ხელოვნების ინტელექტუალიზაცია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ანი ცხვედაძე
ხელოვნების ინტელექტუალიზაცია
მუდმივად რეგენერაციული ბუნების მქონე საშემსრულებლო ხელოვნებას სჭირდება ე.წ. ინტელექტუალიზაცია. თუნდაც იმიტომ, რომ არ იქცეს მასკულტურის შეუმჩნეველ ‘პატერნად’.
“ძალიან ძნელი არის შემოქმედების ინტელექტუალიზაცია შემოქმედი ადამიანისთვის…“ - თქვა საფრანგეთში მოღვაწე მშვენიერმა ქალმა კინორეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში; ის, რისი აღიარებაც შიდა ბაზარზე <მოღვაწე ხელოვანებს> ესოდენ უძნელდებათ, თავისუფლად წარმოთქმა არ გაუჭირდა ნინო კირთაძეს.
ჩემი დაკვირვებით, <ინტელექტუალიზაცია> არ იდენტიფიცირდება მშრალი, გნებავთ, მსუყე კონოტაციით. ნებისმიერი ტიპის ცენზურას დაუქვემდებარებელი, დისტანცირებული პოზიციიდან რეფლექტორული გაანალიზება არის ინტელექტუალიზაცია. ან იქნებ, ყველაზე მარტივი დეფინიციით გულისხმობს, ხელოვნების ნიმუშის სხვის მიერ ინდივიდუალურ ინტერპრეტაციულ ვარიაციებს; თუმცა, იმ ქართულ ‘პოსტ-პოსტმოდერნულ’ რეალობაში, სადაც ჯერ კიდევ ვერ გავცდით საკუთარი სახელი და გვარის შექების კონტექსტში ამოკითხვას/გაჟღერებას, რთულია მოსთხოვო <ღვაწლმოსილ თუ ჯერ არც იმდენად დიდზე ღვაწლმოსილ ხელოვანებს> სერიოზულად მსგავს საკითხზე დაინტერესება. (საერთოდ დიდად მეეჭვება, ამ ნარცისული კომპლექსისგან / საკუთარი თავის ქებას რომ მოიცავს ოდესმე გათავისუფლდნენ!).
ხშირად მოსწრებულად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ‘კრიტიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგივე ინტელექტუალიზაცია მეორეხარისხოვანია, შესაბამისად ხელოვნების დანამატი და ზედმეტიაო...’
ამგვარი ფორმულირებები ჩანასახშივე მცდარი ხდომილობაა, ვინაიდან, ხელოვნება, მით უმეტეს, ცოცხალი ხელოვნება, რომლის უნიკალური გამოვლინებაა ყველანაირი სტილის თეატრი - მომენტალურად მკვდარი სიცოცხლისთვის (ე.ი. უსიცოცხლობისთვის) არის განწირული, თუკი ცოცხალივე რეაქციას არ დაიმსახურებს ინტელექტუალიზაციის თვალსაზრისით(!).
ნებისმიერი შემოქმედებითი სტრუქტურა თვით-დეტერმინაციულად ყოველთვის ითხოვს რამენაირ რაციონალიზაციას. და იმისთვის, რომ ამ ტექსტმა არ მიიღოს სხვადასხვა ავტორების თეზების კალკირებული სტრუქტურა, მხოლოდ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შემოქმედის მაგალითს მოვიყვან პოსტულატად: მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფილოსოფიური მიმდინარეობის „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ერთგვარი დემიურგის, ფრიდრიხ ნიცშეს მოსაზრებათა უმოკლესი სინთეზით; ადამიანის სიცოცხლეს კარდინალურად განსაზღვრავს ამბივალენტური ბუნება, მაშასადამე, თავად შემოქმედება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილია, დიონისური და აპოლონური საწყისის ერთობლიობას მოიაზრებს; დიონისური საწყისი არის ადამიანის კავშირი ბუნებასთან, რომელიც შიშზე და თრობაზე დაფუძნებული, შეიძლება ითქვას, მერყევი ცნობიერებაა, ხოლო აპოლონური საწყისი კი, მწყობრი, ჰარმონიული, ძალასა და მშვენიერებაზე კონცენტრირებული ცნობიერება. არცერთი არ არსებობს უერთმანეთოდ, ორივე კორელაციაში თანაარსებობს. მაშასადამე, დიონისურ (ჩემი სიტყვებით) ვულგარულ სიმძიმეს ამსუბუქებს აპოლონური ესთეტიზაციისა და რაციონალიზაციის უნარი...
იტალიური ნეორეალისტური კინოს უბადლო ნიმუში, მიქელანჯელო ანტონიონის “წითელი უდაბნო“ (1964) _ მონიკა ვიტის ჯულიანას დაუვიწყარი კინოროლით, შესანიშნავად არტიკულირებს ინდივიდის ეგზისტენციალური კრიზისის დუალურ გამოვლინებას; მასკულინური და ფემინური ფსიქოტიპების ჰიპერბოლიზაციას რეალობისა და ირეალურობის მიჯნაზე, ან სულაც ტექნოკრატიული ინდუსტრიალიზაციის მომშხამავ გავლენას ცოცხალი ბუნების წინაშე... ფაქტობრივად, გვაჩვენებს ადამიანის სიცოცხლის უწყვეტ ანტინომიას.
ამდენად, ყოველი თეატრალური თუ არათეატრალური სახელოვნებო აქტი, როგორი <ორთოდოქსული კონვენცია, ან იატაკქვეშა სიგიჟეც> არ უნდა ჩანდეს სტილურად, მექანიკურად ითხოვს ინტელექტუალიზაციას, უმთავრესად იმიტომ, რომ იდენტიფიცირდეს რელევანტურად!..
ცოცხალი ხელოვნების პერცეფციული სული, (დამეთანხმებით) ავტომატურ თანამეგობრობაშია კოგნიტიურ ცნობიერებასთან.
ხოლო, ხელოვნებაა დიონისური, მისი ინტელექტუალიზაცია კი აპოლონური, თუ პირიქით - აი, ეს ყველამ თავად გადაწყვიტოს.
P.s. ობიექტური სამართლიანობისთვის, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ძალიან ძნელია ქართულ რეალობაში ყველაფერს, რასაც ხელოვნებად ასაღებენ ავტორები და ავტორების გულშემატკივრები - გაიმეტო ჩვენს მიერ არაერთგზის ნახსენებ ინტელექტუალიზაციისთვის, როგორც ასეთი.