ხუთი დასის პირველი მცდელობა - თეატრალური სცენიდან გვითხრან სათქმელი
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მარინა მითაიშვილი
ხუთი დასის პირველი მცდელობა - თეატრალური სცენიდან გვითხრან სათქმელი
სულმნათი ნოდარ დუმბაძე ყველაზე პოპულარული ავტორი გამოდგა ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, მისი ნაწარმოებების მიხედვით სამი სპექტაკლი წარმოადგინეს, მეოთხეთი კი, „ჰელადოსით“, ფესტივალის საზეიმო გახსნა დამშვენდა.
მოთხრობა „ბოშები“ ორი დადგმის შთაგონების წყარო გახდა. დღეს ორივეზე ვისაუბრებთ.
ქობულეთის #5 საჯარო სკოლის (დირექტორი - ნარგიზ ჯინჭარაძე) დასმა „ხვალინდელი დღე“ სპექტაკლი „ბოშები“ (რეჟისორები - შორენა ქამადაძე, მანონი რიჟვაძე) ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ 3 დეკემბერს გამართა. დამდგმელებმა ავტორის თხრობა აირჩიეს სასცენო მოქმედების განმსაზღვრელ მთავარ ძალად. მართალია, მთხრობელის როლის შემსრულებელი მოზარდის პირობაზე საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას, მაგრამ მაყურებლის ყურადღების იმ დროით დაჭერა, რაც ამ სპექტაკლში ნორჩ შემსრულებელს დაეკისრა, ზრდასრულ მსახიობსაც გაუჭირდებოდა. კარგი იქნებოდა, თხრობა მეტად ყოფილიყო გაჯერებული შესაბამისი სცენებით, თუმცა რაც იყო, საკმაოდ ეფექტიანად ჯდებოდა სპექტაკლის საერთო ქსოვილში. დასი მარტივად, გასაგებად მოგვითხრობს ამბავს ადამიანური თანაგრძნობისა და სოლიდარობისა. პატარა მსახიობებს ნოდარ დუმბაძისეული ჰუმანიზმის სილამაზე ნამდვილად არ დაუკარგავთ და მაყურებლამდე სათქმელი საკმაოდ ამაღელვებლად მოიტანეს. ყმაწვილი არტისტების (დავით გაზაშვილი, მარიამ აბულაძე, მარიამ ბაჯელიძე, ანი კვიცარიძე, ნინო ტორჩინავა, გიორგი კუჭუხიძე, თორნიკე შავაძე, ილია ბაჯელიძე, დავით ჭაღალიძე, მარი უბილავა, მერი ვერულიძე, გიორგი ამბარიანი, გიორგი ლორთქიფანიძე, იანუშ ალიმოვი, ერიკ მელიამედოვი, ჯონი მელიამედოვი, ლიზი მელიამედოვი, ლალიტა მელიამედოვი) უმრავლესობის მეტყველებაც სავსებით შეეფერება სცენურს, ნორმალურად ისმინება, ინტონაციაც და პერსონაჟებად გარდასახვაც არ დაიწუნება მათი ასაკის არტისტებისთვის, ამიტომ მიზანიც - მაყურებელთან ემოციური კავშირი, მიღწეულია. მთხრობელთან ერთად გამოვყოფდი ფეხმძიმე ბოშა ქალის როლის შემსრულებელი გოგონას სამსახიობო მონაცემებს, რომელთა განვითარების შემთხვევაში, შეიძლება კარგი არტისტები მივიღოთ.
ბათუმის #2 საჯარო სკოლის (დირექტორი - მარიზა აბაშიძე) დასის „სახიობა“ სპექტაკლი „ბოშები“ (რეჟისორი - ილია ჩუთლაშვილი) ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში იხილა მაყურებელმა. მასში გამოყენებული იყო ნოდარ დუმბაძის სხვადასხვა ნაწარმოები („ბოშები“, „დიდრო“...). მხატვრული სახეების ეს მოზაიკა, რომლითაც რეჟისორი „გადარეული გურულების“ სიყვარულით დახატვას შეეცადა, ფრიად ჭრელია. ვფიქრობ, პერსონაჟების სიუხვე , რაც რამდენიმე ნაწარმოების შეჯვარებითაა გამოწვეული, ამ შემთხვევაში არაა მომგებიანი, ჰარმონიულად შერწყმული. როგორც ჩანს, დამდგმელს სურდა, ფერებით დაეტვირთა სპექტაკლი, მაგრამ, საერთო სურათი უფრო სადა რომ ყოფილიყო, სათქმელიც მოიგებდა და სპექტაკლიც. ასე კი ჰგავს ნამცხვარს, რომელიც ძალიან ბევრი ისეთი ინგრედიენტისგან შედგება, რომელთა გემოები ერთმანეთს ხელს უშლის. სცენა, სადაც თანასოფლელებმა ბოშებს ქურდობა აპატიეს, კულმინაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამას მოჰყვა დიდროს გარდაცვალება, რომელიც უკვე სხვა მოთხრობის, ანუ სხვა კატეგორიის ემოციური კულმინაციაა, ასევე „სხვა ოპერიდანაა“ შინმოუსვლელის დატირებაც... ეს წარმოდგენა ყველაზე ხანგრძლივიცაა (50 წუთი), როგორც ვთქვით, მეტპერსონაჟიანიც და მრავალსცენიანიც, ცხადია, შრომაც დიდია გაწეული. მასში ბევრია იმედისმომცემი სამსახიობო მონაცემების მქონე მოზარდი. ისინი ლაღად გრძნობენ თავს სცენაზე, შესანიშნავად მეტყველებენ, ასრულებენ რეჟისორის ამოცანებს და გვიხატავენ სახასიათო სახეებს, თუმცა მხიარული სცენები უფრო გამოსდით, რაც სრულიად ბუნებრივია ბავშვური ასაკისთვის.
ანა ჭანიძემ, ანა მუთიძემ, ალექსანდრე კაპანაძემ, დაჩი ბოლქვაძემ, თორნიკე შავაძემ, ირაკლი ბზიკაძემ, ზურა ტაკიძემ, გიგი გოგუაძემ, ანა ხვიბლიანმა, ხატია მელაძემ, ანა პეტრიძემ, საბა ხამათაშვილმა, ანა ვაჩეიშვილმა, მარიტა ღოღობერიძემ, მარიამ შაფათავამ, შოთა შარაძემ, ლინდა ბერიძემ, ნატალი ანანიძემ, უდავოდ, დაიმსახურეს მაყურებლის მოწონება, რადგან დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს. მათ მომავალ ნამუშევრებს აუცილებლად დაველოდებით.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის (დირექტორი - ლიანა ბოლქვაძე) დასმა „ნოვატორები“ მუხრან მაჭავარიანის ლექსის „საბა“ მიხედვით წარმოადგინა აჭარის მუზეუმში თეატრალიზებული ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „მოგზაურობა დროში“ (რეჟისორი - ქეთევან დეკანაძე, ინსცენირების ავტორი - დარიკო მელაძე). მასში ასევე გამოყენებულია მურმან ლებანიძის, ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები. ინსცენირება პატრიოტული სულისკვეთებისაა. აქ ტკივილი სამშობლოს ძნელბედობის გამო გამოხატულია ეპიზოდით აღნიშნული ლექსიდან - სულხან-საბა ორბელიანი საქართველოს ხსნას ევროპაში - საფრანგეთის კარზე ეძებს, მაგრამ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ჩვენი ქვეყნის ბედი „ფეხზე ჰკიდია“. ამ ორი ისტორიული პერსონაჟის, ასევე ვახტანგ მეფის, მთხრობელის, სტამბოლში შვილგაყიდული, შაოსანი დედის, სპარსელის კოსტიუმირებულად წარმოჩენით, ზოგიერთი მათგანის მონოლოგით, ზოგის - მცირე დიალოგით და სულაც უსიტყვოდ თამაშის მცდელობით ლექსებისა და სხვა მხატვრული ნაწარმოებების დეკლამატორულად კითხვის ფონზე, ეს ღონისძიება ვერ ცდება ზემოთ ხსენებული კომპოზიციის ჩარჩოებს. „იყიდება საქართველო“ - ნიკო ლორთქიფანიძის ამ მინიატურული, მაგრამ ტევადი ნოველით ეცადა პატრიოტული გრძნობების კიდევ უფრო გამძაფრებას აღნიშნული დასი. მისი წევრების (მუხრან კოჩალიძე, გიორგი თავართქილაძე, ქეთევან ოჯახიშვილი, ნიკა ბოლქვაძე, ელისაბედ კოჩალიძე, ანრი მახარაძე, ნია ადეიშვილი, ჯაბა მელაძე, ანრი ბოლქვაძე, ნიკა ცეცხლაძე) მონდომება, გულწრფელობა და სამშობლოსადმი სიყვარული მოსაწონია, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალ სეზონზე საკუთარი შესაძლებლობების გამომზეურების მეტი საშუალება მიეცემათ. ინსცენირების ფინალი ოპტიმისტურია, რადგან მოზარდი მსახიობები აქ საქართველოს გადარჩენისთვის მომავალი თაობის ზრუნვაზე ლაპარაკობენ.
ფესტივალზე ყველაზე ხანმოკლე გამოდგა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის (დირექტორი - იოსებ შავაძე) დასის „დიდაჭარა“ მიერ წარმოდგენილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „მოუარე საქართველოს“ (რეჟისორი - გუგული ხიმშიაშვილი), რომელიც აჭარის მუზეუმში გაიმართა. ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების მიხედვით დადგმული ეს სანახაობაც პატრიოტული გრძნობებითაა განმსჭვალული. გავლებულია პარალელები თანამედროვეობასთან (ჟურნალისტის გაჩუმების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კაპიკებად გაყიდვის სცენები). ფინალში საქართველოს რუკის ფორმის ქსოვილს, რომელზეც ასევე ჩვენი ქვეყნის დროშაა გამოსახული, „ჩემია-ჩემიას“ ძახილით, მონაწილეები თავიანთკენ ქაჩავენ, რითაც მიგვანიშნებენ, როგორ დაუდევრად, დანაშაულებრივად ვექცევით სამშობლოს... კომპოზიცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით მთავრდება. ვფიქრობ, ყმაწვილი მსახიობების და მათი ხელმძღვანელის ეს პირველი მცდელობა, თეატრის სცენიდან გამოხატონ გულისტკივილი სამშობლოში არსებული არასახარბიელო ვითარების გამო და სურვილი უკეთესი მომავლის შენებისა, შემდეგ სეზონზე უფრო დაიხვეწება, ჩანაფიქრი გამდიდრდება და უკეთ წარმოჩნდება, რადგან ყველაზე ძნელი - პირველი, ნაბიჯი უკვე გადადგმულია. საამისოდ მონაწილე-შემსრულებლებს - ლევან გობაძეს, გოჩა გობაძეს, სალომე ბოლქვაძეს, ნინი შავაძეს, სულხან შავაძეს, ქეთი შავაძეს, ლიკა შავაძეს, ლია შავაძეს, ლაშა ხოშორაძეს, ნინი წულუკიძეს შესანიშნავი მონაცემები აქვთ.
„პირველი ავტოგრაფი“ დააგვირგვინა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის (დირექტორი - არსენ შავაძე) დასის “განთიადი“ სპექტაკლმა „გიორგი მეფის გასამართლება“ (რეჟისორი - იოსებ შავაძე) კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“ მიხედვით. მისი გამორჩეული ფორმა, რაც დაანონსებული იყო, თავიდანვე ინტერესს აღძრავდა - ვიცოდით, რომ სპექტაკლი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზში უნდა გამართულიყო მეფე გიორგის გასამართლების, ასე ვთქვათ, იურიდიული პროცედურის დაცვით. დიდი მწერლის ნაწარმოების ტექსტი, მართლაც, კარგად მოარგეს სპექტაკლის ამოცანას - შეეფასებინათ მეფე გიორგის, როგორც მნიშვნელოვანი ისტორიული გმირის მიერ ჩადენილი საქმეების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბუნებრივია, პირველის წარმოჩენას დამცველი ცდილობდა, მეორისას - ბრალმდებელი. მოკლედ, „სასამართლო“ წესების დაცვით წარიმართა - მოსამართლით, მდივნით, მსაჯულით, მოწმეებით... ამ როლების შემსრულებლებს (რამაზ ხოზრევანიძე, რაინდ შავაძე, ლინდა შავაძე, ანრი შავაძე, ლიკა ხოზრევანიძე, ნინი ხოზრევანიძე, რენარი შავაძე, თათია შავაძე, ანეტ შავაძე ანა ხოზრევანიძე) გათავისებული ჰქონდათ თავიანთი სცენური ამოცანები და გულმოდგინედ ასრულებდნენ მათ - ცდილობდნენ ტექსტთან ერთად მანერებით, მიხვრა-მოხვრით, ინტონაციით, გამომეტყველებით - შინაგანი გარდასახვით დაეხატათ თავიანთი პერსონაჟების განწყობა. მოსამართლე, მართლაც, სამართლიანი და ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც მორიდებას იმსახურებს, ბრალმდებელი შეუვალი გახლდათ, დამცველს ამ საქმეში საკუთარი დანიშნულება კარგად ჰქონდა გააზრებული და შესაბამისადაც მჭევრმეტყველებდა, მეფე გიორგიში კი არა მარტო თავის გამართლების, არამედ საკუთარ ნამოქმედარში ჩაღრმავების, სიმართლის დადგენის სურვილიც და თვითკრიტიკის მარცვლებიც შეიმჩნეოდა, რაც მაყურებელსაც განაწყობდა ამ კარგად ნაცნობი ისტორიული პერსონაჟის შეფასებისთვის, საერთოდ ლიდერისთვის აუცილებელ თვისებებზე, მის ავკარგიანობაზე დაფიქრებისთვის. ამგვარად, სპექტაკლი თანამედროვეობასაც ეხმიანებოდა. მართალია, პათეტიკას, სპექტაკლისთვის (მით უფრო ამ სახის) არაორგანულ დეკლამატორულ გამოსვლებს ზოგიერთი პერსონაჟის შემთხვევაში ვერ ავცდით, მაგრამ მთლიანობაში, ახალჩამოყალიბებული დასის პირობაზე მშვენიერი ნამუშევარი ვიხილეთ.