top of page

ყოველდღიურობის ტყვეობაში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

836982541_18075049484751128_4225841924624753815_n.jpg

20.10.2026

ანი გონგაძე

ყოველდღიურობის ტყვეობაში

თბილისის კამერული თეატრი  პრემიერა „ყოველდღე“

​

ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ ახლავს თბილისის კამერული თეატრის წარმოდგენებს უფრო ხშირი გამოხმაურება და შეფასებები. ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ თეატრის ნამუშევრები იმაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე იღებს.

​

ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სამუშაო რუტინას უკავშირდება. ამიტომ, როდესაც სპექტაკლის აღწერა წავიკითხე, თავდაპირველად გამიჩნდა განცდა, რომ ეს იქნებოდა ნაცნობი გარემო, განმეორებადი დღეები, ამასთან დაკავშირებული კომპლექსები და ტრავმები და პარალელურად სამუშაო ურთიერთობები, შესაბამისად სპექტაკლის დაწყებისთანავე გარკვეულ მომენტებში თითქოს ჩემს თავსაც ვხედავდი და უფრო მეტად ვგრძნობდი მსახიობებთან სიახლოვეს.

​

სპექტაკლის დაწყებამდე მუსიკალურმა გაფორმებამ განწყობა უკვე შეგვიქმნა მაყურებელს,  (კომპოზიტორი: ნიკოლოზ ჩაჩანიძე) აი ისეთი იყო, ყოველდღიურ რუტინას პოზიტიურად რომ დაგვაწყებინებს. ზოგადად, მუსიკალურ გაფორმებაზე ცალკეულად ბევრის თქმა გამიჭირდება, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჰარმონიული სიზუსტითა და სხვადასხვა განწყობით თან სდევდა სცენებსა და პერსონაჟთა შინაგან მდგომარეობას.

​

სცენაზე საოფისე სივრცეს ვხედავთ, შემოდის მარიამ ქიტიას სილვია, არა, უფრო შემორბის! მისი გამოჩენა არც თუ ისე მშვიდია, დაგვიანების გამო ქაოსურად მოძრაობს, თითქოს ცდილობს, ჩვეულებრივ სამუშაო დღეს სწრაფად დაეწიოს. აცვია ნაცრისფერი, მუხლამდე ქვედაბოლო და ამავე ფერის პიჯაკი, თეთრი საოფისე პერანგი და ქუსლიანი ფეხსაცმელი. თმა აწეული აქვს, სათვალე უკეთია. პიჯაკს იხდის, ლანჩს იქვე თაროზე დებს, ერგება სამუშაო გარემოს  და მას ახალი თანამშრომელი მოსდევს.

​

ეს პოლია, რომელსაც გიორგი ჯიქურიძე ასრულებს. მაღალი, ქერა, კლასიკურად ჩაცმული, პალტოთი და ქუდით, ისიც აგვიანებს და ცდილობს პირველი სამუშაო დღე პოზიტიურად, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით დაიწყოს. და აი შედგა მათი პირველი კომუნიკაცია, იწყება სამუშაო სივრცის გაცნობა და ამასთან ერთად ერთმანეთის ბუნების  გამოკვეთაც. პერსონაჟების პირველი გამოჩენა მათ შორის გარკვეულ ვიზუალურ კონტრასტს უკვე ქმნის.  ამ ეტაპზე მათი შინაგანი სამყარო ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ნათელია, რომ ამ სივრცეში ორი განსხვავებული ადამიანის ცხოვრება იკვეთება.

​

გიორგი აფხაზავას დადგმაში, ( მხატვარი: ნინო ქიტია) მიურეი შისგალის პიესის ერთ-ერთი მთავარი ხაზის ამოსაკითხად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დროის ვიზუალურ ნიშნებს. პერსონაჟების სამუშაო მაგიდაზე არსებული ფურცლები, სხვადასხვა გვერდებზე გადაშლილი წიგნები, სცენებს შორის პერსონაჟების შენელებული, კონკრეტული ცვლილებისკენ მიმართული მოძრაობები, ქმნის განცდას, რომ დროის ცვლილება ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად გრძელდება, სცენოგრაფია ზუსტად და ორგანულად ემსახურება ამ იდეას. საინტერესოა სწორედ ისიც, რომ რეჟისორი ამ ცვლილებების ჩვენებას, არა მარტო სცენოგრაფის გამოყენებით ახერხებს, არამედ ამ მოვალეობას თავად მსახიობებს აკისრებს, რასაც თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი მარიამ ქიტია მშვენივრად ახერხებს.

​

 სპექტაკლის სათაური „ყოველდღე“ ზუსტად ეხმიანება მის შინაარსს. ყოველდღიურობა ერთდროულად ქმნის სტაბილურობის განცდასაც და დროის შეუმჩნევლად დაკარგვის საფრთხესაც. ნაცნობი გარემო ადამიანს უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს, მაგრამ შესაძლოა იმ სივრცედაც იქცეს, საიდანაც გასვლა სულ უფრო რთულდება. პერსონაჟები თითქოს ცვლილებას ელოდებიან, თუმცა თავადაც მონაწილეობენ იმ მდგომარეობის შენარჩუნებაში, რომელიც მათ სურვილებსა და რეალურ ცხოვრებას შორის წინააღმდეგობას წარმოშობს.

​

ამ ხაზს მშვენივრად აჩვენებს ცალ-ცალკე სილვიასა და პოლის ურთიერთობა უფროსის მიმართ, სპექტაკლის მსვლელობისას ორივე პერსონაჟი თავისებურად გამოხატავს უკმაყოფილებას, მეტიც თითქმის მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს უნდა შეცვალონ, თუმცა არა, ან ვერ… მართლაც რთულია შეჩვეულ გარემოზე უარის თქმა, სულ მცირედი დეტალი მაინც თუ გაკავებს.

​

პოლისა და სილვიას პერსონაჟების აღწერას არ დავიწყებ, რადგან თითოეული მაყურებელი, ვინც ნახავს სპექტაკლს, მშვენივრად გაიგებს მათ რეალურ ტრავმებს, კომპლექსებს, დადგმის ერთერთ პლიუსად შემიძლია ესეც ჩავთვალო, როდესაც პოლი და სილვია ცალცალკე მონოლოგების სახით, უშუალოდ მაყურებლის წინ იხსენებენ წარსულს, ბავშვობას, ტკივილებს და მიზეზებს, რატომაც არიან ყოველდღე აქ.

​

მათი ურთიერთობა სპექტაკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა უფრო ფართო თემას უკავშირდება: ადამიანების სურვილს, იცხოვრონ თავისუფლად, და იმ უუნარობას, რომელიც ამ სურვილის განხორციელებას უშლის ხელს. ზოგჯერ ადამიანი საკუთარ მომავალს იმდენად ენდობა, რომ აწმყოს ცვლილების აუცილებლობას ვეღარ ამჩნევს. ხვალინდელი დღე კი მუდმივად რჩება იმ ადგილად, სადაც თითქოს ყველაფერი უნდა დაიწყოს.

​

მარიამ ქიტიასა და გიორგი ჯიქურიძის შესრულებაში მნიშვნელოვანია პერსონაჟებს შორის ურთიერთობის თანდათანობითი ცვლილება. მათი სიახლოვე ყოველდღიურ ჩვევებში, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში და მცირე ჟესტებში ვლინდება. სწორედ ასეთ მომენტებში იკვეთება იმ ურთიერთობის სირთულე, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება და რომლის მნიშვნელობის გააზრებაც ყოველთვის მარტივი არ არის.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც პოლი სილვიას სიყვარულში უტყდება. არაერთი იუმორნარევი კამათის, მხიარული და ენერგიული დიალოგების შემდეგ, პოლის სახის ამ რადიკალურ ცვლილებაში ერთდროულად სიყვარულთან ერთად იკვეთება დამოკიდებულება, საჭიროება, ყოველდღიურობის შენარჩუნების სურვილი, და დაკარგვის შიში.

​

​

არანაკლებ მნიშვნელოვანია მომენტი, როდესაც პოლს ყველა სხვა შინაგან შიშთან ერთად სამსახურის დაკარგვისგან გამოწვეულ პრობლემასაც ეჯახება, თითქოს ეს ათავისუფლებს, თუმცა შემდეგ ეცემა, როგორც ფიზიკურად, ისევე მორალურადაც,  სილვიასგან დახმარების ჟესტში კი იკვეთება ის თანადგომა, რომელიც ყოველდღიური სიახლოვის შედეგად ყალიბდება, სწორედ ამ ეპიზოდში იკვეთება ნათლად ორი მსახიობის საოცარი პარტნიორობა, რის შედეგადაც მაყურებელი პერსონაჟებს შორის არსებულ ფარულ, გამოუვლენელ ლტოლვას გრძნობს. ბოლოს კი, პერსონაჟები შეიძლება ვერ ახერხებდნენ ცხოვრების არსებითად შეცვლას, მაგრამ ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი მაინც ხდებიან.

​

ფინალისკენ, ქორეოგრაფიული ელემენტიც საინტერესოდ ჩაჯდა სპექტაკლში (ქორეოგრაფი: სოფიო კახნელიძე), მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ფინალში მცირე ნამუშევრით იყო წარმოდგენილი, ამან შესანიშნავად გაახალისა პერსონაჟების სახეები და მთელ სურათს მსუბუქი აკორდი შესძინა, თითქოს გაანთავისუფლა წლების განმავლობაში დაგროვებული სიმძიმეებისგან.

​

სპექტაკლის ნახვის შემდეგ რჩება კითხვა: რამდენად ხშირად ველოდებით ხვალინდელ დღეს იმის ნაცვლად, რომ აწმყოში მივიღოთ გადაწყვეტილება? პოლი და სილვია წლების განმავლობაში ცხოვრობენ იმ იმედით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ არის. მაგრამ დროის გასვლა გვაჩვენებს, რომ მომავალი თავისთავად არ იქცევა ახალ ცხოვრებად. ზოგჯერ ის, რასაც ხვალისთვის ვინახავთ, საბოლოოდ აუხდენელ შესაძლებლობად რჩება.

​

გიორგი აფხაზავას „ყოველდღე“ სწორედ ამ შეუმჩნეველ დანაკარგზე გვაფიქრებს. ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროს უკეთესი მომავლის მოლოდინში და მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიეროს, რომ მოლოდინიც მისი ცხოვრების ნაწილი იყო. ხვალინდელი დღე ყოველთვის მოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად სასიამოვნო ცვლილებაც აუცილებლად დადგება.

bottom of page