოსფეროს, შეგრძნებებისა და ყოველი ეტაპის დეტალებში ასახვა, არამედ საკუთარი განცდების, გამოცდილების, მახსოვრობის ზედაპირზე ამოტანა. ამჯერად, სპექტაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს ახალ მიდგომას უმატებს. ისიც თითქოს თავისუფლდება ემოციური მეხსიერების ტვირთისგან და ასეთი თავისუფლება ბევრად მეტ და დიდ იმედს ბადებს, ბევრად გახარებს, ვიდრე ამ გამორჩეული არტისტის, მხოლოდ სპექტაკლის ფარგლებში, როლის შესრულებისას გმოყენებული ოსტატობა.
გივიკო ბარათაშვილი (ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებული და ბევრი თვალსაზრისით, გამორჩეული მსახიობი), საბედნიეროდ, არც დევნილია და არც იმ ასაკში, უშუალოდ გადაეტანოს ამბავი, რომელიც 30 წლის წინ საქართველოს დაატყდა (აფხაზეთში ომის დაწყებიდან მის დასრულებამდე, ტერიტორიების დროებით დაკარგვამდე, დევნილობაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებისეულ და პიროვნულ-ემოციურ მდგომარეობამდე, რამაც უფროსი თაობა დადაღა). მაგრამ, სპექტაკლისა და მის გარშემო გარემომ, სარეჟისორო გადაწყვეტამ, პარტნიორებმა და სამსახიობო ალღომ, პიროვნულმა მონაცემებმა, შეაძლებინეს სრული გახსნილობით, მაღალ ხარისხში შეექმნა არარეალური, უფრო ზუსტად, ადამიანის თვისებებშეძენილი კუს „სახე“. შეესრულებინა არა სულიერი არსების/ცხოველის/ქვეწარმავლის როლი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ გაემართლებინა პერსონაჟისთვის დაკისრებული ფუნქცია და გამჭოლი იდეური ხაზის გამტარის სიმძიმე, ლაღად ეტარებინა.
გივიკო ბარათაშვილის კუ ლამაზი, მაღალი და მოხდენილია. და, ცხადია, მსახიობი არ თამაშობს კუს (იმ გაგებით, როგორსაც, ვთქვთ, სამსახიობო სპეციალობის აბიტურიენტები დავალებულ ეტიუდებში ასახიერებენ ან როგორადაც, საბავშვო სპექტაკლებში დაკავებული მსახიობები გარდაისახებიან). ის არაა ჩვეულებრივი კუ, როგორც არაფერია ამ სპექტაკლში ჩვეულებრივი, სრულიად რეალურ გარემოსა და მოვლენების რეალურობის მიუხედავად.
კუს ლაპარაკი შეუძლია. ქართულად მეტყველებს. ბუნებრივია, აფხაზურიც ეცოდინება. მთელი ცხოვრება აფხაზეთში და ბოლო პერიოდი, ცხადია, მხოლოდ აფხაზების (ალბათ იქ მოსახლე სხვებისაც) გარემოცვაში აქვს გატარებული. ჭორაობაც ეხერხება და მოგონებებსაც ატარებს. სამეზობლოს ამბებიც იცის და თავისი ფილოსოფია აქვს, როგორც ბრძენ ადამიანს.
ის არის და თან არ არის კუ. თითქოს ასაკოვანია და თან ბიჭსაც ჩამოჰგავს, თან ჭკვიანი და მრავალჭირგამოვლილია და თან ახალგაზრდული ენერგიით სავსე. მემატიანეცაა. თავისი სახლი მუდამ თან დააქვს და სივრცეში, შეიძლება ნელა, მაგრამ აქტიურად გადაადგილდება. ეს სახლი (მისი მთავარი მცველიცა და თავშესაფარიც), თავადაც აფხაზეთის ნაწილმა და მისი მიწის სურნელით გაჟღენთილმა, თბილისში ჩამოიტანა. ომიდან ბევრი წლის შემდეგ.
ავტორებმა მთავარი ტვირთიც ამ სახლითაც აკიდეს. სიცოცხლისუნარიანობის, გამძლეობის, იმედის, მეხსიერების წარუშლელობისა და სიმყუდროვის ძლიერი ნაკადი (როგორც ამ ყველაფრის სიმბოლოს) სწორედ კუს შემოაქვს. მისი ბაკანი მიწის, სახლისა და მიტოვებული კარ-მიდამოს - დაკარგული ტერიტორიების მეტაფორაა.
რა თქმა უნდა, ეს სურნელი, მდიდარი „აფხაზური“ არომატები, ცხოვრების მასშტაბური და განზოგადებული წარმოდგენა იწყება ალექს ჩიღვინაძის ტექსტიდან და იოანე ხუციშვილის რეჟისურიდან, რომლებიც თანამედროვე თეატრალური ენითა და მოქალაქეობრივი პოზიციიდან ქმნიან, თითქოს ლოკალურ, სივრცითა და პერსონაჟებით „შეზღუდულ“ ამბავს, რომ შემდეგ ეს ამბავი საზოგადოების, ქვეყნის, სამყაროში არსებული ძალადობის, შეცდომებისა და შეცოდებების, სიყვარულის, სიძულვილის, სინანულის, პატიების, იმედისა და შინაგანი წინააღმდეგობის განზოგადებულ სახედ აქციონ.
მე პირადად ალექს ჩიღვნაძისგან არაფერი მიკვირს. პირიქით გამიკვირდებოდა. მისი პიესები ყოველთვის პატარა ნაღმებია, „მძაფრი“ შინაარსით, პრობლემებით, დრამატურგიული სვლებითა და მოულოდნელი, ვიტყოდი, შოკური ფინალებით.
ასევე არაფერი მიკვირს იოანე ხუციშვილისგან, რომელსაც მხატვრული სახეებით აზროვნების უსაზღვროება და თავისთავადობა ახასიათებს. იგი არასდროსაა გულგრილი იმის მიმართ, რაზეც სპექტაკლებს დგამს, რადგან ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ არაა გულგრილი და ალექს ჩიღვინაძის მსგავსად, გამორჩეულია არა მხოლოდ ახალგაზრდა რეჟისორებს შორის, არამედ თანამედროვე ქართულ თეატრში.
ალექს ჩიღვინაძის ტექსტი, როგორც ყოველთვის (ახალგაზრდობისა და დრამატურგობის არცთუ დიდი გამოცდილების მიუხედავად, მასზე უკვე შეიძლება ვთქვა - როგორც ყოველთვის!), დატვირთული, სხარტი და მოქნილია. მნიშვნელოვანი არსით, პრომლემ(ებ)ის არაზედაპირულობითა და თანადროული გზავნილებით. კომპოზიციურ-სტრუქტურული აჩეხილობით, დრამატურგიული გამართულობითა და ცენტრალური ღერძიდან ლოგიკური გადახვევებით, დიალოგ-მონოლოგების (აპარტეები და შინაგანი) არასიყალბით, შრეების სიუხვითა და უბრალოდ, პოზიციით. ადამიანურით. მოქალაქეობრივით. აქ ტექსტი ძალდაუტანებლად, ლაღად გაისმის და არა მხოლოდ სიტყვა გესმის, არამედ გესმის ზუსტი მახვილებითა და აზრით წარმოთქმული, „იგებ“ გამოხატულ და კოდირებულ აზრს, ზუსტ განწყობას. ამა თუ იმ სცენაში მსახიობებში გაჩენილ შეგრძნებებს. იმწამიერ განცდებს. ფიქრებისა და ემოციების ვარიაციებს. სხვა თუ არაფერი, ეს, უბრალოდ, გამორჩეული და არაბანალური ტექსტია, თავისებური დინამიკით, სიღრმით, მოქნილობით, არსით. ესაა პიესა, რომელიც შეიძლება იკითხო, როგორც მხატვრული ლიტერატურა, იკითხო და ამითაც შეიგრძნო მისი ნამდვილი გემო და ხარისხი.
ეს ახალგაზრდა (მართალია, ახალგაზრდა ხელოვანებს რატომღაც არ უყვართ, ასე რომ უწოდებენ, მაგრამ არა უშავს) დრამატურგი (და მისი თაობა) და რეჟისორი, წინამორბედებისგან განსხვავებულად ხედავენ ცხოვრებასა და ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და დღემდე ასეთად დარჩენილ პერიოდს.
აფხაზეთის ომისდროინდელი, ომამდელი და ომისშემდგომი მოვლენების სპექტრი ასეთი სილაღით, მსუბუქად, იუმორით, ასეთი შვებისმომგვრელი შინაგანი თავისუფლებითა და ამავე დროს, ღრმა თანაგანცდით, დღემდე ცოტას თუ უჩვენებია. ასეთი ხედვა და დამოკიდებულება არავის გამოუმჟღავნებია.
ამ სილაღისა და დაძაბულობა და რაღაცის მოლოდინი მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგრძნობა. ის არ ნელდება, თუნდაც საწყისის, წინაპირობის, მოვლენათა განვითარების წყების გამო და გათამაშებული სცენების ლოგიკის მიხედვით. აფხაზეთის ნაღმის მთელ სპექტაკლს გასდევს და გულის სიღრმეში სულ არსებობს განცდა, რომ რაღაც მოხდება.
სულ არსებობს მღელვარება, თუ როგორ განვითარდება ეს ამბავი, რით დასრულდება ყოველი ხაზი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პერსონაჟები, რომლებიც კვლავ საბედისწერო არჩევანის წინაშე დგანან. აპატიებენ. ვერ გადალახავენ წყენასა და გულისტკივილს, შურისძიების სურვილსა და გაუცხოებას, თუ იმ ნაბიჯს გადადგამენ, რომელიც თან გინდა და თან არ გინდა, რომ გადადგან. რადგან, თვითონაც არ იცი, რა და როგორ ჯობია. თუმცა ის კი იცი, რომ პატიება, სიყვარულთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა, თვისება და გამოსავალია.
შემდეგ მაყურებელიც, პერსონაჟებთან ერთად თითქოს თავისუფლდება აფხაზეთისა და სხვა გაუნელებელი ტკივილის სიმძიმისგან. ტვირთისგან, რომელსაც კუს ბაკანივით მუდამ თან ატარებს, ტვირთისგან, რომელიც თითოეული ჩვენგანის სატარებელია და რომელიც ზოგჯერ გვიფარავს კიდეც დავიწყების სინანულისგან, გარემოსგან - თანამედროვე სამყაროში. ამ კომპლექსიდანაც ვთავისუფლდებით.
სპექტაკლის ფინალში, ილიას დაბადების დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე, რომელსაც ყველა - ძველი და დევნილობაში შეძენილი მეგობარი ესწრება, მასპინძლები და სტუმრები (რომლებიც ილიას ვიდეოკამერას ჩუქნიან) კამერას რთავენ და თოქ შოუს თამაშს იწყებენ. ისინი, მზიას წინადადებით, იხსენებენ დღეს, როდესაც ომი დაიწყო. ეს დღე ალბათ ყველასთვის ერთნაირი იყო, მაგრამ ომი ყველასთვის ერთნაირად არ დაწყებულა და არც ერთნაირად გაგრძელებულ-დასრულებულა. გართობა უმთავრეს სათქმელში გადაიზრდება - დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემის, ურთიერთბრალდების, თუმცა იუმორში გაზავებულ მაგიურ რიტუალში.
შემდეგ იოანე ხუციშვილი, პროექტის მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ ერთ „ფიზიკურ“ ფაქტორს მიმართავს, რაც ამბის დრამატურგიული განვითარებისა და სარეჟისორო გადაწყვეტის მორიგ ხერხად იქცევა.
როგორც ყველა იუბილარს, ილიასაც აქვს ტორტი (ლილის მიერ ტორტის გამოცხობის თემა სპექტაკლის ერთ-ერთი გამხსნელი თემათაგანია) და ტორტზე - სანთლები. ილია აქრობს სანთლებს და სცენაზეც და დარბაზშიც ბნელდება. ამ სიბნელეში გაისმის მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების ნამღერი „კართან მოდგა შემოდგომას“ ჩანაწერი. სიბნელეშივე გვესმის ილიასა და კუს დიალოგი, რაღაცნაირად, თითქოს „ალოგიკური“, აჩეხილი, ფრაგმენტული, რომელიც თითქოს რეზიუმეს უკეთებს ყველა წინამორბედ თემასა და ნათქვამს. ყველაფერს.
ეს დიალოგი, როგორც სიმღერა, როგორც რაულის შვილის წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შეტყობინება და აფხაზურად წარმოთქმული ფრაზები, სიბნელეში ისმის. მხოლოდ ისმის. მაყურებელი „მხედველობას“ კარგავს და ცოტა ხნით უსინათლოდ იქცევა. იმ ადამიანებთან თანაბრდება, რომლებსაც ესმით, მაგრამ ვერ ხედავენ. მათ „პირობებში“ აღმოჩნდება, რომ გაიგოს მათი მდგომარეობა. შეიძლება იმისთვისაც, რომ უფრო კარგად გაიგოს, ადამიანის ხმა.
დიახ, კართან მოდგა შემოდგომა - მეგობრებიც დაიკარგნენ, ზოგი როდის და სად და ზოგი როდის და სად. მაგრამ ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან ან ჩვენ დაბრუნებას ელოდებიან. ყოველთვის ასე იქნება, შინ დაბრუნდებამდე. ყოველთვის გაგვყვება თანდათან გაფერმკრთალებული მოგონებები და შეგვაწუხებს ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც იქ უნდა იყვნენ და არ არიან, მაგრამ არსებობენ ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად. ჩვენნაირად და ჩვენ - მათსავით. მათზეც, რომლებიც აღარ არიან, მაგრამ არ გვავიწყდებიან.
დიახ, აფხაზეთი საქართველოა და მისი ხედი - სასტუმროს დახურული/დახშული სარკმლიდანაც კი მოჩანს. სასტუმრო „საქართველოდან“ გადაშლილი საქართველოს პანორამული წვიმიანი ხედი სევდიანი, დარდის გამხსენებელი და პირქუში, მაგრამ, ამავე დროს, მშვენიერია. მშვენიერია ავტორებისა და მონაწილეების პოზიციითა და ამ პოზიციის მხატვრულ ფორმაში გამოხატვით.
მშვენიერია პრობლემების მიმართ დამოკიდებულებითა და გულახდილობით. ორმხრივი მზერითა და ხედვის მასშტაბური არეალით. ეს არაა არც ხარკი „აქტუალური“ თემის წინაშე და არც თანამედროვე საზოგადოებრივ აქტუალობებზე (ინტეგრირება, ინკლუზიურობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართულობა) დაყრდნობით, ქულების ჩასაწერად განხორციელებული პროექტი. ესაა სპექტაკლი, რომელიც ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარშე აჩვენებს, რომ მართლა არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ არ არსებობს ბარიერები, როდესაც ადამიანებს საქმის და თან ერთად კეთების სურვილი და უნარი აქვთ. იმ უმთავრესი და ხელოვნებაში ყველაფრის გამსაზღვრელი საფუძვლით - გულწრფელობითა და ნამდვილი, არაყალბი ტკივილით, რომელიც თვალსაც უხელს და ბნელსაც ანათებს, რომელიც გარესშემოგვრტყია. მაშინ ყველაფერი გამოდის. მაშინ, ყველაფერს შევძლებთ. და თუ ეს ასეა, მაშინ სხვა, უფრო მასშტაბური რწმენაც იბადება.
„ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ცრემლისმომგვრელიცაა და სიხარულისმომგვრელიც. გამათავისუფლებელიც. კათარზისულიც (როგორც უნდა უარყოფდნენ დღეს თეატრის ამ უძველესი ფუნქციის როლსა და არსებობას). და რაც მთავარია, იმედიანი.
დიახ, იმედიანი. იმედისა და რწმენის მომტანი, რომ, თუ, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც შეუძლია აისრულოს სურვილი და სხვასაც თამამად გაუზიაროს, თუ არაპროფესიონალ მსახიობს შეუძლია პროფესიონალივით დაგანახოს საკუთარი თავიც, ისიც, რაც აღელვებს და რაც ჩვენი ფიქრისა და გულისტკივილის საგანიცაა, თუ შეიძლება, რომ თაობას, რომელიც ასაკის გამო, პირადად არ იყო 90-იანი წლების მოვლენების ცნობიერი მონაწილე, ჯანსაღი, მართალი, გულწრფელი და საკუთარი მკაფიო პოზიცია ქონდეს იმის მიმართ, რაც მოხდა, არც დაივიწყოს და არც დაგვავიწყოს, რომ ყველა ფაქტს მიღმა, პირველ რიგში, ადამიანები დგანან, მაშინ, რატომაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე, სხვა წინააღმდეგობების გადალახვასაც შევძლებთ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენც ჩავალთ აფხაზეთში, როგორც აფხაზეთიდან ჩამოდიან ჩვენთან?!
დიახ, როგორც კუს მონოლოგშია (რომლითაც იწყება და მთავრდება სპექტაკლი), ქართველი და აფხაზი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს: ბარში, რიგში, მატარებელში ერთად იმგზავრებენ; აფხაზი და ქართველი მამები საზოგადოებრივ ტუალეტში, ბავშვს საფენს გამოუცვლიან... ქართველი და აფხაზი...
დიახ, „აფხაზი და ქართველი კინოში მიდიან აფხაზურად გახმოვანებულ ფილმზე ქართული სუბტიტრებით. აფხაზი და ქართველი კოსმონავტები შავ ხვრელში ხვდებიან. აფხაზი და ქართველი აბანოში შედიან. ქართველი და აფხაზი ახლოვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ღრიალებენ და ჩუმდებიან, იცინიან და ცრემლებს ყლაპავენ...“
დიახ, აფხაზი და ქართველი ისევ შევძლებთ ერთად არსებობას - ანეგდოტში, ისტორიაში, კოსმოსში, პიესაში... სინამდვილეში...