top of page

ზესტაფონის დრამატული თეატრი

ზესტაფონში თეატრალური წარმოდგენებისადმი ინტერესი სათავეს 1875 წლიდან იღებს. გაზეთი „დროება“ (1882 წელი, აგვისტო) იუწყება:  „სცენის მოყვარულებმა დაბა ყვირილას სასამართლოს დარბაზში ჩაატარეს ქართული სპექტაკლი / ა. თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?“.

1898 წლის გაზეთ „კვალში“ ვკითხულობთ:  „აქაურ სცენისმოყვარე ახალგაზრდობამ დაარსა ბ-ნ ალ. არაბიძის შენობაში სამუდამო თეატრი, რომელიც სუყველაფრით კარგადაა მოწყობილი, როგორც სცენით,  დეკორაციით და ფარდით, აგრეთვე საჯდომ ადგილებით და ბუფეტით“, ეს ფაქტი ცხადყოფს , რაოდენ  დიდი სიყვარული  ჰქონიათ ადგილობრივებს   თეატრალური ხელოვნების მიმართ.   

  

მე-20 საუკუნის დასაწყისში  ჩამოყალიბდა „ყვირილის თეატრის ამხანაგობა“, რომლის ძალისხმევითაც 1904 წლის მაისში „ამხანაგობის თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა

 

პ. უმიკაშვილის პიესით „სამზადისი“.  წარმოდგენებს მართავდნენ  თბილისიდან და ქუთაისიდან  მოწვეული დასებიც.  თეატრის შენობა გაანადგურა ალიხანოვ-ავარსკის რაზმმა 1906 წელს.  ამის შემდეგ თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა ადგილას იმართებოდა. მშობლიურ მხარეს  ხშირად სტუმრობდნენ გენიალური ხელოვანები  უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო ანთაძე. ისინი ადგილობრივ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ ზესტაფონის თეატრალური დასის სპექტაკლებში. ამ პერიოდში ნამდვილი ზეიმი იყო თეატრალურ დასსა  და მთელ ქალაქში.

 

ზეტაფონის სახელმწიფო თეატრი 1939 წელს დაარსდა. თეატრალური დასი რკინიგზელთა კლუბში მუშაობდა. პირველი წარმოდგენა იყო  ვ. გაბისკირიას „მათი ამბავი“ (რეჟისორი დ. ანთაძე).  1949 წელს  სახელმწიფო თეატრი უსახსრობის გამო  დაიხურა.  მსახიობებმა მუშაობა ცალკეულ დრამატულ წრეებში გააგრძელეს.

 

ზესტაფონის თეატრის ახლანდელი შენობა 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. პირველი სპექტაკლი  ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ იყო (რეჟისორი მ. ვაშაძე).  1964 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა.

 

1965 წლიდან თეატრში მოღვაწეობდა მსახიობი რენე აბესაძე (რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, უშანგი ჩხეიძის პრემიის ლაურეატი), რომლის ხელმძღვანელობითაც თეატრმა ბევრ წარმატებას  მიაღწია,

 

1984 წელს ზესტაფონის თეატრმა მონაწილეობა მიიღო მექსიკაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, სადაც წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის   „მე, ბებია ილიკო და ილარიონის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელიც დადგა ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ანზორ ქუთათელაძემ.

 

1986 წელს 1 აპრილს ზესტაფონის თეატრის სპექტაკლს რ. მამულაშვილის „გამოცდა“ (დამდგმელი რეჟისორი რენე აბესაძე, მხატვარი - ჯემალ კახნიაშვილი) მარჯანიშვილის თეატრში  ესწრებოდა მწერალი გრიგოლ აბაშიძე, რომელმაც აღნიშნა „უშანგის, შალვას, სერგოს ტრადიციებს სასახელოდ აგრძელებენ ზესტაფონში. როგორც ვხედავ, ზესტაფონის მიწას არ განელებია ის ძველი მადლი“.

 

1987 წელს ზესტაფონის თეატრის დასი  გაემგზავრა შვედეთში, ქალაქ ვესტეროსში , საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელზედაც წარადგინეს სპექტაკლი „მე , ბებია, ილიკო და ილარიონი“ დამდგმელი რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე. სპექტაკლის შესახებ ერთ-ერთ  შვედურ  გაზეთში ეწერა : „ეს ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, რომელიც კი  ფესტივალზე ვნახეთ. ტრადიციის ერთგულება, მშვენიერი მუსიკა, პლასტიკური სცენები და მსახიობთა მიმიკა შლის ენობრივ ბარიერს და ყველაფერს გასაგებს ხდის.“

 

1990 წელს ზესტაფონის  თეატრს აღუდგა სახელმწიფო თეატრის სტატუსი .  პირველი სპექტაკლი იყო - ო. ჩხეიძის „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, ანუ ამბავი სულით დავრდომილთა“ (რეჟისორი ლ. პაქსაშვილი).

 

ზესტაფონის თეატრმა , როგორც ჩვენმა ქვეყანამ , რთული გზა გაიარა 90-იან წლებში, თუმცა შემოქმედებითი პროცესი არ შეწყვეტილა, უმძიმეს პირობებში იდგმებოდა სპექტაკლები . ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან კი  ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა თეატრის ცხოვრებაში.

 

გაიზარდა და გამრავალფეროვნდა რეპერტუარი როგორც უცხოელი, ასევე თანამედროვე ქართული პესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებით. ეწყობა გასტროლები ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც. დასი მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში და წარმატებითაც. 2010 წელს სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ლორი-2010“ ზესტაფონის თეატრის დასმა ითამაშა ლაშა ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე და 7 ნომინაციაში გაიმარჯა“.  განსაკუთრებით აღსანიშნავია,   2016 წლის „პრემია დურუჯზე“ მიღებული პრიზი, რომელიც  მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის   გადაეცა მსახიობ გიორგი გლოველს (ვამპილოვის „იხვებზე ნადირობა“, ზილოვის როლი. რეჟისორი მამუკა ცერცვაძე)

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში არაერთი პრიზით  დაჯილდოვდნენ ჩვენი თეატრის მსახიობები ბადრი ტაბატაძე (ი. ხვიჩიას პრემიის ლაურეატი) , ნინო აბესაძე, გიორგი გლოველი, თემურ კიკნაველიძე, ნინიკო აბესაძე, ზურაბ აბესაძე.

 

2012 წლიდან დღემდე  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ქალბატონი ნინო ლიპარტიანი - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დირექტორი კი ქალბატონი თეა მაღლაკელიძე .

bottom of page