top of page

ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

daf60bde-bfca-497f-b13c-72b5865cdb65.jpeg

05.07.2026

თამთა ქაჯაია

ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

 

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონსა თუ კუთხეს, თავისი, დიდი თუ პატარა, კონკრეტული ნიშით დამკვიდრებული ფესტივალი გააჩნია. ერთ-ერთი გამონაკლისი მხოლოდ მაღალმთიანი აჭარა გახლდათ და ისიც 2025 წელს თამაზ ბოლქვაძის ინიციატივით, „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ სახელით - იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე დაფუძნდა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისიტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართა. ხულოს თეატრი, მთის თეატრებიდან ერთადერთი სახელმწიფო თეატრია და მიუხედავად ფესტივალის ვიწრო მასშტაბისა, ორგანიზატორმებმა მოახერხეს და პირველივე ჯერზე საერთაშორისოს სტატუსი მიანიჭეს მას. საერთაშორისოში - დასებს არ ვგულისხმობ, ფესტივალმა ორ უცხოელ სტუმარს უმასპინძლა, გერმანიიდან - ვალერია ბარჩალ ჩორთსა და იაპონიიდან - აცუში კაკუმოტოს.

სტუმრებმა ადგილობრივი მსახიობებისათვის და არა მარტო, ვორქშოფები ჩაატარეს. ვალერია ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ჯგუფს, რომლის წევრები სხვადასხვა ეროვნებისა და შემოქმედებითი გამოცდილების მქონე არტისტები არიან. იგი ეუფლება ბუტოს ტექნიკას, ჯამბაზის ხელოვნებასა და ეცნობა ჩაკრების ფილოსოფიას. მისი არტისტები თითოეულ დავალებას ინდივიდუალურად, საკუთარი ფორმით ქმნიან, რაც კომპლექსურად პერფომანსს უფრო მრავალშრიანს ხდის. მისი მრავალფეროვანი გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი მსახიობებისათვის. ვალერიას ვორქშოფში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სხეულისა და შინაგანი მდგომარეობის ურთიერთკავშირს. სხეულის ცნობიერმა კონტროლმა პერფომანსის გამომსახველობა განსაზღვრა.

აცუში კაკუმოტოს  ვორქშოპი, მოძრაობისა და სხეულის მართვის ტექნიკას მიეძღვნა. ორივე ხელოვანის მთავარი აქცენტი „სხეულზე ცნობიერ კონტროლზე“ გაკეთდა. ერთი შეხედვით ვორქშოფები ფესტივალებზე უკვე დამკვიდრებული მეთოდია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ხულოს ტერიტორიულ ადგილმდებარეობას, უფრო ნათლად დავინახავთ მის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.  ალპური ზონის თეატრები, დედაქალაქისა და რეგიონალური თეატრებისგან განსხვავებით  უფრო სხვა, დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მაგალითად, კლიმატი, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია, მოგეხსენებათ ზამთრის პირობებში დიდ თოვლობის გამო  ქალაქთან დამაკავშირებელი გზები იკეტება და მათთვის მიუწვდომელი და შეზღუდულია კულტურული, საგანმანათლებლო პროექტები თუ ფესტივალები.

აღნიშნულმა ფესტივალმა მთის რეგიონის კულტურულ სივრცეს ახალი სიცოცხლე და ინტერესი შესძინა. მაღალმთიანი რეგიონი გააცოცხლა, მაყურებელი (არც თუ ისე განებივრებული) ყოველდღიურად ელოდა სპექტაკლს და წარმოდგენის დაწყების წინ, მომლოდინე ხალხი (მათ შორის ბავშვები) მუდმივად  თეატრის ეზოს ავსებდნენ.

საქართველოდან - ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ოთხმა თეატრალურმა დასმა მიიღო მონაწილეობა, ხულოს, ამბროლაურის, ხარაგაულისა და მესტიის სახელმწიფო და მუნიციპალურმა თეატრებმა. ფესტივალის პროგრამა პასუხობდა მის კონცეფციასა და მიზანს, თითოეული სპექტაკლი გარკვეულწილად ეხმიანებოდა ადგილობრივების პრობლემებს.  ფესტივალი - ხულოს თეატრის სპექტაკლის „ზვავით“ გაიხსნა, რომელიც თურქ დრამატურგს თუნჯერ ჯუჯენოღლუს ეკუთვნის, იგი სიმბოლურად ეხმიანება მთის მკაცრი კლიმატის პირობებში, ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანების, პრობლემებს, სირთულეებსა და გამოწვევებს.

ამბროლაურის მუნიციპალური თეატრის დასმა „ბამბაზიის სამოთხე“ (პიესის ავტორი - ნინია სადღობელაშვილი) წარუდგინა მაყურებელს, სადაც მთავარი სათქმელი და კულმინაციური სცენაა ქართველი და აფხაზი დედის შეხვედრა, რაც რეალურად კონფლიქტის საბოლოო მოგვარებასა და შერიგებას გულისხმობს. აღნიშნული სპექტაკლი რეჟისორი - მამუკა ცერცვაძე გახლავთ. ემოციურად, მაყურებელზე კულმინაციურმა ეპიზოდმა ძალიან იმოქმედა.

შემდეგ, ხარაგაულის სახალხო თეატრის - სევდანარევი „დოდოს მოლოდინში“ (პიესის ავტორი - დავით ტურაშვილი) ვიხილეთ, რომელიც ემიგრაციაში მყოფი ქალების ამბავს გვიყვება ისე, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები ერთდროულად გვიჩნდება. სპექტაკლის რეჟისორი - ირინე ჩხეიძე გახლავთ, რომელიც ამავდროულად სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

სვანური ფოლკლორის საფუძველზე  შექმნილი ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ბეთქილი“ (რეჟისორი - კახა ბაკურაძე) წარმოადგინა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა. ეს არის  მიმოდრამა, სხეულის ენითა და ცოცხალი ფოლკით შესრულებული სპექტაკლი, რომელმაც დახურა ფესტივალი. ცხადია, პროგრამას ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადგან იგი განსაზღვრავს ფესტივალის მომავალს.

ჩემთვის, ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული აღმოჩნდა თავისი შინაარსითა და შემოქმედებითი ენერგიით. ფესტივალმა მიიღო და გაცვალა თეატრალური ხედვა, პრაქტიკა თუ გამოცდილება, რამაც ასევე, ადგილობრივი მსახიობებისთვის მნიშვნელოვან პროფესიულ ზრდას შეუწყო ხელი. ფესტივალის პროცესში  გაიცვალა იდეები და დაისახა სამომოავლო გეგმები.

ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მიზანი და ამოცანები გამართლდა, რადგან მან გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კულტურები და შესაძლებელი გახადა უცხოელი შემოქმედბის გამოცდილების გაზიარება. ვორქშოფებმა ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივ შემოქმედებს გააცნო საერთაშორისო თანამედროვე ტენდენციები, მათი ეროვნული ტრადიციები და კულტურული იდენტობა. ამ ფესტივალს გააჩნია ნიშა,  რომელიც ყურადღებას ამახვილებს და ფოკუსირდება კონკრეტულად ალპური რეგიონების თეატრალურ ხელოვნებაზე. გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ მისი ადგილი საფესტივალო ცხოვრებაში არსებობს. წარმატება მინდა ვუსურვო ფესტივალის შემოქმედებით და საორგანიზაციო ჯგუფს.

bottom of page