
„ყველაფერი ბატონმა მიშამ წაიღო...“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლაშა ჩხარტიშვილი
„ყველაფერი ბატონმა მიშამ წაიღო...“
გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღე კინომსახიობთა თეატრმა შესანიშნავი პოლიგრაფიული და მოცულობითი ორ ნაწილიანი წიგნი-ალბომის წარდგინებით „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“ აღნიშნა. სწორედ ამ სახელითაა გავრცელებული თეატრის სახელწოდება, ზოგი მას თუმანიშვილის თეატრს ეძახის, ზოგიც „კინომსახიობთას“. მეორე თავად დამაარსებელმა უწოდა, პირველი კი მაყურებელმა ჯერ კიდევ დიდი მაესტროს სიცოცხლეში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, თეატრს მისი სახელი მიენიჭა. გარეკანს რომ გადავშლით, სატიტულო გვერდზე გამოტანილია თეატრის სრული სახელწოდება - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
გამოცემის ორივე ნაწილის გარეკანზე გამოტანილია ჭადარი, როგორც სიმბოლო „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის“, პირველი ტომის გარეკანი ფერადია, მეორე შავ-თეთრი, პირველი ნაწილი თუმანიშვილის სიცოცხლეში შექმნილ ეპოქას ასახავს, მეორე მისი გარდაცვალების შემდეგ პერიოდს. გარეკანზე გამოსახული ჭადრის ფოთოლი ორ განზომილებად აღიქმება, როგორც ახლო და შორი ხედი, პირველ ტომში აქცენტი შორ ხედზეა, მეორეში ახლოზე. მეტაფორებით თამაში გასდევს წიგნის შინაარსსაც. ამ პრინციპითაა აწყობილი, ფრაგმენტირებული და დანაწევრებული წიგნის მონაწილე მთხრობელი-პერსონაჟების მონოლოგები.
წიგნი-ალბომის საკმაოდ ვრცელი შესავალი ცნობილ ქართველ მწერალს აკა მორჩილაძეს ეკუთვნის, რომელიც თეატრის დაარსების განხორციელებულ იდეასა და გარშემო ფაქტორებზე მოგვითხრობს. ეპოქაზე, როცა აღმოცენდა თვისობრივად ახალი და არასტანდარტული „თუმანიშვილის თეატრი“, თავად მაესტროზე - პერსონასა და რეჟისორზე, მის ტრაგიკულ ბედზე, გამოცდილებაზე, სიხარულსა და სასოწარკვეთაზე, მიამიტობასა და გამჭრიახობაზე, წარმატებულ პედაგოგობაზე, დაშვებულ შეცდომებსა და საერთაშორისო წარმატებებზე.
პირველი თავი, რომელიც აკა მორჩილაძემ „დაბადების მოთხრობა“ უწოდა, გვიხატავს ზოგად პორტრეტს როგორც თუმანიშვილის, ისე მისი სახელობის თეატრის არსის, მრწამსის, ცხოვრებისა თუ მუშაობის სტილის. მომდევნო თავი „ფრაგმენტები დღიურებიდან“ გვაცნობს რეჟისორის ნაფიქრალს თეატრზე, ცხოვრებაზე, გარემოზე, ადამიანებზე, თუმცა ამონარიდები მისი დღიურებიდან თუ ინტერვიუებიდან რეფრენად გასდევს თითქმის მთელ ორტომეულს. ეს ტექსტი თავად მოგვითხრობს მიხეილ თუმანიშვილზე - რეჟისორზე, პედაგოგზე, მოაზროვნეზე. შემდეგ ვეცნობით თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლებს ფოტოებით, რეჟისორის მოგონებებითა და ცნობილი პერსონების, ექსპერტებისა თუ სფეროს გამოჩენილ წარმომადგენელთა, უცხოური და ეროვნული პრესის გამოხმაურებით საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლებზე.
შემდგომ თავში „გამჭოლი მოქმედება“ მსახიობები და რეჟისორები (და არა მხოლოდ, სცენის „უჩინარი მონაწილეები“) ჰყვებიან როგორ იბადებოდა კინომსახიობთა თეატრი, ბევრის მონათხრობი ემთხვევა თუმანიშვილის მონათხრობს, რომელიც ისეთივე სუბიექტურია, როგორც მისი მოწაფეების მონათხრობი, თითოეულ აბზაცში იკითხება გულწრფელობაც, სიმართლეც, კეკლუცობაც, დარბაისლობაც, მეტიჩრობაც, ხელოვანის ამბიციაც, ხასიათიც - მოკლედ თითოეული პიროვნება ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ამ მონათხრობ(ებ)ში ისიც იკვეთება როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორ უყვარდათ თეატრი. როგორ და რა ხერხებითა და მეთოდებით ქმნიდნენ თეატრს, როგორც ოჯახს. როგორ იბრძოდნენ მის გადასარჩენად და როგორ შრომობდნენ მისი განვითარებისთვის. მსახიობთა თუ რეჟისორთა მონათხრობს რეფრენად გასდევს ამონარიდები თუმანიშვილის სხვადასხვა პერიოდის ნაფიქრალ-ნააზრევიდან, რომელიც ხან იმპულსურად წამოსცდენია მაესტროს სიტუაციის კარნახით, ხანაც გამოცდილების მიღების შედეგად, გააზრებულად და თავდაჯერებულად უთქვამს.
წიგნი-ალბომი ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერ გაჩენილ კითხვას - რატომ ასე? თავად პასუხობს გამოცემის მთავარი გმირი - მაესტრო - მიხეილ თუმანიშვილი. პროექტის იდეა თეატრის ამჟამინდელ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორს იოანე (ვანო) ხუციშვილს ეკუთვნის, რომლის ბოლოსიტყვაობითაც სრულდება გამოცემის ძირითადი ტექსტი. წიგნის კონცეფციაზე ვანო ხუციშვილთან ერთად, ირინა აბჟანდაძემ იმუშავა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ტიპის წიგნების ვიზუალური და შინაარსობრივი კონცეპტის შექმნის. გამოცემაში ჩართულ ისტორიულ ფოტოებს ამდიდრებს იური მეჩითოვის უკვე ისტორიად ქცეული და ირინა აბჟანდაძის სპეციალურად ამ პროექტისთვის გადაღებული ახალი ფოტოები. ინტერვიუერია ლელა ოჩიაური, ხოლო ტექსტი ინგლისურად მაია ყიასაშვილმა თარგმნა. პროექტის მენეჯერია თეატრის დირექტორი ლევან მჭედელაძე, ხოლო პროექტის კოორდინატორი, თეატრმცოდნე და თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი მაია ოდიშარია, ტექნიკური ასისტენტი კი კესო ბოჭორიშვილია, ხოლო გამოცემის რედაქტორ-კორექტორი ნინია სადღობელაშვილი.
მეორე ტომში ისევ „თუმანიშვილელები“ მოგვითხრობენ მათზე და თეატრზე, რომლის წიაღშიც იშვნენ, დაფრთიანდნენ და დაბერდნენ კიდეც. მათ გვერდითაა მომდევნო თაობათა წარმომადგენლები - შედარებით ახალი და ახალბედა „თუმანიშვილელები“. მათი მონათხრობი ხატავს არა მხოლოდ თეატრის განვლილ გზას, არამედ თითოეულ მათგანს და როგორც მკითხველი ასკვნი, რომ ეს თეატრი აერთიანებს რადიკალურად, ცასა და დედამიწასავით განსხვავებული მსოფლმხედველობის, შეგრძნებების ხელოვანებს და ამ ფონზე კიდევ უფრო იკვეთება თუ რა ძალისხმევა სჭირდებოდა მიხეილ თუმანიშვილს იმისთვის, რომ ამ დასზე დაეწერათ - „მსგავსი ანსამბლურობა არსად გვინახავსო“, „იდეალური თეატრიაო“, „კინომსახიობთა თეატრის დასი კარგი ორკესტრივითააო“...
მთხრობელთა შორის გამორჩეულია მიხეილ თუმანიშვილის მოწაფის, რეჟისორისა და მსახიობის გოგი მარგველაშვილის მონათხრობი, რომელიც თითქოს დისტანცირებულია პროცესისგან და მხოლოდ რაციონალურობით, სენტიმენტების გარეშე, აანალიზებს თუმანიშვილის თეატრს - როგორც ფენომენს, როგორც მოვლენას, თავად მაესტროს. დიდი ინტერესით იკითხება: ნინო ბურდულის, ნინელი ჭანკვეტაძის, რამაზ იოსელიანის, მზია არაბულის, დარეჯან ჯოჯუას გულწრფელი, ზოგჯერ თვითკრიტიკული მონათხრობი. თითოეულ მთხრობელში კარგად ჩანს პერსონა, მათი ხასიათი და დამოკიდებულება როგორც მიხეილ თუმანიშვილის, ისე მშობლიური თეატრის მიმართ.
თავში „სივრცის გარღვევა“ - მოთხრობილია საერთაშორისო გასტროლებისა და ფესტივალების შესახებ, მომდევნო თავში „ტკივილი, სიმშვიდე რომ არ არის, ისაა...“ მსახიობები და რეჟისორები იმ განცდას იხსენებენ, როცა მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. თავში „მხოლოდ იმ წუთებისთვის“ უკვე ნაცნობ და მიჩვეულ მთხრობელებს „ახლები“ ემატებიან, რომლებიც მათ დამოკიდებულებას გვიზიარებენ მიხეილ თუმანიშვილისა და კინომსახიობთა თეატრის მიმართ. ბოლოსიტყვაობა ეკუთვნით თეატრის დირექტორს ლევან მჭედელაძესა და სამხატვრო ხელმძღვანელს ვანო ხუციშვილს. გამოცემას ბოლოს, თან ერთვის
სპექტაკლოგრაფია, სამხატვრო ხელმძღვანელების, მთავარი რეჟისორების, დირექტორებისა და მსახიობების სია, ვისაც 47 წლის თეატრთან ერთხელ მაინც უთანამშრომლია კინომსახიობთა თეატრთან.
წიგნი-ალბომის ფორმა, კონცეფცია და შინაარსი ერწყმის ერთმანეთს, გარდა ამისა, მიზანი - გვიამბოს თეატრის განვლილი გზის შესახებ მიღწეულია, რადგან ვეცნობით 45 წლის ისტორიას, რომელიც ეფუძნება - არა ერთი ადამიანის მონათხრობს, არამედ თითოეული მათგანის, ვინც მონაწილე და თვითმხილველია ამ უწყვეტი პროცესის, უფრო მეტიც, მიხეილ თუმანიშვილთან ერთად, თავადაც ავტორია 45 წლის თეატრის ისტორიის. ამიტომაცაა წიგნი ეკლექტური, ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და პოლისტილისტური. ამ სიჭრელეშია მეტი ხიბლი, ინტრიგა და მიმზიდველობა. ორტომეულში მიმოფანტულია, ფრაგმენტირებულია მოვლენები, ფაქტები, შეხედულებები, ამბები, ისტორიები, ეს წიგნი გამოგზაურებს ლაბირინთებში არა მარტო თუმანიშვილის, როგორც ფენომენის, განსაკუთრებული მოვლენის სამყაროში, არამედ მისი შექმნილი თეატრის ცხოვრების ლაბირინთებში, მისი წევრების შინაგან სამყაროში.
„ყველაფერი ბატონმა მიშამ წაიღო...“ - ამბობს მსახიობი მზია არაბული თავში „თეატრი ლაბირინთია“, ძნელია არ დაეთანხმო. ის, რაც იყო ვეღარ განმეორდება, ან თუ განმეორდება იქნება მიმბაძველობა, ხელოვნური, ყალბი...