
ხმა, რომელიც აღარსად ისმის, მაგრამ სადღაც არსებობს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ლელა ოჩიაური
ხმა, რომელიც აღარსად ისმის, მაგრამ სადღაც არსებობს
ჟან კოქტოს საკულტო მონოდრამა-მონოლოგი „ადამიანის ხმა“, როგორც ცნობილია, უხილავი კაცის სატელეფონო ზარით იწყება, რომელიც ერთადერთ მოქმედ, უსახელო გმირ ქალს დისტანციურად ატყობინებს, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, შორდება და სხვა მოჰყავს ცოლად. ყოველი მომდევნო სცენა ხაზის ხარვეზით, პრაქტიკულად და მეტაფორული ქვეტექსტით მიმანიშნებელი, გაწყვეტილი კავშირის განახლების მოლოდინი და საუბრის ფრაგმენტული გაგრძელებაა. ბოლო საუბრის ადამიანთან, რომელთან განშორებაც, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქალს სასოწარკვეთაში აგდებს, რადგან უყვარს და მის გარეშე ცხოვრება არც შეუძლია და ვერც წარმოუდგენია.
„ადამიანის ხმა“ სხვადასხვა დროს, ბევრჯერ (საქართველოშიც, და არა ერთხელ) დაუდგამთ, თუ ფილმად (თუნდაც, პედრო ალმოდოვარის, 2020 წლის კინოსურათი რომ გავიხსენო) უქცევიათ. ყოველ ჯერზე, ავტორები ტექსტს, სხვადასხვა პერიოდში, ზოგადად თანადროული პრობლემებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვის მრავალშესაძლებლობიან მასალად იყენებდნენ და კვლავ იყენებენ. თითქმის ასი წლის წინათ დაწერილი ეს პიესა, ისევ თანამედროვეა (ფორმითა და დრამატურგიისა თუ სათეატრო ენის მიხედვითა და იმ თემებიდან გამომდინარეც, რომლებსაც მოიცავს) და განსხვავებულად წაკითხვისა და ინსცენირების თავისუფლებას იძლევა.
პიესის ახალი და თავისთავადი ვერსია ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, არაორდინალური ფორმით, თათა პოპიაშვილმა დადგა. მან არ „გაითვალისწინა“ კოქტოს შესავალი რემარკები, რომლებშიც კონკრეტულადაა მითითებული, თუ როგორი, რა ფერისა და ატმოსფეროსი უნდა იყოს მოქმედების ადგილი და დეკორაცია, თუმცა დაიცვა დრამატურგის „თხოვნა“, რომ პატივი სცენ ავტორის ტექსტს, „რომელშიც ყველა შეცდომა, გამეორებები, ლიტერატურული კონსტრუქციები, უგემოვნობა და უხამსობა გულდასმით შემოწმებული და განსაზღვრულია“. თათა პოპიაშვილსვე ეკუთვნის სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია და კოსტუმები - გიორგი უსტიაშვილს, ვიდეოპროექცია - ნიკა ზუბაშვილს, ქორეოგრაფია ირინა კუპრავა, ტექნიკური რეჟისორი - მაია მებონია. მონაწილეობენ - ნიარა ჭიჭინაძე და ანიკო შურღაია.
რაც პიესაში ხდება, იგივე ხდება სპექტაკლშიც. მაგრამ რეჟისორმა შეცვალა კონტექსტიცა და ამოცანაც, ფორმაც და ამბის წყობა-განვითარების ხერხიც. მონოპიესა - ორკაციანით, თუმცა, ერთი და იგივე პერსონაჟიანით - ახალგაზრდობასა და უკვე ასაკში - შეცვალა. ახალგაზრდას - ანიკო შურღაია ასახიერებს, ასაკოვანს - ნიარა ჭიჭინაძე. იმ ბოლო საუბრიდან დრო გასულია. ბევრი დრო. ახალგაზრდა ხანში შევიდა და აღარც ვნებებისა და განცდების სიმძაფრე შერჩა, როგორიც ოდესღაც, განშორებისას ჰქონდა და მომხდაეიც გადააფასა. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ უკვალოდ არაფერს ჩაუვლია. მაინც ატარებს ცხოვრებისეული ტრავმებისა თუ ტკივილების კვალს.
გიორგი უსტიაშვილის დეკორაცია სცენაზე ჩადგმული, მახვილი სამკუთხედის კუთხესავით ორი სხივი-კედლისგან შედგება. ეს თეთრი და ნეიტრალური, აბსტრაქტული კედლები, ორ სივრცეს, ორივე გმირის თითქოს დამოუკიდებელ, მაგრამ იდენტურ კუთვნილ ადგილს საზღვრავს, რომელსაც ორივე დაუბრკოლებლად არღვევს. კედლებზე მიმაგრებული სანათები და მიდგმული სკამები (რომლებსაც მოქმედი გმირები სხვადასხვა ეპიზოდში აადგილებენ და სცენის განათებაც ხშირად იცვლება - ძლიერი, მინათებული, ჩამქრალი, ჩაბნელებული) ახალი მოცემულობებისა და ეპიზოდების პირობით გარემოებებს ქმნიან.
ამ კედლებზე და მათ გარშემოც, ხშირად ჩნდება პროექცია, ნიკა ზუბაშვილის ავტორობით, რომელიც მსახიობების სხვადასხვა რაკურსებს, ხედებს, სახეებს, სხეულებს, დეტალებ, მდგომარება/პოზებს აფიქსირებს და რაც სასცენო სივრცეს მოცულობითობასა და მხატვრულ სიღრმეებს ანიჭებს.
ერთ კუთხეში, რომელიც ნიარა ჭიწინაძის პერსონაჟს ეკუთვნის, მინის/სარკის კარიანი კარადა დგას, რომელიც სხვადასხვა საჭირო, ქმედით ნივთს ინახავს, ქალისთვის წარსულის რელიკვიებად და მოქმედების აქტიურ, საკომუნიკაციო და თან, პირობით და სიმბოლურ ელემენტებად რომ ქცეულან.
ამგვარი სივრცე კონკრეტულად, თითქოს არაფერზე მიანიშნებს, არ აქვს „ხასიათი“, მახასიათებლები, რომლებიც მფლობელისა თუ გარემოს თვისებრიობასა თუ მასზე ზუსტ მინიშნებებს გამოხატავს. უფრო საავადმყოფოს დერეფანსა ან ბოქსს ჰგავს, ან, რომელიღაც უსახური და ბანალური დაწესებულების ნეიტრალურ მოსაცდელს, ვიდრე საცხოვრებელს.
პერსონაჟების კოსტუმებიც - აბსტრაგირებული და ნეიტრალური, არა ინდივიდუალურია და პირობითობის კიდევ ერთ შრეს ქმნის. მათ, დაახლოებით, ერთნაირად აცვიათ, მსგავსი ვარცხნილობა აქვთ. კაბები, საღამოს კაბებისა და საღამურების ერთგვარი ნაერთია, თავისუფალი და მოდურობის (რაც ასევეა დროის ნიშნების გამომხატველი) გარეშე სილუეტებითა და სტილით.
მსგავსია მათი ვარცხნილობაც, მკვეთრი შეგრიმვით გამოკვეთილი თვალები და სახეები და მსგავსია იერიცა და პლასტიკაც, რაც ასევე ათავისუფლებს სიზუსტისა და დაჟინებულ „მისამართებზე“ მითითებებისგან.
თათა პოპიაშვილის ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით, ყველაფერი უკვე დიდი ხნის მომხდარი და წარსულში - მოგონებებშია დარჩენილი. წარსული აწმყოში მატერიალიზდება. მაგრამ არაა დაკონკრეტებული, რომელია ეს დროები. ამბავიც ორ, დისტანცირებულ პერიოდში, თუმცა, პარალელურად და მონაცვლეობით, ან ერთის მეორეში შეჭრით ვითადება. ერთი დრო მეორის გვერდით არსებობს, ერთმანეთში გადადის და ორგანულად თავსდება.
ცხოვრების სხვადასხვა ფაზა ერთიანადაა ქცეული. ფაქტებისა და მოვლენის აღქმაც არა რეალობა, არამედ, რეალობის აღქმაა და მის მიმართ დამოკიდებულება, კონკრეტულ პერიოდში და წლების შემდეგ. თითქოს მოგონებებია, მაგრამ, თან არცაა მოგონებები.
ამ ორი მოქმედი გმირის ერთ სივრცეში გადაკვეთა, პირობითი დროების პირობითი შეერთებაა. კონტაქტი არსებობს და თან არც. შეხების, ფიზიკური კავშირის მიუხედავად, ურთიერთობის ყოველი დეტალი, თანადგომა და კონფლიქტიც კი, თვით მონოლოგი/დიალოგიც კი, შინაგანია. ოღონდ, ფორმა და სახემიცემული. რადგან იმისთვის, რომ რაღაც გაიგო, უნდა მოუსმინო. გესმოდეს. ამ შემთხვევაში, მოსმენა სწორედ დროში აცდენის გამო, შეუძლებელია. დროში, რომელსაც ვერ დააბრუნებ და მხოლოდ შეიძლება შეაფასო და/ან გადააფასო.
ნიარა ჭიჭინაძე, მართალია, შინაგანად დაძაბული, ოდნავშესამჩნევი ნერვიული მოძრაობებით, დახვეწილი და მეტყველი ჟესტიკულაციით, თუმცა შედარებით მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებულია. მას სტალკერის მისიაც აქვს, დამკვირვებლის, შემფასებლისაც და მმართველის.
ანიკო შურღაიას გმირი ექსპრესიული, ემოციური და ნერვული დაძაბულობის ზღვარს მიღმაა. აფეთქებისა და განწყობების ცვალებადობის მუდმივ პროცესს გადის. რადგან ცხოვრების იმ მონაკვეთს ასახიერებს, როდესაც ხდება ამბავი.
ანიკო შურღაიას პერსონაჟის, ოდესღაც ფსიქოზის ზღვრამდე მისული განცდები და გრძნობები, განშორების, მიტოვებულობის გამო, ნიარა ჭიჭინაძის გმირში უკვე ირონიად და გულგრილ დამოკიდებულებდაა ქცეული. მან, დროის დისტანციიდან გამომდინარე, თავდაპირველი მძაფრი შეგრძნებები ბუნებრივად დაკარგა. და გადააფასა. ალბათ, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც ფაქტს, ამბავს ფიზიკურად აღარარსებულს, მის მიმართ დამოკიდებულების გაუფერულება და სიმძაფრის კარგვა მოსდევს. როგორც დრამას, რომელიც, დროთა განმავლობაში, ფარსად იქცევა. და ყველაფერი მხოლოდ ხსოვნაში რჩება - შეხვედრაც, განშორებაც, ხმებიც, რომლებიც ცხოვრებას ავსებდნენ და მნიშვნელობა ჰქონდათ. და აღარ აქვთ.
პერსონაჟების პირობითი სახეების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ირინა კუპრავას პლასტიკური და ქორეოგრაფული ჩანართები, რომლებიც არა ცეკვა, თუ საცეკვაო ნომრებია, არამედ ქორეოგრაფიულ მონახაზში მოქცეული მხატვრული მეტაფორები, რომლებიც გმირების იმწამიერ შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ. და ქმედითსა და დინამიკურს ხდიან მოქმედებას. რასაც, თავის მხრივ, მყარ საფუძველს უქმნის, პერსონაჟების სამყაროებისა და განზომილებების ურთიერთკავშირი, წარმოსახვისა და დაშვების ფაქტორი, რაზეც აგებს თათა პოპიაშვილი სპექტაკლის სარეჟისორო გადაწყვეტის მთელ სისტემას.
ჟან კოკტოს პიესაში, „იმ“ დამიანის ხმა ისედაც არ ისმის. ისმის მხოლოდ ერთის - მოპასუხისა და მიმღების ხმა და მკითხველი თუ მაყურებელი დიალოგის ერთ ნაწილს, მეორის ნაცვლად, პირველის ნათქვამისა და მისი პასუხებით, რეაქციით იგებს. შესაბამისად, ამ ფორმით იხსნება ამბავიც, რაც ხდებოდა და ხდება. თათა პოპიაშვილის „ადამიანის ხმა“ - სევდიანი სიმღერაა განშორების, მარტოობისა და სიყვარულის შესახებ, რომელიც წესით, მხოლოდ ერთ ხმაში, ამ შემთხვევაში, დუეტში სრულდება.
სპექტაკლის ფინალში კედლების შემაერთებელი კუთხე იხსნება და ნიარა ჭიჭინაძის დახმარებით, ანიკო შურღაიას გმირი ამ ჩაკეტილი ტერიტორიიდან გასვლას - თავის დაღწევას ახერხებს - თვითონვე, საკუთარივე შექმნილი შინაგანი მიჯაჭვულობისგან თავისუფლდება. როგორც, ალბათ, ოდესაღაც მოხდა. და რაც არის კიდეც, ჟან კოქტოს პიესისა და თათა პოპიაშვილის სპექტაკლის იდეა, გენერალური ხაზი და მთავარი სათქმელი.
ფოტო ფოთის თეატრის Facebook გვერდიდან