top of page

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

17841740_1326331904122011_1015133824_n.j

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს 


გიორგი ყაჯრიშვილი

დრამატული ნაწარმოებში -  ნადეჟდა პტუშკინას პიესის ინსცენირება (ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი) „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ ამბავი ძალიან ბანალურია და სიმართლე უნდა ითქვას ბევრი სხვადასხვა ნაწარმოების გავლენას განიცდის - თუნდაც ე. რიაზანოვის „ბედის ირონიას, ანუ გაამოთ“. ჟანრობრივი თვალსაზრისით იგი „ცრემლიან,  სენტიმენტალურ“ კომედიად შეიძლება ჩაითვალოს. მისამართების დამთხვევის, სიბნელისა და უშუქობის  გამო ირაკლი (მ. მუმლაძე) გაუთხოვარ თინას (ქ. ლორთქიფანიძე) სახლში აღმოჩნდება და იწყება თინას გაუთავებელი ტყუილების სერია - ძველი ნაცნობობა, ყოფილი შეყვარებული, საერთო შვილი, რომელიც არ არსებობს და აშ და აშ. იმისათვის, რომ მომაკვდავ-სავარძელმიჯაჭვულ დედას (თიკო კორძაძე), რომელიც სპექტაკლის ბოლოს ფეხზეც კი წამოდგება(!) ასიამოვნოს. პიესაშიც და შესაბამისად სპექტაკლში (თუმცა ალბათ სასცენო ვერსიაში ამის გასწორება შესაძლებელი იყო) საკმაოდ  არამოტივირებული, ლოგიკას მოკლებული და ჩვენთვის გაურკვეველი ქმედებები: - რატომ უყვარდება ასე უეცრად ირაკლის თინა, თავისზე გაცილებით უფროსი, რომელსაც  დეიდას თინას ეძახის, რატომაა დედა დასაწყისში სრულიად დავრდომილი და ჭირვეული, უეცრად კვირცხლი  და ენერგიით აღსავსე, რატომ აჰყვება ირაკლი „მატყუარ“ თინას და რატომ ბრუნდება ისევ ამ სახლში ბევრჯერ გაგდებული? ამიტომ ეს ისტორია უფრო გამოგონილს გავს, ვიდრე ცხოვრებისეულს. მსახიობები ცდილობენ ამ ამბავს სცენური სიმართლე შესძინონ, მაგრამ იშვიათად თუ აღწევენ მიზანს. ზემოთ დასახელებულმა პიესის ხარვეზებმა დაამძიმეს წარმოდგენა, ირღვევა სცენებსა და მიზანსცენებს შორის გადასვლის ლოგიკა, მოგონილი და „შეთხზული“ ისტორიები არაბუნებრივ და არათანმიმდევრულ შთაბეჭდილებას ქმნის. მიუხედავა ამის, სპექტაკლში მაინც გამოიკვეთა ძირითადი - მარტოდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალის ერთფეროვანი არსებობა „სამსახური, აფთიაქი, სახლი, სამსახური ...“, ქალის,  რომელმაც თავისი ცხოვრება მოხუც დედას მიუძღვნა (თუმცა რაც თვალში საცემია, ამ ორ ქალბატონს შორის ასაკობრი სხვაობა თითქმის არ შეიგრძნობა). ავთანდილ მოდებაძის სცენოგრაფია ნეიტრალურ-ყოფითია, თუმცა თინას უცნაური ბაფთი და სადღესასწაულო კაბა ბრილიანტის კოლიეთი ამოვარდნილია ამ ყოფითობიდან. ყოველივე ეს ნათქვამი კრიტიკოსის მიერ გამოთქმული სუბიექტური აზრია, რასაც დარწმუნებული ვარ არ გაიზიარებდა დღევანდელი მაყურებელი, რომელმაც ძალიან დიდი ემოციით, ჟრიამულითა და აღტაცებით მიიღო წარმოდგენა და ბევრიც იხალისა. 

bottom of page