top of page

ყველაფერი ჩემია!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ყაჩაღთა არმია ტირანიის წინააღმდეგ_edited.jpg

12.02.2026

ლელა არაბიძე

ყველაფერი ჩემია!

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ბევრი წლისაა, ძალიან ბევრის. ამ სამყაროში არსებობენ არა ცუდი და კარგი ადამიანები, არამედ ადამიანები ცუდი და კარგი თვისებებით, მაგრამ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება, ეს ადამიანების სწრაფვაა ძალაუფლებისკენ. ძალაუფლება ყველას სწყურია, უკლებლივ ყველას. ყველას უნდა იყოს ღმერთი -„ღმერთი, ეს მე ვარ“ - ღმერთი ხარ თუ გმირი? ან იქნებ ძალაუფლების წყურვილმა დაგაბრმავა და ადამიანიც აღარ ხარ?

1933 წელს რუსთაველის თეატრში მძაფრი, მისტიკური, ისტორიული მნიშვნელობის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა - ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა დადგა, რეჟისორმა, რომელიც ქართული თეატრის ისტორიაში ყველაზე დიდ სინდისის ხმად ითვლება. სპექტაკლს სათაურად „ინ ტირანოს“ ანუ „ტირანიის წინააღმდეგ“ დაარქვა. ახმეტელი ეძიებდა გმირს, ეძიებდა ეროვნულ ნიადაგზე, ეძიებდა ინტერნაციონალურ ჭრილში, ამ ძიებამ ის წამების 222 დღემდე და სოღანლუღის მინდვრამდე მიიყვანა, სადაც 1937 წელს „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით საბჭოთა სისტემამ სასიკვდილო ტყვია ესროლა. ახმეტელი და „ყაჩაღები“, ახმეტელი და გმირის ძიება, ახმეტელი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ახმეტელი და ტირანია.

და, აი, საუკუნის შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი მარჯანიშვილის თეატრში „ყაჩაღებს“ დგამს, „სიწმინდეს ეხება“, რისკზე მიდის. მას აქვს ქარიზმა, დამაჯერებლობა, ცვლილებების უნარი და გადაწყვეტილება - კლასიკური დრამატურგია მოარგოს თანამედროვეობას. ამაში საბა ასლამაზიშვილს უცვლელი „პარტნიორი“ მთარგმნელი და ლიტერატორი, მიხეილ თუმანიშვილის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებელი - მანანა ანთაძე ეხმარება, გამორჩეული სიტყვის ოსტატი, რომელიც წლები დიდ მაესტროსთან - მიხეილ თუმანიშვილთან მუშაობდა და ქართულ თეატრში ტექსტებზე მუშაობისა და პიესების ადაპტაციის დიდი გამოცდილება აქვს, მან ადაპტირებული ვერსია შილერის „ყაჩაღები“ (ორიგინალში პიესა ხუთმოქმედებიანია) დაიყვანა ერთ მოქმედებად, სპექტაკლის ქრონომეტრაჟი სულ 80 წუთია. რეჟისორმა 80 წუთში ჩაატია კარლ და ფრანც მოორების სასიკვდილო დაპირისპირება, სისასტიკე, სიყვარული, ჯოჯოხეთი, ქვესკნელი და უკიდეგანო განსაცდელი, ეს, ერთი შეხედვით, რთული ამოცანა მანანა ანთაძემ და საბა ასლამაზიშვილმა ისე შეასრულეს, რომ კონფლიქტი, დრამატურგია და ამბავი - ის, რაც „ყაჩაღებში“ ხდება, მარჯანიშვილის თეატრში ერთმოქმედებიან, 80 წუთიან სპექტაკლში იკითხება. მოქმედება დინამიკურია, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, რაღაც დროს დინამიკა ვარდება, მაგრამ შემდეგ დუღილის ტემპერატურა იწევს და დამდგმელი გუნდი მაყურებელს ფინალისთვის ამზადებს.

მთავარი დაპირისპირება, კონფლიქტი და გარდაუვალი წინააღმდეგობა ძმებს - კარლ და ფრანც მოორებს შორის ვითარდება, იბრძვიან, კლავენ, და ეს ისე, რომ წარმოდგენის განმავლობაში ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებიან, ორი მხარე ერთმანეთს ერიდება - როგორც ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერი, როგორც ომში მყოფი ქვეყნების ლიდერები. და ვხედავთ ომისა და კონფლიქტის შედეგებს - ათასობით დაღუპულ ადამიანს. „ჩვენ ყველანი დავხოცეთ, კარლ, ორსული ქალები, ბავშვები...“ - ეუბნებიან თანამზრახველები კარლ მოორს - ერთი შეხედვით, გმირს, ბიჭს, რომელიც ძმამ გაწირა. ფრანცმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარლი ოჯახიდან მოეკვეთათ, მამას მასზე სამუდამოდ უარი ეთქვა, გაეწირა სასიკვდილოდ და დაევიწყებინა (თუმცა მოხუც მოორს უჭირს შვილის მოკვეთა და დავიწყება), მაგრამ როგორი კეთილი მხარეა კარლ მოორი? მისი თანამზრახველები ორსულ ქალებს კლავენ, მისი თანამზრახველები ბავშვებს კლავენ, კარლ მოორი, მიუხედავად იმისა, რომ ძმამ გაწირა, გმირი ვერ იქნება, მისი ხელებიც სისხლიანია, ისიც ცდილობს ხალხი დაარწმუნოს და „კეთილ მხარეს“ გადაიყვანოს, მაგრამ აბა, კეთილი მხარე? (ვინ არის ჩვენი მესია, ვინ უნდა გადაგვარჩინოს? და ნეტავ როგორ უნდა მივხვდეთ, ვინ არის გმირი, ან რატომ ვეძებთ გმირს?)

თანამედროვე ქართული თეატრის გამორჩეული სახეა მსახიობი შაკო მირიანაშვილი - მისი ფრანც მოორი - თეთრი პერანგით (უცნაურია, როცა ირგვლივ ყველაფერი შავია) წარმოდგენის დასაწყისშივე გვევლინება მარტოსულ, გაბოროტებულ, ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ პატარა ურჩხულად - ქვესკნელიდან (საიქიო? ჯოჯოხეთი?) ამოსული თავიდანვე გვაფრთხლებს თავისი ავი ზრახვების შესახებ: მამა გააცურა, ძმა გაწირა, ამალია - ძმის გულწრფელი სიყვარული დაიმარტოხელა - თითქოს მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, რომ მაყურებელს ბოლომდე შესძულებოდა ბოროტი ფრანცი, ეს გაიძვერა ფლიდი - რომელიც უკან არაფერზე დაიხევს ძალაუფლების ჯერ მოპოვებისთვის, მერე შენარჩუნებისთვის, მაგრამ რაკი ჩვენ ისეთ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი პირობითია (კეთილისა და ბოროტის შეცნობა, გმირის ძიება და ა.შ), რაღაც დროს ფრანცის მიმართ თანაგრძნობაც კი ჩნდება. ამას, რასაკვირველია, ხელს უწყობს მსახიობის ბრწყინვალედ გამოძერწილი პერსონაჟი. მისი ტრაგედიაც - მარტოსულობა, ის რომ იგი საყვარელი შვილი არ არის, დაუნდობლობა, რომელიც განგებამ დააბერტყა თავზე, უსიყვარულობა, რომლის მსხვერპლია, გარემო - რომელიც არავის ინდობს და ძალაუფლება, რომელიც ყველას უყვარს, ყველას სწყურია.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში, თითქმის ტრადიციულად ვიზუალურ გარემოს მხატვარი გიორგი უსტიაშვილი ქმნის. იმ ადამიანების საცხოვრისი, რომლებიც ამ სამყაროში ცხოვრობენ, კონცეპტუალურია, ყველაფერი შავია (ასე შეეფერება სამყაროს, სადაც გმირი არ არსებობს) შავია ყაჩაღთა არმიის ჩაცმულობაც, ამ მხრივ, ფრანც მოორის თეთრი პერანგის გარდა (სადღაც თეთრი მხარე არსებობს ამ ურჩხულში) აღსანიშნავია ამალიას (ანუკა გრიგოლია) თეთრი კაბა პირველ ეპიზოდში, როდესაც ის  ჯერ კიდევ ნათელ ფერებში ხედავს სამყაროს, მანამ, სანამ  მსახვრალი ხელი ბოლომდე არ მოსპობს და გაანადგურებს მის მისწრაფებებსა და ოცნებებს - ამიტომ, შემდეგ სცენებში ამალია უკვე შავებშია მოსილი, ამ ერთფეროვან სიცარიელეში კი შემოდის რკინის კონსტრუქცია კიბეებით, რომელიც დაშლილია და დანაწევრებული ამბის, კონფლიქტის, დრამატურგიის სიმბოლოა, ამ კიბეებზე ბედნიერ მოცემულობაში შეყვარებულები - ამალია და კარლი - ბევრს ირბენდნენ, იცინებდნენ, თავისუფლების ჰაერს ჩაისუნთქავდნენ... აქ კი შეყვარებულების შეხვედრა მხოლოდ ილუზიურია, მძიმე, მძაფრი და არაამქვეყნიური... კოტე ეჯიბაშვილის შექმნილი მელოდია - დამუხტული, ემოციური, ზუსტად ერწყმის სპექტაკლის კონცეფციასა და გარემოს.

„ღმერთო, მიშველე, ღმერთო, მიშველე“ - გამალებული ლოცულობს შაკო მირიანაშვილის ფრანცი, მამა - მოხუცი მოორი (ვალერი კორშია) საკუთარი ხელებით მოახრჩო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ახლა ყველაფერი მისია! ყველაფერი! მაგრამ მაინც უბედურია, ბოროტი და უბედური...

ამასობაში კი ფრანცის ძმა კარლი - ყაჩაღების გუნდის ლიდერია. ერთი შეხედვით, ისინი სამართლიანობისთვის იბრძვიან. კარლიც, რაკი ძმის მსხვერპლია, თავიდანვე პოულობს მაყურებლის თანაგანცდას, მაგრამ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის კონცეფცია სწორედ ისაა, რომ სამყაროს გადამრჩენელი, მესია, ან უბრალოდ სიმართლისთვის მებრძოლი გმირი არც კარლი არაა, ის შურისძიების წყურვილმა შეიპყრო, არათუ სიმართლისთვის ბრძოლამ. პაატა ინაურის კარლი, რომლის წარმოსახვაში მსახიობი არნახულ ენერგიასა და შესაძლებლობებს დებს, გადაიქცევა თავადაც ბნელ მხარედ - მუდმივად იარაღის სროლა, ძალაუფლების წყურვილი, ღალატი გუნდის შიგნით. ერთი შეხედვით ტირანიის წინააღმდეგ შექმნილი ყაჩაღების დაჯგუფება შემდეგი შემადგენლობით: შპილბერგი - ბაჩო ჩაჩიბაია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), რაცმანი - ჯაბა კილაძე, გრიმი - ირაკლი ჩხიკვაძე, როლერი - როლანდ ოქროპირიძე, შვარცი - ნოდარ ძოწენიძე - პირველი დაკვირვებით, ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც ფრანცის უზომო ბოროტების შემდეგ მაყურებელს მხსნელად ევლინებიან, თუმცაღა რეჟისორი მტკიდეც დგას პოზიციაზე - თანამედროვე სამყაროში არ არსებობს ასეთი ჯგუფი, ორგანიზაცია და ა. შ. რომელიც ადამიანებსა და ღირსებას დაიცავს, უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანები სისტემის პირისპირ მარტო დგანან და ებღაუჭებიან ყველაფერს, რამაც შეიძლება ამ შეშლილ სამყაროში ისინი გადაარჩინოს. შპილბერგი მოღალატეა, შვარცი თავს იკლავს, უფრო სწორედ, სანახაობისთვის უნდა მოიკლას თავი - ამ სანახაობას კი დანარჩენმა ყაჩაღებმა თუნდაც პარტერიდან უცქირონ. ეს ყველაფერი მოგვაგონებს თანამედროვე მსოფლიოს სენს, გადაიქცეს ყველაფერი კლოუნადად, ისე, რომ ადამიანთა ფაქიზ სულებზე არავინ იფიქროს - ამ მოცემულობაში არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა სიცოცხლეც ფასადურია.

ფასადურია ფრანც მოორის მიერ უგერგილო თვითმკვლელობა - მაშინ, როცა ძალაუფლება მის ხელშია („ღმერთო, მიშველე, ყველაფერი ჩემია!“) თითქმის ყველაზე და ყველაფერ გაბატონდა (ამალიას გარდა) ფრანც მოორი - დიდებული ურჩხული - ფეხსაცმლის თასმით ასრულებს სიცოცხლეს. ძლევამოსილი ფრანც მოორის ასეთი სიკვდილი კი მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი დროებითია, აღზევებაცა და დაცემაც, მარადიული ის არის მხოლოდ, რაც წარმოდგენის მთავარი ლაიტმოტივია - სამყარო შავია, რადგან არ არსებობს კეთილი და ბოროტი, ყველა თავის გადარჩენისთვის იბრძვის, გმირები და მთავარი ღირებულებები კი მკვდარია...

მაგრამ ამ საყოველთაო ნოჰილიზმში სიცოცხლის მშვენიერებას გვაგრძნობინებს სპექტაკლის საფინალო სცენა, რომელიც სასიყვარულოც არის და სასიკვდილოც - რომელიც ლამაზიც არის და სასტიკიც, რომელიც შთამბეჭდავიც არის და ეფემერულიც, ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის დადგმული უნაზესი ეტიუდი ამალიასა და კარლ მოორს შორის პაატა ინაურისა და ანუკა გრიგოლიას უზადო შესრულებით. ამ დინამიკურ ეპიზოდში შეყვარებულები ერთმანეთს დაუსრულებლად „ესვრიან“ და კლავენ, ეს ფანტასმაგორიული სიზმარია და თან სინამდვილე, რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებთ, მხოლოდ მაშინ, როდესაც კარლ მოორი მართლაც სასიკვდილო ტყვიას ისვრის ამალიას მიმართულებით, მძაფრი სიმართლე მთელი თავისი დიდებულებით გამოგვეცხადება და ძლიერ მოგვაგონებს საკუთარ თავებს - ერთი შეხედვით უმიზნო, ყოველდღიურ ქაოსში ჩართულებს, როცა სისტემური კატასტროფის, გლობალური და მტკივნეული თემების დანახვა არ გვსურს და ვცდილობთ ცხოვრების გაგრძელებას...

თეატრი კი სწორედ იმისთვისაა, რეალობა გვაგრძნობინოს, ტკივილი მოგვგვაროს და ამ ტკივილით თანაგრძნობა გვასწავლოს, ისე - ადამიანებიც აღარ ვიქნებით, არათუ გმირები.

bottom of page