ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს
მუსიკის - გიტარის, სინთეზატორის/სემფლერისა (?) და დასარტყამების (განსაკუთრებით მკვეთრად - დრამის თეფშების) ხმა ჯერ კიდევ მაშინ ისმის, სანამ ყველაფერი დაიწყება (თითქოს სადღაც რეპეტიციაა). და შემდეგ აღარ წყდება, დასასრულამდე. დასასრულამდე კი შორია და ბევრი რამ მოხდება. ბევრი ხაზგასმით აღნიშნავს და მეც ვიტყვი (რადგან ეს ერთ-ერთი და საგანგებოდ შეგნებულად განსაზღვრული ფაქტორია), რომ „ქალაქის თეატრის“ ახალი სპექტაკლის ქრონომეტრაჟი ოთხი საათია (ზოგჯერ მეტიც), ერთი ანტრაქტითა და პლუს - 24.00 საათზე - გამოსამშვიდობებელი თავის დაკვრისთვის განკუთვნილი წუთების ხანგრძლივობის დამატებით. მყარი კონსტრუქციის, ზუსტ „მექანიკაზე“, მკაფიოდ განსაზღვრულ ტემპო-რიტმზე, იმპროვიზაციებსა და გათამაშებულ იმპროვიზაციებზე, ინტერაქციაზე აწყობილი სპექტაკლის შემდეგ კი, აპლოდისმენტების ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავიდა იმ დღეს წარმოდგენა და ვინ, როგორი აუდიტორია იჯდა დარბაზში.
„ქალაქის თეატრის“ (ეს ახალი, ახალგაზრდული და ახალი თაობის თეატრი, შემოქმედებითი ამოცანების მიმართულებით, ცხოვრებისა და ქმედითი სისტემის თავისებური წესებითა და პრინციპებით, ცალკე საუბრის თემაა) საკმაოდ უხვ და ჭრელ რეპერტუარს შემატებული სპექტაკლი „ბერსერკები II - მზიანი მხარე“ (კომპანია „ჰარაკში“, ჰაინერ მიულერის მიხედვით დადგმული „ბერსერკები I - მისიას“ შემდეგ) ქართულ სათეატრო სივრცეში ახალგამოჩენილ გიორგი ჯამბურიას მეორე სპექტაკლია საქართველოში (გერმანიაში საქმიანობის პარალელურად) და პირველთან ერთად, ახალი და თავისთავადი თეატრალური აზროვნებისა და ხედვა/ხელწერის რეჟისორის გამოჩენის მორიგი დადასტურება.
„მზიანი მხარე“ – „ბერსერკების“ (დამოუკიდებელი პროექტის ხუთ ნაწილად ჩაფიქრებული ციკლის; პროდუსერები - მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი, რეჟისორის ასისტენტი შალვა დევდარიანი) II ნაწილია, 70-80-იანელი თაობის მწერალ ქეთი ნიჟარაძის რომანისა და მისი, სხვა ჟანრისა და ტიპის ნაწერების/ჩანაწერების მიხედვით. (ქეთი ნიჟარაძე და მისი შემოქმედება ასევე ცალკე საუბრისა და განხილვა-შეფასების, გადაფასების, დაგვიანებული, მაგრამ ყურადსაღები თემაა). გასცენურებული ტექსტები თითქოს დღიურებია, XX საუკუნის 70-90-იანი წლების სიშორიდან, მოგონებების, განცდების, შეგრძნებების ანაბეჭდები და ეპიზოდები - პროტაგონისტის/ავტორისა და ქვეყნის ცხოვრებიდან, რომლის „ქარგაში“ სხვა/სხვების მოგონებები, სხვების გადმოცემები, ისტორიული და თანადროული აღწერილობები, მოგონებებია ჩართული.
ძირითადი ხაზი, როგორც გამჭოლი მოქმედება, ახალგაზრდა ქალის ცხოვრების ხაზია (ნინი იაშვილი), მის „სახესა“ და ბედისწერას მისდევს, პიროვნების, საკუთარი და განუმეორებელი სამყაროს არსებობის ნიშნებით თანამედროვე სამყაროში, როგორც დისკრიმინაციის, მორალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლისა და დროისა თუ საერთო, საზოგადოებრივი „კანონების“ ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ახალგაზრდა ქალის.
მოვლენების რიგი, ძირითადად, ავტორის მოგონებებზეა აწყობილი, მისი ცხოვრების ფრაგმენტებზე, რომლებიც ბევრის ცხოვრებას „იმეორებენ“ და ასახავენ, სამყაროში, რომელიც თვალსა და ხელს შუა ირყევა და ვიღაცის ცხოვრების მდორე დინებას ან დასასრულს აჩვენებს. ნინი იაშვილი არამორჩილი, თამამი, დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ შინაგანი თავისუფლებით დაჯილდოვებული და მოაზროვნე პერსონაჟის სახეს მკვეთრი და არაერთგვარი ნიუანსების ერთობლიობით აგებს და ყველა პროცესს ფაქტობრივად მართავს.
მისი ამბავი თითქოს პირადია და თან ბევრის ანალოგიურ, მსგავს ან ასოციაციურ ისტორიას იმეორებს. ან უპირისპირდება. მის ჩრდილში და პარალელურად, საზოგადოების ცხოვრების სურათებიც (თავისებურად აღქმული და დამონტაჟებული) იშლება, ინდივიდუალური და ზოგადი პორტრეტების ჯამური ციკლით, რომელსაც მზის მხოლოდ სუსტი სხივები (იშვიათად, კაშკაშა), და ისიც დროდადრო, ანათებენ. ზოგჯერ პროჟექტორის შუქი არღვევს ამ სამყაროს სიბნელესა და ადამიანებში „წყვდიადის მეუფებას“.
„ბერსერკები II. მზიანი მხარე“ რეჟისორის ფიქრების, დამოკიდებულებების, აღქმების ვიზუალური, პლასტიკური გამოხატულებაა. აჩეხილი, აწეწილი, თითქოს ასინქრონული სამყაროს (ასინქრონული მუსიკის თანხლებით, ზურაბ ბაბუნაშვილის და სანდრო თედიაშვილის ცოცხალი შესრულებით), მაგრამ შინაგანი ლოგიკით, ასოციაციებით განპირობებული, რაღაც არარსებულ რეალობას - სინამდვილესა და ნაფიქრალს შორის. რეაქცია მოვლენაზე და შემდეგ რეაქცია რეაქციაზე. უფრო ემოციის ემოციური აღქმა, ემოციური მეხსიერება და არა იმდენად ფაქტის ფიქსაცია. და ეს ყველაფერი ძალიან ხმაურობს, ძალიან ქმედითია. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
აქ უმეტესად ბნელა. არც ფერებია. ყველაფერი შავი და თეთრია (გარემოც, კოსტუმებიც, რეკვიზიტიც. კოსტუმები - თამარა მაღლაფერიძე, დეკორაციაც მისივე, რეჟისორის მყარი კონცეფციის გამომხატველი) ამ მხარეში, რომელსაც თავზე ოქროსფერი, არამანათობელი, დახატული მზე ადგას. შავი, არასტანდარტული ფორმისა და კონსტრუქციის გორგოლაჭებიანი (მოძრავი) მაგიდები, მოქმედების ძირითად ადგილებად იქცევიან - ზედაპირზეც და მის ქვემოთაც. დარბაზის მთელი სივრცეც, პრაქტიკულად, დეკორაციაა, ძირითადი და „გვერდითი“ დატვირთვით, ფანჯრებიც (ფარდების გარეშე), რომლების შიშველ მინებს მიღმა არსებული „რეალური“ გარემო, თეატრის ეზო და რაღაც შენობები ჩანს. გარესივრცე იმის მიხედვით იცვლება (შეიძლება შეიცვალოს), ანათებს თუ არა, რომელიღაც, არც ისე შორეული ოთახის სარკმელში ნათურა, ან, როგორი ამინდია - წვიმს, ქარია თუ სიმშვიდეა. ამას მოქმედებაში „სხვა“, ნამდვილი ცხოვრების ფრაგმენტებიც, არსებობის ფაქტი შემოაქვს, შეხსენებასავით, რომ იქაც იგივე შეიძლება ხდებოდეს, იქაც ვიღაცის ამბავი მიედინება, შეიძლება, იქაც იგივე დრამა თამაშდება.
სცენის/დარბაზის უკანა კედელზე თითქოს ბავშვის ხელით მიჯღაბნილი არათანაბარ, უსწორმასწორო ფორმისა და სხივებიან მზესთან ერთად, სხვადასხვა ფიგურის გრაფიკული გამოსახულება და ქართულ-ინგლისური მინაწერებია (სტენსილივით). ეს კედელიც (როგორც ყველაფერი გარშემო) დროდადრო „აქტიურდება“ და „ცოცხლდება“.
მოქმედება მიჰყავს შავსამოსიან ქოროს (სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი), რომლის წევრებიც სვავებს გვანან, ან ყორნებს (ჯდომის მანერითაც, პლასტიკითაც და მეტყველების თავისებურებითაც), რომლებსაც საკუთარი ბედისწერა აქვთ და თვითონ არიან ბედისწერა. რომლებიც პერიოდულად, „პროტაგონისტებად“ ან მეორე-მესამე პერსონაჟებად იქცევიან. ცვლიან ჟანრს, „ამპლუას“, შესრულების ხერხსა და მანერას. და მათ გვერდით, მოვლენების გამტარის მისია აკისრიათ, ასევე არაერთხელ სახე და პოზიციაშეცვლილ - მთავარ და მეორეხარისხოვან „მოქმედ“ მამაკაც „გმირებს“ (მათე ხიდეშელი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ირაკლი ჩხიკვაძე), ერთად და დამოუკიდებლად, საერთო წრიდან გასვლით. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ხასიათის, ტიპის, ფუნქციის, ამოცანის მქონე პერსონაჟებს - რომლებიც ასევე იცვლებიან (ვთქვათ, მათე ხიდეშელის, არაორდინალურად და თავისუფალ მანერაში მოთხრობილი, ოჩოსა და ბომბორას ანეკდოტური ისტორია, ან აჭარელი შეყვარებულების „გაშაირების“ ფორმის, მშვენივრად დადგმული ეტიუდი, მათე ხიდეშელისა და გვანცა ენუქიძის მშვენივრად გათამაშებით). ისინი „იცვლიან“ სქესსაც (ბექა ხაჩიძის, ქალებად მშვენიერი გადაცმა/გარდასახვები) და პერსონაჟებად მრავლდებიან, გროტესკიდან, პაროდიიდან დრამამდე, სახასიათო და უტრირებულ, ტიპურ და ტიპაჟურ პერსონაჟებამდე და შეიძლება, ტრაგედიამდეც. ტრაგედიის გმირებამდე.
რეჟისორი „ძალადობს“ მსახიობებზე და შემდეგ ისინი, მუსიკოსებთან ერთად, „პროტოტიპების“ წესებისა და თვისებების მიხედვით, ძალადობენ მაყურებელზე და არამხოლოდ მორალურად, „ფიზიკურადაც“. დაუსრულებელი და აგრესიული საუბრით, კიდევ უფრო უსასრულო და აგრესიული, ახალ, არაბანალურ სამსახიობო მანერასა და ხარისხში შესრულებული, „საეტაპო“, უწყვეტ კულმინაციურ რეგისტრში წარმოთქმული, „ზღვარს გაცდენილი“ (ხანგრძლივობითა და წარმოთქმის ინტენსიური, დინამიკური, ენერგეტიკული მანერით, ხმის ჩახლეჩამდე, წყლისა თუ ლიმონის წვენის მიშველებაც რომ სჭირდებათ და ალბათ, ხანგრძლივი ფიზიკური თუ მორალური შესვენებაც), ირაკლი ჩხიკვაძისა და ბექა ხაჩიძის მონოლოგებით; უწყვეტი „კაკაფონიური“, დელირიული თუ მედიტაციური მუსიკალური ფონით. უფრო ზუსტად, მუსიკა, არა ფონი, არამედ, მუსიკოსებთან ერთად, სპექტაკლის სრულუფლებიანი და მუდმივმოქმედი მონაწილეა. თითქოს მუდამ ჩრდილში მყოფ სუფლიორთან ერთად, რომელსაც ისევე, როგორც ყველა მოქმედ გმირს, ბოლოს სოლო გამოსვლა ელოდება.
ცენტრალური და მეორე ხაზის როლები/სახეები სწრაფად და მოულოდნელად იცვლებიან. თუმცა, მოვლენების, ერთი შეხედვით, უწესრიგო რიგი, საკმაოდ მყარ სისტემაშია მოქცეული, მაშინაც კი, როდესაც მსახიობები იმპროვიზებენ ან ვითომ იმპროვიზებენ და ვითომ სპონტანურ, უნებლიე, თუ იმ წამს გაელვებულ ფიქრებსა თუ აზრებს ახმოვანებენ.
ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც ხდებოდა და ხდება, ცხოვრებაზე, თეატრზე, ადამიანებზე, რომლებიც თეატრებში არიან დასაქმებული; მუსიკაზე, ურთიერთობებზე, ძაღლებზე, სიყვარულზე, მარტოობაზე, ტკივილებზე, ექიმებზე, აბორტზე, ერთმანეთზე., ოჯახებზე, მეგობრებზე, ადგილებზე, წარმავალ დროზე...
დაუსრულებლად გრძელდება სხვადასხვა ინტონაციით, არაბუნებრივი ხმებით, თუ „გულამოსკვნით“ ტექსტებს გასროლა, ხაზგასმულად სპეციფიკური მეტყველებით, არასტანდარტული და არაჩვეული მახვილებით სიტყვებზე, ბგერებზე, მათი თავისთავადი წარმოთქმის მანერა. რიტმი. მოტორიკა.
თითქოს არა ადამიანები/მსახიობები, არამედ ირეალური, ხაზგასმით ხელოვნური, პირობითი შტრიხების ერთობით აწყობილი მექანიკური „თოჯინები“, მითური არსებები არიან, რომელიღაც ილუზორულ გარემოში. ზოგჯერ და უმეტესად, მონოლოგებს, დიალოგებსა თუ ცალკეულ ფრაზებს მკაფიოდ და ხაზგასმული „აგრესიით“, სიხშირით წარმოთქვამენ. ხმამაღლა, ერთად, ინდივიდუალურად, სინქრონში ან ასინქრონულად. კონტრაპუნქტულად და ორგანულად. მშვენივრად გათამაშებული სცენებია. თავისუფლად და ლაღად. მათი და მთლიანად სპექტაკლის საერთო და გამოკვეთილი ნიშანი სწორედ ეს - ასეთი - თავისუფლება და სილაღეა.
ზოგჯერ ტექსტს მუსიკა ფარავს, ზოგჯერ ტექსტი ფარავს ტექსტს, ზოგჯერ სიტყვები „იყლაპება“, ერთი და იგივე გაწელილ და სწრაფად მონაცვლე ტემო-რიტმზე აგებული ეპიზოდები (ცალ-ცალკე და ერთად) უსაშველოდ გრძელდება.
ავანსცენის და მოქმედების ძირითადი ადგილების მიღმა მსახიობები მუდმივად მიდი-მოდიან, დაეხეტებიან. როცა უნდათ და როცა „გაახსენდებათ“. ან ვთქვათ, სიგარეტის მოკიდება სჭირდებათ (ბევრს ეწევიან), ან ვთქვათ, ნამწვის ჩაქრობა /ჩაფერფლება, ან ვთქვათ, შემთხვევით აწეული მაისურის გასწორება, ან ჩექმის ყელის აწევა, ფორმალობას არ იცავენ. გვერდით კედლებთან, ან სცენის სიღრმეშიც სხედან და იქაც რაღაცაზე, უმოქმედოდ და „მიღმა“ საუბრობენ. დარბაზიდანაც გადიან, შემოდიან, გადიან. სვამენ - წყალს, ალბათ ყავასაც. შეიძლება, ალკოჰოლსაც. ამსხვრევენ ჭიქებს, ხმაურით უშვებენ სცენის ბოლს, რაღაცას წერენ თუ კაწრავენ კედელზე. მოკლედ, იქცევიან ისე, როგორც თეატრში, ან ყველაზე არაბანალურ სპექტაკლშიც არ იქცევიან ხოლმე. ვიღაც ერთი, თავისთვის და განყენებულად, ხშირად სერავს დარბაზს, გასასვლელისკენ და უკან ბრუნდება. ან მუსიკოსები იწყებენ გადაადგილებას და ასე, უწყვეტად და უსასრულოდ.
პერსონჟებს, რომლებიც რომელიღაც კონკრეტულ სცენაში ჩართული არ არიან და წუთშესვენება აქვთ, მაყურებლისთვის აღარ „სცალიათ“ და თავისთვის საუბრობენ. ზოგჯერ, საერთოდ აღარაფერი ხდება და მიტოვებული და მოქმედების გაგრძელების მომლოდინე მაყურებელიც სულს ითქვამს, თან მშვენივრად ხედავს (sic.), სცენის, ცენტრალურ მოქმედებას მიღმა მიმდინარე ცოცხალ, თუმცა, ჩუმ დიალოგებს, სცენის სიღრმეში და თუ ავანსცენაზე ან გვერდით კედლებთან.
მსახიობები აშკარად მანიპულირებენ. ზოგჯერ იყენებენ სახელდახელო და უმტკივნეულო იმპროვიზაციას და ზოგჯერ ოსტატურად ტყუიან, თვალთმაქცობენ, რომ იმპროვიზაციაა და შემთხვევითობა, შემთხვევითი წამოცდენა ან ჟესტი. თუმცა ჟესტიც შეიძლება თავისუფალი და ინსტინქტური იყოს, ფრაზაც და მონოლოგის ვრცელი მონაკვეთიც, ასევე შემთხვევითი, იმწამიერი ემოციით ნაკარნახევი და წარმოთქმული.
ეთამაშებიან და აღადავებენ (ბოდიში სლენგისთვის) ერთმანეთს და მათ, ვინც დარბაზში ზის. თუ ნაცნობ სახეს მოჰკრავენ თვალს, სამიზნე ის ხდება, ზოგადად კი, სამიზნეა ყველა, ვინც ესწრება სპექტაკლს და ვინც არ ესწრება. ან რომელიღაც სხვისი სპექტაკლის სცენებს ციტირებენ, არქეტიპებს ანგრევენ, ან ვიღაცის სახელს ახსენებენ და მათ გარშემო მითების შერყევის მიზანი აქვთ; დასცინიან და აშარჟებენ ყველას და ყველაფერს, გარეთ და შიგნით. უწყვეტ ნაკადად და სხვადასხვა სიმძლავრისა და ზომის ტალღებად.
მსახიობები თითქოს ერთობიან და ამ გართობა-გართობაში, თამაშ-თამაშში, მაყურებელზე ძალადობის, მისი დათრგუნვის, „ხელში აყვანისა“ და დატყვევების მცდელობაში, გარდასახვებისა და გადასხვაფერების უწყვეტ კასკადში მნიშვნელოვან და თანადროულ გზავნილებს გზავნიან.
ეკლექტურობა, გამართლებული და ხერხად ქცეული ეკლექტიზმი. ქაოსი, რომელიც სამყაროს ცხოვრების ქაოტურობას და ადამიანების შინაგან დისკომფორტს გამოხატავს. (რაც შემდეგ მაყურებელს უქმნის დისკომფორტს). უმცირესი დეტალების აქტიური ჩართულობითა და გათვალისწინებით, ზოგჯერ სრულიად „უადგილოდ“. ისეთი დეტალებისაც კი, როგორიცაა წელში გარჭობილი უზარმაზარი ბუტაფორული ჩანგალი ან ერთ-ერთი პერსონაჟის მაისური პირველი „ბერსერკებიდან“. (სპექტაკლი არ მინახავს, ფოტოებზე ვნახე).
ენერგიას თვითონაც უსაზღვროდ ხარჯავენ და მაყურებელსაც აცლიან. ენერგეტიკული ვამპირები, მოძალადეები, გამანაგდურებლები და თვითგამანადგურებლები. მაყურებელს თრგუნავენ, მაქსიმალურად. ერთადერთი, რითაც თითქმის არ „აწუხებენ“, მისი დიალოგში თუ მოქმედებაში ჩაბმაა, ერთი-ორი რეპლიკის გარდა. ცოტა ხნით ტოვებენ „როლებს“, ვითომ ნიღბებს იხსნიან, მაგრამ ესეც ახალი ნიღაბია. პირველის ქვეშ შეფარული. შემდეგ კიდევ სხვა ნიღაბია. შემდეგ - სხვა. ასე უსასრულოდ.
მათი მხრიდან, „ჩვეულებრივი“ ძალადობაა. თუმცა გამართლებული. დასაშვები. მხატვრულ ამოცანას ემსახურება და გავლენას ახდენს. სულ კულმინაციაა. სულ დაძაბულობა. სულ ვნებები. მცირე პაუზებს თუ არ ჩავთვლით.
დაძაბულობა არ ნელდება. არ ნელდება მოვლენების განვითარების, წყების თუ ტექსტის გაგებისა და მომდევნოს მიღების სურვილი და მოლოდინი. თუმცა, ძალადობის ასეთი ფორმისა და ყურადღებაზე, ემოციებზე გავლენის დაჟინებული მოხდენის მცდელობის სიაშკარავის მიუხედავად, მოვლენები, ამბები, პრობლემები არადრამატიზებულია. აქ არაა თეატრში ტრადიციადქცეული ემოციური განადგურებისკენ სწრაფვის არც ერთი ნიშანი.
რაღაც შემთხვევებში კავშირი წყდება და გადატვირთვაა საჭირო. აქაც აჭრილი და აჩეხილია დრო, მოვლენების თუ ამბების განვითარება და არსებობა. ბევრი რამ ყურიდან „გისხლტება“ და ბევრი თვალიდან, მეხსიერებიდან. მაგრამ ეს არაფერია. რაღაც შეიძლება ვერც გაიგონო და ვერც დაინახო, ვერც გაიგო. თუმცა, არის რაღაც, რაც არ უნდა გამოგრჩეს. თავსატეხიც ბევრია, რასაც ვერ შიფრავ. ზოგი კოდი არ იხსნება. ვერ ხვდები, რას ამბობენ „ამით“ მსახიობები და რეჟისორი, რაზე მიგვანიშნებენ და რას გვიმალავენ.
სპექტაკლის მსვლელობისა და მოვლენების განვითარების დროც, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, კონტრვერსიულია. არ მიჰყვება ჩვეულ დინებას, დარღვეულია. არათანაბარია. უწესრიგო. თავბრუდამხვევი. შემაწუხებელი.
უსასრულობის განცდას ბევრი ფაქტორი იწვევს. რეალური დროის უსასრულობა, შიდა დროის განურჩევლობა, პირობითობა, დამოკიდებულება. თუნდაც ის, რომ პრობლემები, რომლებზეც ქეთი ნიჟარაძე საუბრობს, დღესაც ისეთივე მწვავეა, როგორც 25 თუ მეტი წლის წინათ. თითქოს ეს დრო არ გასულა. არ იქცა წარსულად. თითქოს ყველაფერი დარღვეული, მოშლილია - დრო, საზღვრები, განზომილება, სივრცე. უფრო ზუსტად, სივრცის შეგრძნება, დროის შეგრძნებაც, რეალობის აღქმაც. რაღაცნაირი უწონადობის მდგომარეობაა. არა სიმყარის. ოღონდ, არა ამ მხრივ თავისუფლების. პირიქით. შებორკილობა თუ შებოჭილობაა. უხერხულობისა და მიუსაფრობის განცდა. არამყუდრო და არამშვიდი ატმოსფერო.
რაღაც ეტაპზე და ან ბოლომდე მაყურებელმა შეიძლება თავბრუსხვევაც იგრძნოს, ან იმედიანად ეგონოს, რომ უკვე დასასრულია. რომ შეიძლება ან შეისვენოს ან საერთოდ, უკვე სახლში წასვლის დროა. მაგრამ ეს შეგრძნება კიდევ დიდხანსაა ილუზია და თამაშის გაგრძელება. იქამდე, სანამ ყველაფერი მართლა არ დასრულდება, ოღონდ იქ და მაშინ, როდესაც აღარავინ ელოდება და არავინ ფიქრობს, რომ ეს ფინალია.
მხატვრული სივრცის ამგვარობისა და მხატვრული და უკიდურესად პირობითი სამყაროს თავისთავადი სისტემის პირობებში, ყალბი იმედებით არავინ გვავსებს, ცრუ ილუზიებით არ გვაჯადოებენ და არ გვხიბლავენ. არც სიკეთის არსებობასა და გამარჯვებაში გვარწმუნებენ.
ბოლოს, აპოკალიფსის ჟამიც დგება და სპექტაკლის ფორმაც ისევ იცვლება. სივრცეში ახალი ობიექტი შემოდის და მოქმედებაც შავი ქსოვილის (რომელსაც მაყურებელსაც აფარებენ) ქვეშ ინაცვლებს, და ჩამოწოლილ უკუნში, სანთლების შუქზე, რომანის ტექსტის პირდაპირ წიგნიდან კითხვის ეტაპი იწყება. პროცესში ახალი პერსონაჟიც ერთვება, მანამდე, თავისთვის მჯდომი და ახლა მოკარნახის „ორმოდან“ ამოსული სუფლიორი (რეჟისორის რეალური თანაშემწე შალვა დევდარიანი), რომელიც თემო რეხვიაშვილთან ერთად მორიგ, ახალ სადადგმო ხერხში გადაწყვეტილ ეტიუდს გაითამაშებს, ახალ სივრცეში, სხვა სიბრტყეზე კარის შესაღებად.
„ბერსერკები“ ისევ დიდხანს გვაბრუებენ და ბოლოს მარტივად გვაბრუნებენ რეალობაში. მაგიური რიტუალი დასრულებულია. იქვე არკვევენ ნამდვილ დროს, გვატყობინებენ, რომ ღამის 12 საათია, შინ წასვლისკენ მოგვიწოდებენ და გვემშვიდობებიან.
მათ, პირობითად, პროტოტიპ თუ მოსახელე - ბერსერკებს (როგორც ისტორია, მითი თუ ლეგენდა გვამცნობს) - ბრძოლის შესანიშნავი უნარი, დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, დაუნდობლები და მოძალადეები არიან და ტკივილის ატანაც შეუძლიათ. ტკივილის (როგორც ფიზიკურის, ისე მორალურის) გამძლეობა კი თანამედროვე სამყაროში სასურველი, აუცილებელად საჭირო უნარი და თვისებაა.
გიორგი ჯამბურიას „ბერსერკები. II. მზიანი მხარე“ ამისთვის კარგ პირობას ქმნის, თითქოს ამგვარი რეალობის ან განსაცდელისგან გადარჩენის გზებს მიუთითებს, თითქოს ხელს გიწვდის საყრდენად და სიბნელეში, უიმედობასა და მყარად გამჯდარ შიშებში მზის სხივების ნათებას აჩვენებს. ისიც უდავოა, რომ „ბერსერკები“ ნათების ახალი ნაკადია უახლეს ქართულ სინამდვილეში. ახალ ენაზე, ჭრილში და ფორმებში ამეტყველებული თეატრის ახალი განზომილება.
მსახიობებისა და მუსიკოსების ყურებითა და მოსმენით კი, უბრალოდ შეგიძლია დატკბე და აღიარო, რომ მათ შეუძლიათ სიახლეების, ახალი შემოქმედებითი აზროვნების მიღება და გათავისება. შეგიძლია დარწმუნდე, რა რთულ ბარიერებს რა იოლად, თავისუფლად და თამამად გადიან ისინი. როგორი მრავალფეროვანია, თუმცა, ძალიან სპეციფიკური მათი ახალი ენა, მეტყველებაც და მოძრაობაც. ეს ის სილაღე და თავისუფლებაა, რაზეცაა სპექტაკლი და რაც ასე სჭირდება ცხოვრებასაც და თეატრსაც.
და შენც, როგორც მაყურებელი, თავზეხელაღებული ბერსერკების გუნდის ნაწილად და მედიუმად ქცეული, ამდენი განსაცდელის, ტერორისა და ძალადობის მსხვერპლობის შემდეგ და შედეგად, ცეცხლში, წყალსა და თუნუქის მილებში გამოწრთობილი გამოდიხარ და ბევრად თავისუფლად გრძნობ თავს, ვიდრე სპექტაკლის ნახვამდე იყავი.