
რეგიონ ული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი 2025
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი 2025
2025 წლის 31 ივლისს დასრულდა რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გამორჩეული იყო შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებსა და გუნდის წევრებს საშუალება ჰქონდათ 12 სპექტაკლის ხილვის. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა იმით, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებსა და თეატროლოგებს.
რეგიონული თეატრების ფესტივალმა მე, როგორც ახალგაზრდა თეატრმცოდნეს, და თეატროლოგიის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს — მარიამ ბალახაძესა და თათა გავაშელს — პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. თუ სხვა ქართულ ფესტივალებზე მხოლოდ ბლოგერის ან ჟიურის წევრის როლში ვყოფილვარ, აქ სამმაგი გამოცდილება მივიღე: ვლოგერის როლიც შევითავსე და ჩემს მომავალ კოლეგებთან ერთად შევქმენი ფესტივალის დღიურები როგორც წერილობით, ისე ვიდეობლოგების სახით, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე.
ფესტივალის პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი რეჟისორები. მაგალითად, 25 ივლისს პროგრამა გაიხსნა გიორგი კაშიას ზუგდიდის თეატრში დადგმული სპექტაკლით „ბილეთი უკანასკნელ წარმოდგენისთვის“, რომელიც სენაკის თეატრის სცენაზე ვიხილეთ. სპექტაკლი ეფუძნება შალვა დადიანის პიესას „გუშინდელნი“. გაუგებარი დარჩა, რა კავშირი ჰქონდა დადიანის დრამას ამ სპექტაკლთან — მხოლოდ რამდენიმე მსახიობი ატარებდა „გუშინდელნის“ პერსონაჟთა სახელს, მაგალითად, ადიკოს განასახიერებდა გიგა აბულაძე, ხოლო ფაციას — ანა ბერელაშვილი. ისინი და სცენაზე მყოფი მსახიობების უმეტესობა თეატრის მსახიობებს განასახიერებდნენ. ფაცია აბიტურიენტია, რომელიც თბილისში სამსახიობოზე ვერ აბარებს. ფაციასა და ადიკოს ურთიერთობის ხაზი ორიგინალთან შედარებით განსხვავებულია და არ ჩანს, რომ მათი კავშირის დასასრული ტრაგიკულია. ასევე, თუ რეჟისორმა უცხოელის ნაცვლად ინვესტორი შემოიყვანა, გაუგებარია, რატომ არ „მიათხოვა“ მას ფაცია. უცნაურია ისიც, რომ რეჟისორის პერსონაჟს (დათო ჩოგოვაძე) თითქოს გრძნობები აქვს ამ ახალგაზრდა გოგოს მიმართ. კლასიკური ნაწარმოების ინტერპრეტაციას ყოველთვის მივესალმები, სასიხარულოა, როცა რეჟისორი მაყურებელს აგრძნობინებს პიესის თანამედროვეობას და საკუთარ ხედვას. ამ შემთხვევაში კი, რეჟისორმა არა მხოლოდ პიესის ჩონჩხი აიღო, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი — მაგალითად, ხერხემალი და მხოლოდ ამ ძვლებს შეასხა ხორცი. წარმოგიდგენიათ ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც მხოლოდ ხერხემალი აქვს? ზუსტად ასეა, როცა რეჟისორი წყდება ავტორის ჩანაფიქრს.
მიხეილ თუმანიშვილი წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ წერს: „სამწუხაროდ, ხშირად რეჟისორებს არასწორად ესმით ავტორის ჩანაფიქრი, ზოგჯერ კი ანგარიშს არ უწევენ მას. კომენტარი, ფაქტობრივად, სწყდება საკომენტატორო ობიექტს. ასეთ შემთხვევაში სპექტაკლის გადაწყვეტა მაყურებლისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება, რადგან იგი შეცდომაში შეჰყავთ“[1]. გასაგებია, რა იდეები წამოსწია რეჟისორმა (ძველი და ახალი თეატრის დაპირისპირება, თეატრის მუშაკთა პრობლემები, კაპიტალიზმის მავნებლობა, ფარისევლობა და ა.შ.), მაგრამ კვლავაც გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ თემებს პიესასთან „გუშინდელნი“.
აღნიშნულ წარმოდგენაში რეჟისორი მიმართავს ირონიასა და თვითირონიას. მაგალითად, სპექტაკლის დასაწყისში გამოჩნდა კუბო, რამაც ჩემში ბუნებრივი კითხვა გააჩინა — რატომ უნდა ფიგურირებდეს კუბო კაშიას ყველა სპექტაკლში? სპექტაკლის შუა ნაწილში კი სწორედ კუბოსა და სხვა აკვიატებულ მხატვრულ ხერხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა თავისებური თვითდაცინვა და გაჟღერდა დაახლოებით ასეთი ფრაზა: „რა ტვინი წაიღო ამ კუბოებით“. კარგია, რომ რეჟისორი აცნობიერებს, სად იმეორებს საკუთარ თავს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, მას აქვს მზაობა კუბოების არათუ გამოტანის, არამედ „დამარხვისაც“. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს გიორგი კაშია მომავალ სპექტაკლებში.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და დმანისის თეატრის კოპროდუქციის ფარგლებში გიორგი სიხარულიძემ და თინათინ კორძაძემ დადგეს ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე დმანისის თეატრის ახალგაზრდა მსახიობების ნაწილი.
ხულოს თეატრი ფესტივალზე წარდგა ლაკონური და გულისამაჩუყებელი სპექტაკლით „სახლი ღრუბლებში“, რომლის რეჟისორია ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძე.
ფესტივალის სახელწოდებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იგი მასპინძლობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ხელოვანებსაც. წელს ფესტივალის პროგრამაში 3,5 საზღვარგარეთული სპექტაკლი ვიხილეთ. ეს ციფრი არ გეჩვენებათ, რადგან ერთ-ერთი წარმოდგენა ნახევრად ქართული იყო — კერძოდ, ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დრამატული თეატრის ევრიპიდეს „მედეას“ ინტერპრეტაცია, რომელიც დადგა ქართველმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა, ხოლო მუსიკალური კომპოზიციები შექმნა გიორგი ხოსიტაშვილმა. მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები კი ლიეტუველები იყვნენ. თუ დაგაინტერესებთ ქართველი რეჟისორის სპექტაკლის ანალიზი, შეგიძლიათ ამავე საიტზე გაეცნოთ ჩემს სტატიას .
ასევე, ფესტივალის პროგრამაში შედიოდა ქართულ თეატრალურ წრეებში კარგად ცნობილი ქალი რეჟისორის — ანტონელა კორნიჩის დოკუმენტური სპექტაკლი „ციფრები“, რომელიც დადგა რუმინეთის თეატრში „ტუდორ ვიანუ“. ანტონელა არაერთი ქართული საერთაშორისო ფესტივალის — სიღნაღის, ნოდარ დუმბაძისა და Sitfy Georgia-ს ჟიურის წევრი იყო. სასიხარულო იყო მისი განსხვავებული რაკურსით ხილვა, თანაც საქართველოში.
ფესტივალის მეორე ნახევარი ფოთის თეატრში ჩატარდა, სადაც ვიხილეთ როგორც აზიური, ისე ევროპული სპექტაკლები. ირანულმა თეატრალურმა ჯგუფმა „ამიტისი“ წარადგინა სპექტაკლი „დაბნეულობა“, რომლის რეჟისორია მოჰამედ ამინ სადი. წარმოდგენაში გამოყენებული იყო სხვადასხვა სასცენო ფორმა, მათ შორის ნატიფად შესრულებული ჩრდილების თეატრის ელემენტები, რამაც ნებისმიერი ტიპის მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
საფრანგეთის „ტელე ოკუს-ფოკუსის“ არავერბალური მონოსპექტაკლი „უარესობისთვის და სიცილისთვის“, რომელიც დადგა მსახიობმა და რეჟისორმა აურელია იმბერტიმ, გამოირჩეოდა ინტერაქციულობით. სპექტაკლი ეხებოდა ქორწინების ინსტიტუტის თემას და წარუმატებელი ქორწინების შედეგებს. ფინალურ ნაწილში მსახიობი მაყურებელთან კომუნიკაციას ამყარებს და პარტერიდან სცენაზე ეპატიჟება მას, რომელიც მესამე ქმრად იქცევა. აურელიას რჩეული ქართველი მსახიობი ჯანო იზორია აღმოჩნდა, რომელმაც ბუნებრივად გაითავისა საქმროს-ქმრის როლი და ფრანგ მსახიობთან ერთად სახალისო ტანდემი შექმნა, რამაც დადებითი ემოციები გამოიწვია დარბაზში.
ფესტივალს არაერთი ახალგაზრდა რეჟისორი ესწრებოდა. სასიხარულოა, რომ ისინი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც დგამენ სპექტაკლებს, რაც სრულიად ახალ გამოცდილებას აძლევს მათ, რადგან დედაქალაქისა და რეგიონის მაყურებელს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. შესაბამისად, მათ ადგილობრივი პრობლემები სკრუპულოზურად უნდა შეისწავლონ, რათა დააინტერესონ ამა თუ იმ რეგიონის მაყურებელი.
ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა გორის თეატრში დადგა პოლონელი დრამატურგის, ანკა ვისდეის პიესა „მუდამ ერთად“. დრამატურგიული ნამუშევრისა და სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკური არეულობის გავლენა ოჯახის წევრების ურთიერთობაზე. ნაომარი გორელი მაყურებლისთვის კი განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, ამიტომ ამ პიესაზე არჩევანის შეჩერება ლოგიკურია.
ახალგაზრდა რეჟისორებს შორის ქალი ხელოვანიც მონაწილეობდა — სალომე ჯიჯავაძე, რომელმაც ბათუმის თეატრის მსახიობებთან ერთად წარმოადგინა „სამი ასული“, რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.
ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი იყო თემო დვალი, რომლის რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლი „ვახშამი ექვსისთვის“ ფოთის თეატრის სცენაზე ვიხილეთ. მართალია, მას შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ მის დადგმაში იგრძნობოდა პროფესიული მზაობა და მსახიობებთან, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებთან მუშაობის შესანიშნავი უნარი. თუ აღნიშნული სპექტაკლის ანალიზი დაგაინტერესებთ, ამავე საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას „ვინ ვისი საყვარელია?“
წლევანდელი ფესტივალის ბოლო სპექტაკლი ფოთის თეატრში იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, საბა ასლამაზიშვილის დადგმა — „ანას მომენტი“, რომელიც ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილმა რეჟისორმა მარი ბექაურის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა. მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით, ეს ასლამაზიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული დადგმაა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სპეციალური პროექტი — „კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის“. ოთხმა ახალგაზრდა რეჟისორმა — ევა გვრიტიშვილმა, ტარიელ კუბლაშვილმა, ნინა კალატოზმა და გიორგი ჭანტურიამ წარმოადგინეს სამომავლო პროექტების პრეზენტაცია.
შვიდმა ჟიურის წევრმა — ნინელი ჭანკვეტაძემ, თენგიზ ხუხიამ, ვახტანგ ნიკოლავამ, საბა ასლამაზიშვილმა, მარიამ ბალახაძემ, თათა გავაშელმა და მე, ანასტასია ჩერნეცოვამ — ვიხილეთ ოთხივე კონკურსანტის პრეზენტაცია სასტუმრო „ანდამატში“. თითოეული მონაწილის პრეზენტაცია საინტერესო იყო, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ევა გვრიტიშვილის პრეზენტაციამ, რომელიც სლავომირ მროჟეკის პიესის სცენურ ინტერპრეტაციას ეხებოდა. კონკურსანტი ჩამოყალიბებულად და თავდაჯერებულად წარსდგა ჟიურის წინაშე. მისი ნამუშევარი როგორც შინაარსობრივი, ისე ვიზუალური თვალსაზრისით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ნებისმიერ კითხვაზე სრულყოფილად პასუხობდა, რის გამოც ჟიურიმ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო გამარჯვებულის არჩევისას.
ასევე, ჟიურის ყურადღება მიიპყრო ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტის, ტარიელ კუბლაშვილის პროექტმა, რომელიც ეხება თამაზ ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“.
საკონკურსო ბიუჯეტის გაზრდის გამო, გამარჯვება მოიპოვა როგორც ევა გვრიტიშვილმა, ისე ტარიელ კუბლაშვილმა. დანარჩენ ორ კონკურსანტს კი ფესტივალმა გამოუცხადა მხარდაჭერა სამომავლო პროექტებისთვის. შესაბამისად, მომავალ წელს დიდი ალბათობით ოთხივე კონკურსანტის სპექტაკლს ვიხილავთ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, რაც ძალზე სასიხარულოა, რადგან ახალგაზრდული სისხლი მეტ სიხალასეს შესძენს ფესტივალს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ახალგაზრდა მონაწილეებს ჰქონდათ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ვორქშოპები: ქორეოგრაფიაში — თიკო ქოიავა, მეტყველებაში — მანანა ბერიკაშვილი, ხოლო თეორიულ მასტერკლასებს ატარებდა კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე და თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი.
ფესტივალში ახალგაზრდული „სისხლის გადასხმა“ უკვე წელს დაიწყო — როგორც ახალბედა რეჟისორების კონკურსით, ასევე ახალგაზრდა კრიტიკოსებისა და მსახიობების ჩართულობით. ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე და ქორეოგრაფი თიკო ქოიავა კურსდამთავრებულებთან, სტუდენტებთან და სენაკის თეატრის სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მუშაობდნენ უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ ნაწყვეტებზე, ხოლო დახურვის დღეს წარმოგვიდგინეს მინიატურული სპექტაკლი. წარმოდგენა გაიმართა სასტუმრო „ანდამატის“ ექსტერიერში, რომელიც ბუნებრივად შეესაბამებოდა პიესის მოქმედების ადგილს. წარმოდგენის თითოეულ კომპონენტში იგრძნობოდა, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალზე ფაქიზად იმუშავა დადგმის ყველა დეტალზე.
ფესტივალის აღნიშნული წარმოდგენით დახურვა საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ახალი სისხლით გაჯერებული ფესტივალი სიახლეებითა და დადებით ნოტაზე უნდა დასრულებულიყო.
საბოლოო ჯამში, 2025 წლის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ახლებური რაკურსით წარსდგა ქართულ თეატრალურ საფესტივალო რუკაზე, რადგან ბევრ ახალგაზრდა ხელოვანს მიეცა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ რომ ამ და სხვა ნაყოფიერ ფესტივალებს ფინანსური თვალსაზრისით მეტ შესაძლებლობას მისცემენ.
[1] თუმანიშვილი მ., სანამ რეპეტიცია დაიწყება, კენტავრი, 2008 წ., გვ 31.