top of page

ზვავი - მეტაფორების ქვეშ მოყოლილი სპექტაკლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

B827D8C1-EDCB-490F-A670-82C5FFE44B2B.png

ნუცა კობაიძე

ზვავი - მეტაფორების ქვეშ მოყოლილი სპექტაკლი

 

თუნჯერ ჯუჯენოღლუს ნაწარმოების მიხედვით

(დრამა ერთ მოქმედებად)

რეჟისორი – თორნიკე სულაბერიძე

სცენოგრაფი – ლელა ფერაძე

კოსტიუმების მხატვარი - ნანა ყორანაშვილი

მონაწილეობენ: ლექსო ჩემია - ყმაწვილი; ქრისტინე ჩხიკვაძე - ორსული გოგონა (ყმაწვილის ცოლი); ანდრია ვაჭრიძე - კაცი (ყმაწვილის მამა); ანი ხუბუტია - ქალი (ყმაწვილის დედა); მამუკა ხმალაძე - ბერიკაცი (ყმაწვილის ბაბუა); მანანა ბერიძე - დედაბერი (ყმაწვილის ბებია); ცირა ტაბატაძე - ბებიაქალი; ლაშა ბუტულაშვილი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; იური სუდაძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

ქართველ რეჟისორებს, როგორც აღმოჩნდა, უყვართ თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავი“, რისი თქმის უფლებასაც მაძლევს სხვადასხვა თეატრის არაერთი დადგმა. თუმცა, ჩემთვის გაურკვეველია, რამ განაპირობა ამხელა ინტერესი. შესაძლოა, მიზეზი პიესის ზოგადი თემატიკაა - კოლექტიური დანაშაული და დუმილი, რომელშიც, ეტყობა, რაღაც ქართულ ამბავს ხედავენ.

თორნიკე სულაბერიძის მიერ მესხეთის თეატრში დადგმული „ზვავი“ მაყურებელს სიმბოლოებით გადატვირთულ სამყაროში აქცევს - სამყაროში, რომელიც ემბრიონის სივრცეს მოგვაგონებს და სადაც რეალობა, მეტაფორა და ალეგორია ერთმანეთში ირევა. რეჟისორის ჩანაფიქრი სიცოცხლის წარმოშობის, დანაშაულის, შიშის და დუმილის თემებზე მსჯელობაა, რაც ხშირად სიმბოლოებში და ფორმალურ გადაწყვეტებში იკარგება, ისე რომ საბოლოოდ სცენები უხერხულ ექსპრესიულ ქაოსად იქცევა.

ჭერში ჩამოკიდებული ფეხსაცმელები, თუნუქის ქილებზე კოვზების ბრახუნი, ცოლ-ქმრის დიალოგი ასანთზე გაბმული ძაფის მეშვეობით, წვერის საპარსი სამართებლით გაწყვეტილი კომუნიკაცია, სისხლძარღვებიანი კოსტიუმები, მჟავე კიტრი - როგორც ორსულობის ინდიკატორი... ზოგი გადაწყვეტა მართლაც რომ საინტერესოა, თუმცა უხვი მეტაფორა საბოლოოდ ან აზარტში აგდებს ან აბნევს მაყურებელს და ვეღარ ხვდება რისი თქმა სურს სპექტაკლს.

ჭერში ჩამოკიდებული ფეხსაცმელები ალბათ იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ხმაურიანი სიარული გამოიწვევს ზვავს, ამიტომაც უსაფრთხოებისთვის მათი ფუნქცია დეკორაციული ხდება. მაგრამ, თუ რეჟისორის ინტერპრეტაცია სწორად ამოვხსენი, მიჩნდება სხვა კითხვა - ჭამის დროს რატომ აბრახუნებენ პერსონაჟები კოვზებს თუნუქის ქილაზე, თან ეს სცენა გრძელდება საკმაოდ დიდხანს;  უცნაური არჩევანია ისიც, რომ ქალი სამშობიარო ტკივილებით გამოწვეულ ყვირილს სათლში „ახშობს“, მაშინ როცა მეტალის სათლი კიდევ უფრო აძლიერებს ხმას.

კარგი მიგნებაა კომუნიკაციის სიმბოლოდ გამოყენებული ასანთის ყუთზე გაბმული ძაფი, რომელიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გადასცემს ერთმანეთის ხმის ვიბრაციას. ეს პატარა მექანიზმი ერთდროულად გვაჩვენებს შიშს და ურთიერთობის შენარჩუნების სურვილს.  ამ დროს ბერიკაცი (მამუკა ხმალაძე) მშვიდად ემზადება წვერის გასაპარსად - ფუნჯით ჯამში ურევს ქაფს, ეს მისი ყოველდღიური რუტინაა, პარალელურად მისი ვაჟი (ანდრია ვაჭრიძე) სამართებელს ლესავს იმავე ძაფზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარს შორის კავშირის სიმბოლოდ გვევლინებოდა - და  წყდება ძაფი, რაც უკვე თვალსაჩინო მეტაფორაა -გაწყდა კომუნიკაციის წყარო.

მხატვრობა (ლელა ფერაძე) პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მთელი მოქმედება ვითარდება ფეხმძიმე ქალის მუცელში. წითლად ჩაბნელებული ოვალური დეკორაცია, თითქოს ემბრიონის სივრცეა - მომავლის შიშით სავსე. ეს შეიძლება ერთდროულად აღქმული იყოს, როგორც სიცოცხლის საწყისი წერტილი და იმავე სიცოცხლის პათოლოგიური შიში. იდეის დონეზე ეს ხატოვანი გადაწყვეტა მეტაფორულად საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკულ შესრულებაში - სცენოგრაფიულად - ვერ ატარებს იმ სიმძაფრეს, რასაც თავად სიმბოლო მოითხოვს. მუცელი, როგორც სამყარო, უნდა გახდეს გარემო, რომელიც მაყურებელსაც მოიცავს - და არა მხოლოდ ფორმალური დეკორაცია. პერსონაჟების კოსტიუმებზე გამოსახული სისხლძარღვები გვაძლევს ერთგვარ მინიშნებას - თითქოს გმირები ფეხმძიმე ქალის მუცელში მყოფი ემბრიონები არიან. ზოგჯერ ისე მოძრაობენ სპერმატოზოიდის ასოციაციასაც ქმნიან. იდეის დონეზე, ეს გადაწყვეტა ქმნის ვიზუალურ ერთიანობას დეკორაციასა და ქმედებას შორის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მაყურებელი მზადაა ასეთი სიმბოლო „ამოიცნოს“.

წამგებიანი ჩანაფიქრია გმირების ჩურჩული. მსახიობებს შეუძლიათ, ხმამაღალ საუბარშიც გვაგრძნობინონ ჩურჩულის ინტონაცია. მაყურებელს ყურის დაძაბვა არ უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, რომ ტექსტი გაიგოს. აქვე ვიტყვი, რომ რეპლიკა უნდა იყოს რეაქცია პარტნიორის სიტყვაზე და არა უბრალოდ წინასწარ დაზეპირებული წინადადება.

რეჟისორი აშკარად ცდილობს მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას, როცა ეროტიკული სცენები შემოაქვს სპექტაკლში: ქალი (ანი ხუბუტია) უარს ეუბნება ქმარს სექსზე („მოწყდება ზვავი, ასეა წესი“), მამაკაცი იღებს თუნუქის ქილას, ადებს მუცელზე და ენით ლოკავს. შემდეგ ბებიაქალი, ორსულს ინტიმურ კითხვებს უსვამს და თანდათან საკუთარ სხეულს ეფერება. ბებიაქალი, ორგაზმის შემდეგ, „იმავე ხელით“ პირჯვარს იწერს და ამბობს: „ღმერთი დიდია, ადამიანს არ გაწირავს“. თითქოს ყველაფერი ერთმანეთზე მორგებული უნდა იყოს — ინტიმი, შიში, რწმენა, მკრეხელობა, მაგრამ საბოლოოდ ეს მიზანსცენები სცდება ჩაფიქრებულ სიმბოლურ საზღვრებს და ვერ აღწევს იმ სიღრმეს, რაც, ალბათ, რეჟისორის ჰქონდა განზრახული.

და მაინც, როგორ იღებს ბრმა ბებიაქალი (ცირა ტაბატაძე) პარტერში ფოტოებს? ვეცადე სპექტაკლიდან გამომდინარე გამეშიფრა ეს მიზანსცენა, მაგრამ ვერ შევძელი. ამ დროს პარტერიდან სცენაზე ადიან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ლაშა ბუტულაშვილი) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (იური სუდაძე). მესაფლავეებივით  ნიჩბებით შეიარაღებულები ორსულის სანახავად მიდიან. მათ უნდა გადაწყვიტონ ცოცხლად დაიმარხება თუ გადარჩება გოგონა. აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია - ერთ-ერთი მათგანი თოკზე დაკიდებულ მჟავე კიტრს ისე აქნევს, როგორც მამაო საკმეველს, ფინიასავით ოთხზე დამდგარი მშობიარე კი ცდილობს მის ჩაკბეჩას. ცოტა გაურკვეველი სცენაა: თუ მჟავე კიტრი, როგორც ორსულობის ამოცნობის ერთ-ერთი ინდიკატორი ისე შემოაქვთ - გასაგებია, მაგრამ საინტერესოა რაში უნდა დახმარებოდა ეს ქმედება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 9 თვის ორსულთან, რომელმაც წუთი-წუთზე უნდა იმშობიაროს...

ჭერიდან იატაკზე იღვრება წყალი. ქალი მშობიარობს. მისი ქმარი იცვამს ჩექმებს და სცენის იატაკზე მთელი ძალით აბრახუნებს, თან ყვირის: „მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!“ თითქოს სიყვარულით შეიძლება ზვავის შეჩერება ან დრამატული კულმინაციის გადარჩენა. სცენა, რომელიც ემოციური უნდა ყოფილიყო, გახდა ძალიან ბანალური.

მიუხედავად არაერთი კრიტიკული შენიშვნისა, უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორმა გარისკა და სრულიად განსხვავებული ფორმით დადგა თუნჯერ ჯუჯენოღლუს „ზვავი“. სპექტაკლში იყო საინტერესო მეტაფორები, ექსპერიმენტული მიდგომები და სიმბოლოები - რაც მიუთითებს ძიების პროცესზე, ყველა ახალბედა რეჟისორი რომ გადის.

bottom of page