top of page

ლეგენდარული აკაკი ხორავა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს!

231396611_0_0_2849_1610_600x0_80_0_0_d3f0b582b0f747c1c9433c0ebed775c1.jpg.webp

გუბაზ მეგრელიძე:

 

86 წლის წინათ, 1935 წლის 6 ივლისს ლეგენდარული აკაკი ხორავა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს!

ზუსტად 86 წლის წინათ, 1935 წლის 6 ივლისს ლეგენდარული აკაკი ხორავა სანდრო ახმეტელმა რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლა. ეს მოხდა ბაქოს გასტროლიდან დასის დაბრუნების შემდეგ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე იმ მიზეზებზე ისაუბრებს, რამაც ამ ორ დიდ ხელოვანს შორის კონფლიქტი წარმოშვა:

  • 1935 წლის 4 ივლისს რუსთველის თეატრი ბაქოში ერთთვიანი გასტროლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ - 6 ივლისს სანდრო ახმეტელმა თეატრის წაყვანი მსახიობი, თავისი სპექტაკლების მთავარი როლების შემსრულებელი აკაკი ხორავა თეატრიდან გაუშვა. ხორავას მხარდაჭერის გამო, ახმეტელმა სარეჟისორო კოლეგიიდან გაათავისუფლა აკაკი ვასაძე, ჩამოართვა მას სტუდიის ხელმძღვანელობაც და 250 მანეთიც მოუხსნა. დატოვა მხოლოდ მსახიობად. პროტესტის ნიშნად, აკაკი ვასაძემ რუსთაველის თეატრიდან წავიდა. ასე რომ, ზუსტად 86 წლის წინათ რუსთაველის თეატრში ვულკანი ამოიფრქვა - თეატრი დარჩა ორი წამყვანი  მსახიობის გარეშე. 1935 წლის 8 ივლისს აკაკი ვასაძm ახმეტელს წერილი მისწერა: 15 წელი რუსთაველის თეატრში შეურცხვენელად ვიმუშავე, 1930 წლიდან  არასასურველ მოპყრობას ვგრძნობ, ისეთ პირობებში ჩამაყენეთ, იძულებული ვარ თეატრი დავტოვოო.

  • რა იყო ხორავასა და ახმეტელის კონფლიქტის მთავარი მიზეზი?

  • ბაქოს გასტროლზე წარმოშობილი კონფლიქტი რუსთაველის თეატრში წინა წლებში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო. 1930 წელს მოსკოვში გამართულ სსრ კავშირის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე რუსთაველის თეატრის გამარჯვების მიუხედავად, თეატრი  დაგეგმილ გასტროლზე საზღვარგარეთ არ გაუშვეს. გასტროლი ლავრენტი ბერიამ ჩაშალა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - სანდრო ახმეტელი სსრ კავშირში აღარ დაბრუნდებაო. ამ მოსაზრების გასამყარებლად მან ცკ-ის პირველ მდივან ლევან ღოღობერიძეს ანგარიში წარუდგინა (ბერიას დაკითხული ჰყავდა ახმეტელის მუშაობით  უკმაყოფილო თეატრის ადმინისტრაციის მუშაკები). იმავე ბერიამ თეატრს გასტროლი ჩაუშალა 1933 წელსაც. ერთი წლის შემდეგ კი - 1934 წელს რუსთაველის თეატრის წინასაიუბილეო დღეებში გამართულ თათბირზე, ახმეტელმა მწვავედ გააკრიტიკა ლავრენტი ბერია და მთავრობა, განაცხადა, ჩემს მსახიობებს, ერთთვიანი ხელფასით დაჯილდოების ნაცვლად, ერთკვირიანი შვებულების თანხა გამოუყვესო. ამას გარდა, თეატრის ფოიეში მოწყობილ გამოფენაზე არ ჩანდა ბერიას დამსახურება თეატრის წარმატებებში. სამაგიერიდ, გამოფენილი იყო სტალინთან ერთად გადაღებული ახმეტელის ფოტო. ეს იყო გამოწვევა. ამას ემატებოდა თეატრში გავრცელებული ხმები, თეატრის საქმეებში ჩარევა ბერიას საქმე  არ არისო და ბერიას არც ის ჰქონდა დავიწყებული, ინჟინერ ვლადიმერ ჯიქიას აივნიდან როგორ აგინა ახმეტელმა. ასევე, არსებობს ვინმე კაჭარავას ინფორმაცია, რომელიც იმავე -1935 წლის ზაფხულში ბერიასა და დეკანოზოვის საუბარს შესწრებია, ბერიას ახმეტელზე ამბობდა „გამომხტომელიაო“.

  • დავუბრუნდეთ ბაქოს გასტროლს...

  •  ბაქოს გასტროლზე შემდეგი ფაქტი მოხდა: 1935 წლის 22 ივნისს აკაკი ხორავას სპექტაკლში - „ლამარა“ იჩო უნდა ეთამაშა. სასტუმროში დღის საათებში მას სომეხი- მსახიობი ოვანეს აბელიანი შეხვდა და კონიაკი დალიეს. გამოსაფხიზლებლად - საღამოს სპექტაკლამდე, ხორავამ მსახიობ გიორგი სარჩიმელიძეს ბაქოს ქუჩებში მანქანით გასეირნება სთხოვა. სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათი ძილიც მოასწრო. სპექტაკლმა ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ ახმეტელის მეუღლემ - თამარ წულუკიძემ, განაცხადა, ხორავა სპექტაკლზე ნასვამი მოვიდაო - თურმე, როცა სცენაზე ხელში აიყვანა (იჩომ ლამარა - აკაკი ხორავამ თამარ წულუკიძე), ხორავასგანალკოჰოლის სუნი იგრძნო. ამ ფაქტს ახმეტელის მხრიდან შემდეგი შეფასება მოჰყვა: ხორავა თეატრს სულში აფურთხებს, მისი საკითხი გასტროლების დასრულებისას დაისვას, ხოლო თამარ წულუკიძე 300 მანეთით დაჯარიმდეს და სასტიკი საყვედური გამოეცხადოსო. ახმეტელს ახსნილი არ ჰქონდა, წულუკიძეს რა მიზეზით აჯარიმებდა. სიტუაცია დაამძიმა მურად ხინიკაძის განაცხადებამ: ხორავამ ლამარა ასწია, ხელიდან გაუვარდა და თვითონაც წაიქცაო. ასეთი რამ მართლაც რომ მომხდარიყო, აუცილებლად გახმაურდებოდა აზრბაიჯანშიც და საქართველოშიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 25 ივლისის თათბირზე ლავრენტი ბერიამ განაცხადა: მთვრალი მსახიობი სცენაზე რომ დაცემულიყო, დიდი აურზაური მოხდებოდაო. ამ ამბებზე არსებობს ხორავას ჩანაწერი: ვისაც ახმეტელის რეზოლუციის მიზეზის გაგება სურს, 1935 წლის რეორგანიზაცია უნდა შეისწავლოს და ყველაფერი გასაგები იქნებაო.

  • რას გულისხმობდა აკაკი ხორავა?

  • კონფლიქტი 1930-1933 წლებიდან დაიწყო, როცა საქართველოს პოლიტსამმართველომ რუსთაველის თეატრს საზღვარგარეთ გასტროლებზე წასვლის ჩაშლა. 1933 წლიდან ახმეტელს ურთიერთობა გაურთულდა მწერლებთანაც - სიმონ ჩიქოვანთან, სანდრო შანშიაშვილთან, პატიკო ქიქოძესთან, შალვა დადიანთან. ვითარება გაამწვავა იმანაც, რომ წამყვანმა მსახიობებმა ურთიერთობა გააბეს მთავრობასთან და პირად საკითხებზეც კი მიმართავდნენ. ახმეტელი ხედავდა, რომ თეატრის დისციპლინა ირღვეოდა, დასში გაჩნდა ურთიერთსაპირისპირო ჯგუფები. ამასთან, 1934 წელს, როცა რუსთაველის თეატრის საიუბილეოდ კრებული გამოიცა, კოტე მარჯანიშვილის ღვაწლი რუსთაველის თეატრის შექმნაში იგნორირებული იყო, საერთოდ არ გახსენებიათ ნინო დავითაშვილი და ალექსანდრე იმედაშვილი. ამის გამო იმედაშვილმა თეატრი დატოვა. გარკვეული ჯგუფი კი ამ პოზიციით (თამარ წულუკიძის ხელმძღვანელობით) იყო: საქართველოში ახმეტელის ნიჭი სათანადოდ არ ფასდება,  გატოლებლია მსახიობებთან - ხორავასთან და ვასაძესთან, მას - როგორც დიდ რეჟისორს, მხოლოდ საზღვარგარეთ დააფასებენო. ახმეტელს მთელი სარეჟისორო კოლეგია გადაუდგა.

  • თეატრიდან ახმეტელის გაშვების საბაბად იქცა ახმეტელისვე სიჯიუტე, ხორავა თეატრში რომ არ აღადგინა?  

  • ახმეტელი თეატრიდან გაუშვეს ცკ-ს 1935 წლის 3 აგვისტოს დადგენილების არშესრულების გამო, სადაც მოთხოვნილი იყო ხორავასა და ვასაძის აღდგენა (ამავე დროს აღნიშნული იყო, რომ ესენი დაშვებული შეცდომების გამო დასჯილიყვნენ). ახმეტელმა ეს არ შეასრულა. 25 აგვისტოს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის თათბირისა და 13 სექტემბრის ცკ-ას ბიუროს სხდომების ანგარიშებში ჩანს ბერიას აქტიური პოზიცია რუსთაველის თეატრის საკითხებთან დაკავშირებით. მიიღეს ახმეტელის გათავისუფლების გადაწყვეტილებას. დადგენილება დაიბეჭდა 1935 წლის 15 სექტემბრის „კომუნისტში“ (თეატრის შიდა კონფლიქტი  საქართველოს ცენტრალურ კომიტეტსა და ახმეტელს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახმეტელი საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო, ეს დაპირისპირება მთავრობასთან ბრძოლად აღიქმებოდა). 24 სექტემბერს იმავე „კომუნისტით“ ყველას ეცნობა თეატრის ახალი პოლიტიკის შესახებ, დაიბეჭდა თეატრის ახალი ხელმძღვანელების წერილები, სადაც მთელი შემართებით განაცხადეს, რომ ახალ რელსებზე დგებოდნენ და ახმეტელის გზით აღარ ივლიდნენ. ასეთი პათოსით იყო გაჟღენთილი თეატრის დირექტორის ერმილე გორდელაძის, აკაკი ვასაძის, ირაკლი გამრეკელის, იონა ტუსკიას, კუკური პატარიძისა და სხვათა წერილები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების მერე პოლიტსამმართველოს ახმეტელისათვის თვალი არ მოუცილებია, მასზე გროვდებოდა ინფორმაცია. მოსკოვში მისი გამგზავრების მერე, 1935 წლის 20 სექტემბრს, ბერიამ იქიდან შეტყობინება მიიღო, არსებობს „კრემლის ქართველებთან“ახმეტელის მიღწევის საშიშროებაო. ახმეტელს ამაში ხელს უწყობდა მოსკოვში მომუშავე ბერიას მოწინააღმდეგე გუნდი. 1936 წლის 19 ნოემბერს ახმეტელი მოსკოვში დააკავეს.

  • როგორ მოიქცა აკაკი ხორავა?

  • 86 წლის წინათ, ზუსტად ამ პერიოდში რუსთაველის თეატრში დაწყებული დიდი  ვნებათაღელვა დასრულდა იმით, რომ ორ თვეში თეატრში დააბრუნეს აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, დაიწყეს ახალი სპექტაკლების დადგმა. ნახევარი საუკუნის მანძილზე საზოგადოებამ არ იცოდა ამ კონფლიქტის ნამდვილი არსი, ამიტომაც არსებობდა ლეგენდები. პირველი მკვლევარი, რომელმაც სუკ-ის არქივი იხილა და პირადად გაეცნო „ახმეტელის საქმეს“, მე ვიყავი და სიმართლის დადგენაც მხოლოდ ბოლო დროს მოხერხდა, როცა მკვლევარებს ამ არქივის მეცნიერული დამუშავების საშუალება მოგვეცა. ამით დამთავრდა ის ლეგენდა, თითქოს სანდრო ახმეტელის მოხსნა და შემდგომ მისი რეპრესირება რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობების ბრალი იყო.  

bottom of page